ოთარ კახიძე - ლევან მურუსიძეს და იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ძალიან არ მოსწონთ - ზოგადად, ვენეციის კომისიაზე ძალიან ნაწყენები არიან

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ოთარ კახიძის ინფორმაციით, აშშ-ს საელჩოს, იუსტიციის დეპარტამენტის, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა ცალსახად გაუსვეს ხაზი, რომ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე ვენეციის კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჟურნალისტებს პარლამენტში მიმდინარე შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, ლევან მურუსიძეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს ძალიან არ მოსწონთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ინტერესთა კონფლიქტისა და საკვალიფიკაციო გამოცდების თაობაზე.

„ზოგადად ვენეციის კომისიაზე ძალიან ნაწყენები არიან. ასეთ რეკომენდაციებს არ ელოდნენ, თუმცა ვალდებულება, რაც “ქართულ ოცნებას“ აქვს აღებული, რომ რეკომენდაციებს შეასრულებს, უნდა იყოს შესრულებული. თუ გადაწყვეტენ, რომ კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გვერდის ავლით მიიღონ, უმძიმეს მდგომარეობას კიდევ უფრო დააზიანებენ. ამით საზოგადოება კარგად დაინახავს “ქართული ოცნების“ რეალურ სახეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ოთარ კახიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისათვის წარდგენის წესზე ვენეციის კომისიის რეკონდაციებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაინტერესებულ მხარეებთან განიხილავს.

უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დღეს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გადის. სესიის დაწყებამდე კი, ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ პროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე მსჯელობენ.

ვენეციის კომისიამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის შესახებ კანონპროექტზე რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნა.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის კონტექსტში ვენეციის კომისიის დელეგაცია თბილისში შეხვედრაზე ინფორმირებული იყო იმის თაობაზე, რომ საზოგადოებაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამჟამად დაბალი ნდობით სარგებლობს.

“მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისია არ არის იმ პოზიციაში, რომ ნდობის საკითხი შეაფასოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც საზოგადოების სრული ნდობით არ სარგებლობს და პოლიტიკური უმრავლესობა, რომელიც უზენაესი სასამართლოს თითქმის ყველა მოსამართლეს უვადოდ ნიშნავს, შესაძლოა, ზიანის მომტანი იყოს მაღალი დონის საზოგადოებრივი ნდობისთვის, რომლითაც უნდა სარგებლობდეს ისეთი ინსტიტუტი, როგორიც უზენაესი სასამართლოა.

ასეთ გარემოებებში განხილული უნდა იყოს საკითხი, რომ უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეების თანამდებობაზე ყოფნის ფიქსირებული ვადა გარდაიქმნას უვადო დანიშვნაში და ამჟამად პარლამენტმა იმ რაოდენობის მოსამართლეები უნდა დანიშნოს, რაც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს მუშაობის განსახორციელებლად. თუ რამდენი ახალი მოსამართლე იქნება საჭირო, ეს უზენაეს სასამართლოსთან კონსულტაციების შემდეგ უნდა გადაწყდეს. შემდგომი დანიშვნები შესაძლოა, პარლამენტის მიერ განხორციელდეს შემდეგი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ამგვარმა შეთანხმებამ შესაძლოა, შეამსუბუქოს ის ტვირთი, რომელიც ამჟამად აწევს უზენაეს სასამართლოს და უზრუნველყოს ის, რომ უზენაესი სასამართლო საზოგადოების ნდობით და პატივისცემით სარგებლობდეს“, - აღნიშნულია რეკომენდაციებში.

ძირითადი რეკომენდაციები კი ასეთია:

შერჩევის კრიტერიუმებში აქცენტი უფრო დიდ ასაკზე და კანდიდატის გამოცდილებაზე, მსჯელობაზე, დამოუკიდებლობაზე და მრავალფეროვნებაზე უნდა გაკეთდეს.

მოთხოვნა, რომ არამოსამართლე კანდიდატებმა საკვალიფიკაციო გამოცდა გაიარონ, უნდა გადაიხედოს, ვინაიდან სამართლის სფეროში გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტს შეუძლია არამოსამართლე კანდიდატი იყოს უზენაეს სასამართლოში. ამგვარი კვალიფიკაციის მქონე პირებს არ უნდა დააძალონ გამოცდაზე იმის დამტკიცება, რომ მათ შეუძლიათ სამართლის საკითხების გადაჭრა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრა უნდა გაუქმდეს. კანდიდატების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია საჯარო უნდა გახდეს და პროცედურა ობიექტურ კრიტერიუმებს უნდა დაეფუძნოს, რომლის ფარგლებში თითოეული კანდიდატის შეფასება მოხდება, რის შემდეგაც იმ კანდიდატების სია შეიქმნება, რომლებიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. აღნიშნული სიის ფარგლებში კანდიდატების რანჟირება უნდა მოხდეს იმ ქულების მიხედვით, რომელიც მათ მიიღეს შეფასების პროცედურის დროს. აღნიშნული შესაძლებელს გახდის პარლამენტს საუკეთესო კანდიდატების სია წარედგინოს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, უნდა გამოირიცხოს ამ კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის ყველა პროცედურიდან.

შემუშავებული უნდა იყოს დასაბუთებული გადაწყვეტილებები კანდიდატების შერჩევასა და გარიცხვასთან დაკავშირებით, სასამართლო გასაჩივრების შესაძლებლობით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს