პრესსპიკერის განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებულ 63 თანამშრომელზე გაცემულმა კომპენსაციამ 436 500 ლარი შეადგინა

კომპენსაციის საკითხზე ინფორმაცია სხვადასხვა ინტერპრეტაციით ვრცელდება, რაც არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებას უწყობს ხელს, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შტატების შემცირებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ 63 თანამშრომლის 3 თვის კომპენსაციამ ჯამში 436 500 ლარი შეადგინა.

„მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ჩვენ მიერ უკვე ძალიან ბევრჯერ გაჟღერებულ საკითხს, თუმცა, სამწუხაროდ, ინფორმაცია მუდმივად ვრცელდება სხვადასხვა ინტერპრეტაციით, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს როგორც არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებას, ასევე, საკითხის მიმართ სუბიექტური და რაც მთავარია არასწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას - კომპენსაციის თემას ვგულისხმობ, კერძოდ, 2019 წლის ბიუჯეტის კანონში საქართველოს პრეზიდენტის საშტატო რიცხოვნობა 60 ერთეულით განისაზღვრა, რის გამოც, საჭირო გახდა ადმინისტრაციაში მანამდე არსებული შტატების შემცირება. 6 მარტს დასრულებული რეორგანიზაციის შედეგად, 63 პროფესიული საჯარო მოხელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. არც ერთი მათგანი სამუშაოდ სხვა საჯარო სამსახურში არ გადასულა. კანონის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლებული პროფესიული საჯარო მოხელის მიმართ გაიცემა ფულად კომპენსაცია ყოველთვიური შრომის ანაზღაურების სამმაგი ოდენობით. 63 თანამშრომელზე გაცემულმა 3 თვის ხელფასმა საერთო ჯამში 436 500 ლარი შეადგინა", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

მისი თქმით, ამ თანამშრომლებისთვის საჯარო სივრცეში ვაკანსიები არ აღმოჩნდა.

„2019 წლის ბიუჯეტში 60 საშტატო ერთეულის განსაზღვრამ დააყენა შემცირების აუცილებლობა. ამის გამო ადმინისტრაციაში შემუშავდა ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, გადანაწილდა 60 ერთეულზე ის სამუშაო მოცულობა, რომელიც 150 თანამშრომეზე მეტზე იყო გადანაწილებული. ახალი დებულება ჩამოყალიბდა, მის საფუძველზე ახალი მოთხოვნები და ამის შემდეგ დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც წარიმართა ორ ეტაპად. პირველი შეთავაზებები ისევ და ისევ აქ დასაქმებულებზე გაკეთდა, ოღონდ ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით და ამის გამო მივიღეთ არსებული რეალობა. ერთი თვის განმავლობაში მივმართეთ საჯარო ბიუროს, ინფორმაციით მათი კვალიფიკაციისა და გაწეული სამუშაოს შესახებ, თუმცა სამწუხაროდ, საქართველოს საჯარო სივრცეში არ მოიძებნა შესაბამისი ვაკანსიები, რომელიც იქნებოდა შესაბამისობაში მათ კვალიფიკაციასა და საქმიანობასთან. ისევ კანონიდან გამომდინარე, მათ მიიღეს სამი თვის კომპენსაცია", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.