დეპუტატი გიორგი ლომია - რესტორნებისა და საკვები ობიექტების 80%-ში მუშაობენ ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები, პრეტენზია არავის არ აქვს და მათთან დაპირისპირებაში არავინ არ შედის

„რესტორნებისა და საკვები ობიექტების 80%-ში მუშაობენ ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები,“ - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა გიორგი ლომიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ლგბტ თემი უსაფუძვლოდ ცდილობს იმის წარმოჩენას, რომ ქვეყანაში მათი უფლებები ირღვევა.

დეპუტატმა ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კანონის მიღებას საზოგადოების გაღიზიანების მეტი არაფერი მოუტანია.

„ანტიდისკრიმინაციული კანონი წინგადადგმული ნაბიჯი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ გაღიზიანების გარდა არავისთვის სიკეთე არ მოუტანია. რა მივიღეთ ჩვენ ამ კანონის მიღებით და რა შეიცვალა ლგბტ თემისთვის? არაფერი. მათი მხრიდან მუდამ გვესმის ჩივილი შეურაცხყოფასთან დაკავშირებით. ვიღაცა სადღაც სცემეს, ვიღაცა სამსახურში არ მიიღეს. ამ დროს ეს ყველაფერი არ შეესაბამება იმ რეალობას, რომლის დანახებასაც ცდილობს ლგბტ თემი იმიტომ, რომ რესტორნებისა და საკვები ობიექტების 80%-ში მუშაობენ ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები. ძალიან კარგად მუშაობენ, არანაირი პრეტენზია არავის არ აქვს და მათთან დაპირისპირებაში არავინ არ შედის,“ - განაცხადა გიორგი ლომიამ.

დეპუტატი 18-23 ივნისს ლგბტ პრაიდის კვირეულის ჩატარებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მათი დაცვით ხელისუფლება საზოგადოების უმრავლესობას დაუპირისპირდება.

„რაც შეეხება მათ დაცვას ივნისში, თუ ამას გეგმავს ხელისუფლება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ: ეს არასწორია, ბატონებო. პრემიერ-მინისტრი, როგორც მთავრობის მეთაური, საზოგადოების მშვიდობის გარანტი უნდა იყოს და არ უნდა ამბობდეს, რომ საზოგადოების უმცირესობას დაიცავს საზოგადოების უმრავლესობისგან. თქვენ რომ გამოიყვანოთ 20 000 პოლიციელი და ჯარისკაცი მათ დასაცავად, რა გამოდის, რომ თქვენ უპირისპირდებით საზოგადოების უმრავლესობის ნაწილს? თქვენ ხომ გესმით, რომ დღეს „გეი აღლუმი“ და პრაიდი აღიზიანებს ჩვენს საზოგადოებას. ნუ ცდილობთ, უმრავლესობის ტვინებში ძალით მოახდინოთ გარდატეხა, რისთვისაც დღეს საზოგადოება მზად არ არის. შეიძლება ოდესმე მზად იყოს ჩვენი ქვეყანა იმისთვის, რომ ჩვეულებრივ ნორმად მივიღოთ „გეი აღლუმის“ ჩატარება, მაგრამ დღეს რომ ეს ნორმა არ არის, ხომ ფაქტია? დაპირისპირებაში ნუ მოიყვანთ საზოგადოების ორ ნაწილს. იქნება დაელაპარაკოთ ლგბტ თემს და აუხსნათ რომ არავინ არაფერს არ ერჩის მათ,“ - განაცხადა გიორგი ლომიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო