გედევან ფოფხაძე - პელე ვიღაცას რომ ასახელებდა, ყველამ იცოდა, ის მსოფლიო  ჩემპიონი ვერ  გახდებოდა, ირაკლი კობახიძესაც არ გამოსდის პროგნოზი

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპონატის დროს, პელე ვიღაცას რომ ასახელებდა, ყველამ იცოდა, რომ ის მსოფლიო ჩემპიონი არ გახდებოდა, ირაკლი კობახიძესაც არ გამოსდის ეს პროგნოზი, - ასე შეაფასა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ „დაიცავი საქართველოს" ლიდერებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 3% ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდებათ.

გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ წევრები „პროცენტებს ისე წერენ და ითვლიან, როგორც აწყობთ“ და პროცენტებში ცდომილება საკუთარ თავზეც გამოუცდია, როცა ბორჯომში, მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს.

„ირაკლის პროგნოზები სცილდება ხოლმე რეალობას. პელე ყველა მსოფლიო ჩემპიონატის წინ ვიღაცას ასახელებდა და ყველამ იცოდა, რომ ის ჩემპიონი არ გახდებოდა. კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ პროგნოზები არ უვარგოდა. მე არ ვიცი ირაკლი კობახიძე პელე არის თუ არა პოლიტიკაში, მაგრამ თუ რამე არ გამოსდის კობახიძეს, ეს არის პროგნოზი, განსაკუთრებით პროცენტების პროგნოზი და როგორც პარლამენტის თავმჯდომარეც, დიდად არ ბრწყინავს.

მე არ წავუყვანივარ ირაკლი კობახიძესალომე ზურაბიშვილის შტაბში მისალოცად, არიქა 54% გვაქვს აღებულიო და ქვეყნის მასშტაბით, 14 %-იანი ცდომილება ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა ციფრია?! ჩემ თავზე გამოვცადე ამ პროცენტების პროგნოზის საკითხი, როცა ჩემი კანდიდატურა იხილებოდა ბორჯომში და კენჭი უნდა მეყარა. მითხრეს, რომ სხვა კანდიდატი გვყავს, რომელსაც 27% აქვსო რეიტინგიო და შენ 8% გაქვსო. კობახიძეს ჰქონდა დათვლილი ბორჯომის პროცენტები. მერე მითხრეს, რომ ცნობადობა იმას 51% აქვს და შენ 40%-იო. მერე რომ ვკითხე, მაგ ადამიანს არ ვიცნობ და როგორ მოხდა, რომ ჩემზე მეტი ცნობადობა აქვს ადამიანს ბორჯომში, რომელსაც მე არ ვიცნობ-მეთქო, მითხრა, ხანდახან ხდება ისე, რომ ხალხს ისე სძულს თავისი დეპუტატი, რომ იძახიან, საერთოდ არ ვიცნობთო და იმიტომ მოხდა, რომ შენ უფრო ნაკლები პროცენტი გამოგივიდაო. ესენი პროცენტებს ისე წერენ და ითვლიან, როგორც აწყობთ და როგორც ჩანს, მერე აქვთ იმედი, რომ ამ პროცენტებს მურუსიძე სასამართლოშიც დაადასტურებს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა