„ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის განცხადებით, პროფკავშირების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე ცრუ და არაკორექტული ინფორმაცია გავრცელდა

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მიხეილ ბოცვაძის განცხადებით, პროფკავშირების მიერ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ცრუ და არაკორექტული ინფორმაცია გავრცელდა".

მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ხელფასები 2007 წლიდან არ გაზრდილა და კომპანიიდან მასიურად გაედინება პროფესიული კადრები. მიხეილ ბოცვაძის განცხადებით, სიცრუეა ისიც, რომ თითქოს უსაფრთხოების სამსახური არ არსებობს, ხოლო მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის ხელფასების შეუსაბამო თანაფარდობაა.

„ყველაზე მტკივნეული და ბუნებრივია, ჩვენ ამას გაგებით ვეკიდებით,სახელფასო განაკვეთების შესახებ დაინტერესებაა. ერთ-ერთი მთავარი, რაც არაკორექტულია, ის არის, რომ თითქოს წლების განმავლობაში არ ხდება ჩვენი თანამშრომლების ხელფასის კორექტირება ზრდისკენ. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ 2015 წელს საშუალო ხელფასი იყო 800 ლარი, 2016 წელს საშუალო ხელფასს მივაღწიეთ 900 ლარის ოდენობით, ხოლო 2019-ში უკვე 1000 ლარს გადავაჭარბეთ. გასაგებია ჩვენი თანამშრომლების მონდომება და სურვილი. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უმთავრესი საზრუნავია მათი სოციალური დაცულობა. სწორედ ამიტომ კომპანიას კონკრეტული პოლიტიკა აქვს, რის ფარგლებშიც კორექტირებებს ახორციელებს.

სამწუხაროდ, შეგნებულად დამახინჯებული ინფორმაცია გაჟღერდა. ჩვენ მზად ვართ, დაველოდოთ რიცხვებს, თუ რას ეყრდნობოდა ეს სიცრუე,“ - განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.

მისივე თქმით, კომპანია საკუთარი მიდგომებისა და გადაწყვეტილებების შეცვლას არ აპირებს. მიხეილ ბოცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ კომპანიის თანამშრომლებს ზეგანაკვეთური საქმიანობა უნაზღაურდებათ ან დამატებით ისვენებენ.

„ვერანაირი მსგავსი, მოკლედ რომ ვთქვათ, გამოხტომა ვერ შეცვლის ჩვენს მიდგომას. მეორე მხრივ, ვთხოვთ ჯანდაცვის სამინისტროს ჩაერთოს პროცესში. ჩვენი სურვილია დაიწყოს მედიაცია და ბოლოსდაბოლოს სიმართლე დადგინდეს. სიმართლე კი არის ის, რომ ჩვენი ყოველი ხარჯი ფინანსდება აბონენტებიდან შეგროვებული თანხით და ჩვენ ამ პროცესს უფრო მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. რა თქმა უნდა, თავს უფლებას ვერ მივცემთ, სახელფასო განაკვეთები 50%-ით გავზარდოთ, ვინაიდან ეს, მომხმარებლებს, მინიმუმ, 1 თეთრით გაუზრდის ტარიფს. შესაბამისად, ჩვენს პოლიტიკას, გეგმებს მივყვებით მწყობრად, ეტაპობრივად და ვერანაირი ასეთი პიარ-დარტყმა თუ ზეწოლა კომპანიას ვერ შეაცვლევინებს გადაწყვეტილებას.

ხელფასებს ეტაპობრივად ვზრდით. ეს პროცესი გაგრძელდება, თუმცა ძალიან კარგად იციან პროფკავშირებმა, რომ მყისიერად 50% ზრდა, ეს არის დამატებით 37 მილიონი ლარი. 1 წლის ჭრილში კომპანიამ 37 მილიონი ლარი უნდა მიიღოს და შემოსავლის ერთადერთი წყარო, ვიმეორებ, ჩვენი აბონენტია. მეორე, ჩვენი თანამშრომლების დატვირთვა არის თუ არა ასეთი, ეს არის გასაანალიზებელი.“ - განაცხადა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა.

მიხეილ ბოცვაძემ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა უსაფრთხოების ნორმების შესახებაც და აღნიშნა, რომ კომპანიაში ამ მიმართულებით მკაცრი პოლიტიკა ტარდება.

"განხორციელებული ინვესტიციების ფონზე ქსელის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. შესაბამისად, დატვირთვა გასამმაგდაო, ერთ-ერთი უდიდესი სიცრუეა, რაც ამ დილით გაჟღერდა. ეს არის გადაუმოწმებელი და აბსურდული ინფორმაცია.

„ენერგო-პროში“ ყოველთვის არსებობდა საკმაოდ მძლავრი შრომის უსაფრთხოების დაცვის სამსახური. დღესაც არსებობს და იგივე მკაცრი პოლიტიკა ტარდება. კითხვა სწორედ ისაა, რომ ბოლო ფატალური შემთხვევა კომპანიაში, სამწუხაროდ, ნამდვილად იყო 10 თვის წინ. 10 თვის თავზე ხდება ტირაჟირება პრესით, ეს არის სწორედ გაურკვეველი ჩვენთვის, ყველაფერზე ახლა რატომ საუბრობენ,“ - განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.

მისივე თქმით, კომპანიის წინააღმდეგ პროფკავშირებმა ყოველგვარი შეტყობინებისა და შეთანხმების გარეშე გააკეთეს განცხადება.

მიხეილ ბოცვაძე ასევე აღნიშნავს, რომ პროფკავშირებთან თავადაც თანამშრომლობს, ხოლო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მენეჯმენტისგან ყოველთვის „უპრეცენდენტო ხელშეწყობა“ აქვს.

„პროფკავშირებს წევრები მგონი მართლა ეკარგებათ ამდენი სიცრუის სმენის გამო. ნაცვლად იმისა, რომ გაიზარდოს მათი წევრების ოდენობა, მცირდებიან. ამის მიზეზი უნდა ვეძებოთ მათივე კვალიფიკაციასა და კეთილსინდისიერებაში,“ - განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო