ქართველმა მოსწავლეებმა კიევში საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებას მიაღწიეს

კიევში ევროპის გოგონათა მათემატიკის მერვე საერთაშორისო ოლიმპიადა დასრულდა, რომელშიც ევროპის 36, ჯამში კი, მსოფლიოს 49 ქვეყანა (მათ შორის აშშ, იაპონია, ბრაზილია, ავსტრალია და სხვ.) მონაწილეობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული, საუკეთესო შედეგი დააფიქსირა: 1 ოქრო, 2 ვერცხლის მედალი და 1 საპატიო სიგელი.

მათი ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში ევროპის ქვეყნებს შორის მე-8, ხოლო საერთო ჩათვლაში მე-11 ადგილზე გავიდა.

ანა ონოფრიშვილმა ოქროს მედალი, თამარ კორკოტაშვილმა ვერცხლის მედალი, მარიამ ივარდავამ ვერცხლის მედალი, ხოლო ქეთი სულამანიძემ საპატიო სიგელი მოიპოვეს. საპატიო სიგელის მფლობელი გახდა ასევე ანა მარია მექერიშვილი, რომელიც ჰოლანდიის გუნდის სახელით მონაწილეობდა.

„ევროპის გოგონათა მათემატიკის მე-10 ოლიმპიადა 2021 წელს საქართველოში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება. უნივერსიტეტის რექტორატის ინიციატივას - უმასპინძლონ ამ უდიდეს ფორუმს, ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში, ასეთი დონის და მასშტაბის მათემატიკური ფორუმი (ოლიმპიადა, შეჯიბრი) ჩვენთან აქამდე არ გამართულა.

ნაკრები გუნდის ოლიმპიადაზე მონაწილეობა დაფინანსებულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ "საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების" ქვეპროგრამის ფარგლებში,” - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა