ირაკლი კობახიძე - 2019-20 წლების სამოქმედო გეგმის წარმატებული შესრულებით, შემდეგი მოწვევის პარლამენტს დავუტოვებთ მყარ ფუნდამენტს ასოცირების შეთანხმების შესრულებაში შემდგომი პროგრესის მისაღწევად

2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის წარმატებული შესრულებით, ჩვენ შემდეგი მოწვევის პარლამენტს დავუტოვებთ პოზიტიურ მემკვიდრეობას და მყარ ფუნდამენტს ასოცირების შეთანხმების შესრულებაში შემდგომი პროგრესის მისაღწევად და ამ ისტორიული პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მისაყვანად”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, 2019-2020 წლების საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმის წარდგენაზე განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავას, კომიტეტებსა და აპარატს-ანგარიშის მომზადებაში გაწეული საქმიანობისთვის, ხოლო ევროკავშირის დელეგაციასა და გაეროს განვითარების პროგრამას - მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

“2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის სტრატეგიულ მიზნებს, ამოცანებსა და აქტივობებს სამი მიმართულებით: პირველი ეს არის-კანონშემოქმედებითი საქმიანობა, მეორე ეს არის- ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესზე ზედამხედველობა და მესამე, ეს არის-ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ეს სამივე მიმართულება თანაბრად მნიშვნელოვანი და აქტუალურია. სამოქმედო გეგმა ეფექტური საშუალებაა იმისთვის, რომ პარლამენტმა და მისმა ორგანოებმა შეთანხმებულად და გეგმაზომიერად იმოქმედონ და იმუშაონ მკაფიოდ განსაზღვრული სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ჩვენი მოქალაქეებისთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებში, როგორიც არის მაგალითად, სურსათის უვნებლობა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, გარემოს დაცვა, მომხმარებელთა პოლიტიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ვეტერინარია და ა.შ. ეს არის ასევე კარგი შესაძლებლობა ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რათა მათ სწორად დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა და აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს კონსტიტუციით გამყარებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ-პოლიტიკურ და ღირებულებით არჩევანს ეფუძნება.

“შესაბამისად, ასოცირების ხელშეკრულების შესრულება არ არის რომელიმე რიგითი დოკუმენტით გათვალისწინებული უბრალო ტექნიკური საქმიანობა.

ფაქტობრივად, ეს არის საქართველოს განვითარების და წინსვლის სამოქმედო გეგმაც. ეს არის საშუალება იმისა, რომ ჩვენ შემდგომ თაობებს დავუტოვოთ უფრო მოწესრიგებული, უფრო მშვიდობიანი და უფრო სტაბილური, მეტი კეთილდღეობის მქონე დამოუკიდებელი სახელმწიფო, ანუ, ის, რისთვისაც იბრძოდნენ 1989 წლის 9 აპრილს ჩვენი გმირები და თანამოქალაქეები”,- მიმართა დამსწრეებს ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ეს არის არა მხოლოდ ერთი კომიტეტის, არამედ თითოეული ჩვენგანის მნიშვნელოვანი მისია და პასუხისმგებლობა. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ამ პროცესში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, შედეგზე ორიენტირებული ექსპერტული ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და საქართველოს პარლამენტის სახელით, მათ სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციითა და პარლამენტის ახალი რეგლამენტით, ჩვენი ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესზე კიდევ უფრო ეფექტური ზედამხედველობის განხორციელების უფრო ძლიერი ბერკეტები შეიძინა. პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„კონსტიტუციის ახალი რედაქციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტმა შეიძინა უფრო ძლიერი ბერკეტები და ახალი ფუნქციები იმისათვის, რომ განახორციელოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების უფრო ეფექტური ზედამხედველობა და ამ მხრივ პირნათლად შეასრულოს კანონშემოქმედებითი ფუნქციაც. ამ ფართომასშტაბიანი საქმიანობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია, პოზიტიური ცვლილებების და სარგებლის ნათლად წარმოჩენა, ამ მხრივ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთი წლის შემდეგ, 2019 წლის შეჯამებისას კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო შედეგებით წარვდგებით ჩვენ მოსახლეობის წინაშე”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ მომზადებული, 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ გახსნეს.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა