მთავრობამ პარლამენტში უკვე წარადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვით, განათლების სისტემის დაფინანსება მშპ-ს 6%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს

მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვით, განათლების სისტემის დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, უკვე პარლამენტშია და ის ბიუროს ინიცირებისათვის ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება.

ცვლილებები საბიუჯეტო კოდექსში შედის. კოდექსს განათლების სისტემის დაფინანსებასთან დაკავშირებით ახალი, სპეციალური მუხლი ემატება და მასში იწერება, რომ სავალდებულოა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მომზადდეს და დამტკიცდეს იმგვარად, რომ ნაერთი ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით განათლების სისტემის დაფინანსება არ იყოს დასაგეგმი წლისთვის პროგნოზირებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ზე ნაკლები.

კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2022 წლის პირველი იანვარი.

“კანონპროექტის მომზადება განათლების სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსწორებამ განაპირობა. კერძოდ, მთავრობის განცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, განათლების სისტემაში დაფინანსების ეტაპობრივმა ზრდამ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მაღალი ხარისხისა და კონკურენტუნარიანი განათლების მიღებას. მთავრობას დაგეგმილი აქვს, რომ თავისი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტის - განათლების მიმართულებით, განახორციელოს რეფორმების ახალი, კომპლექსური და მრავალმხრივი ეტაპი. დაგეგმილია ისეთი საგანმანათლებლო სისტემის შექმნა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, ბავშვების, სტუდენტის, ახალგაზრდებისა და ზრდასრულების სათანადო თეორიული ცოდნით აღჭურვისა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებასთან ერთად, უზრუნველყოფს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სიღრმისეულად გააზრებას, მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, კონკურენტუნარიანობის გაზრდას, განათლებისა და მეცნიერების კავშირის გაძლიერებას. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება განიხილება როგორც ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური და საზოგადოებრივი წინსვლის უმთავრესი წინაპირობა“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

მთავრობის ინფორმაციით, განათლების სისტემის დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მოიცავს ყველა მიმართულებას - დაწყებული სკოლამდელი განათლებიდან, დამთავრებული უმაღლესის შემდგომი და მეცნიერების მიმართულებებით.

“განათლების სექტორში ყველაზე მასშტაბური ზოგადი განათლების კომპონენტია, შესაბამისად ყველაზე მეტი ზრდა სწორედ ამ მიმართულებით იქნება და 2022 წელს 2019 წელთან შედარებით მისი დაფინანსება 1,5 მლრდ ლარზე მეტით გაიზრდება. ასევე საგულისხმოა, რომ სკოლამდელ განათლებას და სკოლისთვის მზაობის პროგრამებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვთ შემდგომი განათლებისა და განვითარებისთვის, შესაბამისად საბავშვო ბაღების მიმართულებით 300.0 მლნ ლარამდე დამატებითი რესურსი მიემართება. გარდა, ამისა 3-ჯერ გაიზრდება პროფესიული განათლების დაფინანსება, ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ხელშეწყობისთვის გათვალისწინებული თანხები. იმისათვის, რომ განათლების სექტორის დაფინანსებამ 2022 წლამდე მიაღწიოს მშპ-ს 6%-ს, საჭიროა დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა. 2020 წლისთვის განათლების სექტორის დაფინანსება 2.0 მლრდ ლარს მიაღწევს, 2021 წელს 2.5 მლრდ ლარამდე იქნება, ხოლო 2022 წლისთვის 3,0 მლრდ ლარს გადააჭარბებს“, - განმარტავს მთავრობა.

კანონპროექტის ავტორია მთავრობის ადმინისტრაცია და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა