ირაკლი სესიაშვილი - აშშ საქართველოს გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორია და ლოკომოტივი ქვეყანა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და თავმჯდომარის მოადგილეები: ირაკლი ბერაია, ირაკლი აბესაძე და კობა კობალაძე აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, როგორც ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი და ლოკომოტივი ქვეყანა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

„ჩვენ გვაქვს სრული პოლიტიკური თანხვედრა ზოგადად რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, სტაბილურობის თვალსაზრისით. მადლობელი ვართ როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერისთვის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ყოველდღიურ რეჟიმში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები, ექსპერტები ჩართული არიან ჩვენი ქვეყნის თავდაცვის აღმშენებლობის პროცესში, ამასთანავე, ვიღებთ ფინანსურ მხარდაჭერასაც“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი ინფორმაციით, სამხედრო აღჭურვილობის შეძენა, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდას განაპირობებს, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით იქნა მიღწეული.

„მხედველობაში მაქვს ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შეძენა. ჩვენ ვმუშაობთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენაზე, ჩვენი ჯარისკაცების მომზადებაზე. ჩვენ გვაქვს საბრძოლო მზადყოფნის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ამერიკელები გვეხმარებიან, რომ მოვამზადოთ 24 000 სამხედრო მოსამსახურე ჩვენი ქვეყნის თავდაცვის პროგრამით“, - აღნიშნა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი მაინც არის ის სრული პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც ბოლო წლებში თვალსაჩინო და მკაფიოა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ. „მოლოდინები გვაქვს, რომ ეს პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს