შრიფტების კონკურსი „ქართული - ა“ იწყება

შრიფტების კონკურსი - „ქართული - ა“ მეორედ ჩატარდება. პროექტი, რომელიც “თიბისი” ბანკისა და დიზაინერ ზვიად ციკოლიას ინიციატივით ხორციელდება, მიზნად ისახავს ქართული დამწერლობის ადაპტირებას თანამედროვე სამყაროსთან, მის გავრცელებასა და პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, კონკურსის ფარგლებში მონაწილეები ახალ ქართულ შრიფტებს შეიმუშავებენ, რომელთა შორის საუკეთესოები გაციფრულდება და ფონტების სახით მოხმარებაში დაინერგება.

კონკურსზე რეგისტრაცია 1 მაისიდან დაიწყება და 15 ივლისამდე გაგრძელდება. დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეეძლება ვებ-გვერდზე - Georgiana.ge.

გამარჯვებულებს კონკურსის ჟიურის წევრები შემდეგ ნომინაციებში გამოავლენენ: ლაკონური - ა (ლაკონური, ადვილად კითხვადი შრიფტი ), აკადემიური - ა (კლასიკური, აკადემიური შრიფტი), მხატვრული - ა (მხატვრული შრიფტი), გაკრული - ა (გაკრული ან ხელნაწერი, ციფრულად კონვერტირებული შრიფტი), ფუტურისტული - ა (ქართული დამწერლობის კონცეპტუალური განვითარება, ქართული შრიფტის ახლებური, ინოვაციური ხედვა), ტექნიკური - ა (ტექნიკური შრიფტი ტექნიკური პროგრამების მიმართულებით გამოსაყენებლად), ადაპტირებული - ა (ხშირად გამოყენებადი ლათინური შრიფტის ქართული ვერსია), რეგულარული ა.

მათივე ინფორმაციით, კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ კონკურსანტს ერთ კატეგორიაში მხოლოდ ერთი შრიფტის წარდგენა შეუძლია, თუმცა მათ შესაძლებლობა ექნებათ, ნამუშევრები სხვადასხვა კატეგორიაში დაარეგისტრირონ. მონაწილეებმა შრიფტების სახით ქართული ანბანის 33-ვე ასო უნდა წარადგინონ.

„გამარჯვებულები სექტემბერში გამოვლინდებიან და მათ ფულადი პრიზები გადაეცემათ. კერძოდ პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი 2000 ლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული კი - 1000 ლარით.

კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე - Georgiana.ge.

„ქართული - ა“ ერთადერთი პროექტი არ არის, რომელიც "თიბისი ბანკის" ინიციატივით, პროექტ #წერექართულად ფარგლებში ხორციელდება. მაიკროსოფთთან ერთად უკვე ერთი წელია მიმდინარეობს პროექტი „ქართულად“, რომელიც კომპიუტერულ პროგრამებში ქართული ენის ინტეგრირებას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, "თიბისის" მხარდაჭერით გაციფრულდა ყველაზე დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი.

#წერექართულად ეგიდით მიმდინარე თითოეული პროექტი უნიკალურია, მაგრამ მათ საერთო მიზანი აერთიანებთ - დავიცვათ და განვავითაროთ ქართული დამწერლობა და ენა, როგორც ეროვნული ფასეულობა, მოხდეს ქართული ენის პოპულარიზაცია ყოველდღიურ გამოყენებაში და გათავისუფლდეს ის ბარბარიზმებისგან“, - ნათქვამია „თიბისი ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა