სულხან სალაძე - ვენეციის კომისიის დასკვნა კიდევ ერთი არგუმენტია ჩვენს სასარგებლოდ, რომ ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოება მართლი იყო

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნამ დაადასტურა, რომ მმართველი ძალის მიერ შემოთავაზებული მოდელი ვერ აზღვევს იმ რისკებს, რომელიც უზენაეს სასამართლოსთან მიმართებაში არსებობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სულხან სალაძემ განუცხადა, დასკვნაში მნიშვნელოვანი მიმართულებებია, რისი გათვალისწინებაც ამ პროცესის გაჯანსაღებას ნამდვილად ხელს შეუწყობს.

„ამ დასკვნამ დაადასტურა, რომ პროცესში ერთ მხარეს იდგა მმართველი პარტია და გავლენიანი ჯგუფი და მეორე მხარეს სხვა დანარჩენი - პოლიტიკური ჯგუფები, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები. ეს დოკუმენტი ნამდვილად ამის დემონსტრირებაა. ვიმედოვნებ, „ქართული ოცნება“ არ შეეცდება იმის ძებნას და პოვნას, რაც არ წერია ამ დოკუმენტში და არ შეეცდება ეს საზოგადოებას შეაპაროს და უთხრას, რომ დასკვნაში რამე ისეთი წერია, რისი ჩანაწერიც სინამდვილეში არ არის.

ბუნებრივია, ამ დოკუმენტმა დაადასტურა, რომ მთელი რიგი მიმართულებები, რაზეც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატებში ხელისუფლებას ვეუბნებოდით, რომ ეს არ იმუშავებს და არ არის გასათვალისწირებელი, უნდა შეიცვალოს, გამოჩნდა, რომ ჩვენ მართალი ვიყავით. მაგალითად, ინტერესთა კონფლიქტის ნაწილი, საკვალიფიკაციო გამოცდის ნაწილი და ა.შ.“, - განაცხადა სალაძემ.

საიას თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს ვენეციის კომისიის დასკვნის იმ ნაწილზე, რომლიც სასამართლოში მხოლოდ კრიტიკულად საჭირო მოსამართლეთა რაოდენობის განმწესებაზე საუბრობს და ამბობს, რომ თუ მმართველი პარტია ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, მხოლოდ მოიგებს.

„კიდევ ერთი ნაწილი რაც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხს, ანუ დღეს თუ კანონი მიღებული იქნება, რამდენი პირი უნდა განმწესდეს სასამართლოში. თუ ეს პარლამენტი დაამტკიცებს პრაქტიკულად ყველა კანდიდატს, ეს ნიშნავს, რომ ერთი პარტიის დომინირების პირობებში მოხდება დარჩენილი 18 ვაკანსიის შევსება მაშინ, როდესაც შეიძლება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ისეთი პოლიტიკური ძალების თავმოყრა ვნახოთ პარლამენტში, სადაც უფრო მეტი შანსი იყოს, რომ დამოუკიდებელი კანდიდატები გახდნენ მოსამართლეები. დაბალი ნდობის ფონზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, ცხადია, ეს მინიშნება ნიშნავს იმას, რომ ამ ინსტიტუტების მიმართ ნდობა არის საკმაოდ დაბალი და ასეთ ფონზე არ არის რეკომენდირებული, რომ ერთი ხელის მოსმით უზენაესი სასამართლოს 18-ვე მოსამართლე დანიშნოს პარლამენტმა. ეს არის ხანგრძლივი პროცესი. თუ მმართველი პარტია გაითვალისწინებს ამ რეკომენდაციებს, მხოლოდ მოიგებს, სხვა მხრივ, ჩვენ პროცესი უკვე გვაქვს, როდესაც ყველა ვეუბნებოდით მმართველ პარტიას, რომ მათ მიერ შემოთავაზებულ ვერსიაში იყო ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემები და ბევრი ისეთი ჩანაწერი, რომელიც მხოლოდ კლანის ინტერესში შეიძლება იყოს, ეს დადასტურდა. ახლა ჯერი მათზეა, რას და როგორ გააკეთებენ“, - განაცხადა სალაძემ.

რაც შეეხება მოლოდინს, რა რეკომენდაციები შეიძლება გაითვალისწინოს მმართველმა პარტიამ, საიას თავმჯდომარე ამბობს, რომ რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილის გათვალისწინება მოხდება, ნაწილს კი „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ხასიათის რეკომენდაციებს დაარქმევს.

„ახლა პრინციპული საკითხია, „ქართულმა ოცნებამ“ ნაბიჯ-ნაბიჯ გაიაროს ეს დასკვნა და მაქსიმალურად ბევრი რეკომენდაციის გათვალისწინება უზრუნველყოს. ვენეციის კომისიის დასკვნა არის კიდევ ერთი არგუმენტი ჩვენს სასარგებლოდ, რომ ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოება ნამდვილად მართალი იყო.

არ ვთვლი, რომ ყველაფერს ხელაღებით გაითვალისწინებს მმართველი პარტია, მაგრამ ვერც იმას გაბედავს, რომ ყველა რეკომენდაციას გაექცეს და პროცესი ისე დატოვოს, როგორც ამ დრომდე იყო. ალბათ, ძალიან მალე 2-3 დღეში გამოჩნდება როგორი განვითარება იქნება. მგონია, რომ რეკომენდაციების ნაწილზე ნამდვილად იმსჯელებენ და გაითვალისწინებენ, ნაწილს ალბათ, ისინი პოლიტიკური ხასიათის რეკომენდაციებს დაარქმევენ. მაგრამ ფაქტი ერთია, რასაც ვამბობდით ამ დასკვნამ ის დაადასტურა - შემოთავაზებული მოდელი კანონპროექტის სახით ვერ აზღვევს იმ რისკებს, რომელიც უზენაეს სასამართლოსთან მიმართებაში არსებობს“, - განაცხადა სალაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო