გედევან ფოფხაძე - მოსამართლეების შესახებ ჩვენი კანონპროექტი არის გამოსავალი - მოვუწოდებ ყველას, ნუ დავკარგავთ ამ გამოსავალს და ნუ გავხდებით პოლიტიკური სიჯიუტის მსხვერპლი

ჩვენი კანონპროექტი არის გამოსავალი და მოვუწოდებ ყველას, ნუ დავკარგავთ ამ გამოსავალს და ნუ გავხდებით პოლიტიკური სიჯიუტის მსხვერპლი, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს ვენეციის კომისიის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ გაცემული რეკომენდაციების შეფასებისას განუცხადა.

დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიასაც არაპროფესიონალებისა და პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფის იარლიყს არ მიაკერებს, როგორც ეს ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების შემთხვევაში მოხდა.

„მე მგონი სურათი ძალიან ნათელია და ყველა უნდა ხედავდეს იმას, რომ საერთო კონსენსუსს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით, რომელიც ისედაც იყო ქართულ საზოგადოებაში, მიემატა ვენეციის კომისიის პათოსიც და განწყობაც. ამიტომ, პრაქტიკულად კითხვის ნიშნები, რომ თუ ჩვენ ვიყავით პოლიტიკურად მოტივირებული და რაღაც კითხვის ნიშნები ჰქონდათ ჩვენს ინიციატივებს და არგუმენტებს, მოიხსნა. ვენეციის კომისიის მიმართ იმედია პოლიტიკური მოტივაცია და არაპროფესიონალიზმი არ იქნება მათი პოზიციის მიზეზი და იმედია, ბატონი კობახიძე მათ მიმართ არ გაიმეტებს ამ ბრალდებებს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ საკითხთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტი არ უნდა გაღრმავდეს და პარლამენტმა 13 დეპუტატის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს უნდა დაუჭიროს მხარი.

„დავიჯერო ვენეციის კომისიასაც პოლიტიკური მოტივები ჰქონდა, როდესაც ამ დასკვნას წერდა?! ეს არის დასკვნა, რომელსაც ხელს მოაწერს ყველა. ჩვენ ყველა პოზიციას და არგუმენტს ვიზიარებთ და ამ სულისკვეთებით შეიქმნა ჩვენი, 13 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტი. პრინციპების დონეზე ვეღარავინ შეცვლის ჩინჩალაძე- კობახიძის კანონპროექტს და ერთადერთი საშუალებაა დღეს ჩვენ მივიღოთ კანონპროექტი, რომელიც არ გახდება ქილიკის და დაცინვის საგანი საერთაშორისო საზოგადოებისგან არის ის, რომ კონცენტრირება მოვახდინოთ ჩვენს ინიციატივაზე. სხვა გამოსავალი არ არის. ყველა სხვა გამოსავალი დამატებით კონფლიქტს აჩენს, რომელიც ისედაც შედგა საზოგადოებას და ხელისუფლებას შორის. ნუ გავაღრმავებთ კონფლიქტს, ნუ გაამყარებს ხელისუფლება ვარაუდს, რომ უზენაეს სასამართლოს ის უყურებს, როგორც სტრუქტურას, რომელიც უნდა ხელში ჩაიგდოს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო