გიორგი მშვენიერაძე ფიქრობს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა კრიტიკული იქნება

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე ფიქრობს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებს აწესებს, კრიტიკული იქნება.

მისივე თქმით, დღევანდელი განხილვით უმრავლესობამ პოლიტიკურ ოპონენტებთან თავი დაიზღვია.

„არის რამდენიმე პრინციპული საკითხი, რაზეც ვერც ერთი თავმოყვარე იურისტი ვერ დაწერს სხვა რამეს. ეს არის ინტერესთა კონფლიქტი, ეს არის ე.წ. გამოცდის იმ სახით არსებობა, რასაც ხელისუფლება გვთავაზობდა და რაც ჩემი აზრით არის ბარიერი სასამართლოს მიღმა არსებული ადამიანებისთვის და არა მათი კვალიფიკაციის შესამოწმებელი.

ამ და სხვა საკითხებზე დარწმუნებული ვარ, რომ ვენეციის კომისიას ექნება საკუთარი მოსაზრებები.

მჯერა, რომ ეს დასკვნა იქნება კრიტიკული, ხელისუფლებამ დღეს თავი დაიზღვია ამ განხილვით , რომ შემდგომ კომისიის დასკვნაზე ჰქონდეს პასუხები პოლიტიკური ოპონენტებისთვის პარლამენტში“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

გიორგი მშვენიერაძე აღნიშნავს, რომ დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა პროცესისთვის იყო მნიშვნელოვანი, რადგან თითოეულ სიტყვას, რომელიც კანონში ჩაიწერება, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

„ჩვენ ვთვლით, რომ თითოეული სიტყვისთვის ბრძოლას აქვს მნიშვნელობა და აქვს აზრი, თუმცა როგორც ხედავთ, ხელისუფლება არ არის მზად არსებით საკითხებთან დაკავშირებით დათანხმდეს ჩვენ შეთავაზებებს. დღევანდელი მათი პოზიცია, რომ არ დალოდებოდნენ ვენეციის კომისიის დასკვნას, გვაფიქრებინებს, რომ ისინი ალბათ ბევრ რამეს არ გაითვალისწინებენ. მათ შორის არ გაითვალისწინებენ ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც დიდი ალბათობით არ იქნება ხელისუფლებისთვის სასარგებლო.

ხელისუფლებას მყარად აქვს გადაწყვეტილი, არ დათმოს ისეთი არსებითი საკითხები, რომელიც გარკვეულწილად პრობლემას შეუქმნის „კლანს“ - იოლად მოახერხოს უზენაეს სასამართლოში საკუთარი კანდიდატების გაყვანა. მე ვთვლი, რომ ბრძოლას აქვს აზრი, რადგან ეს ბრძოლის მხოლოდ ნაწილია, რომელშიც პატარა წარმატებაც კი შესაძლებელია მნიშვნელოვან აგურად იქცეს შემდგომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების ნომინირების და მათი შერჩევის პროცესში“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო