სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის საჯარო განხილვის მიზნით შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის საჯარო განხილვის მიზნით გამართული შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

გიორგი ხანიშვილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიების გაერთიანების შედეგად მიღებული ახალი სტრატეგიის სამუშაო ვერსიის დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განხილვა, რაც საჯაროობის პრინციპის დაცვით, სრულყოფილი დოკუმენტის შემუშავებას უზრუნველყოფს.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, სტრატეგიის სამუშაო ვერსია მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს - სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია ასევე, სურსათის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სისტემების გაუმჯობესება წარმოადგენს.

ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაცია პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკატერინე ზვიადაძემ წარმოადგინა. შეხვედრა საინტერესო დისკუსიით დასრულდა, რომელსაც სამთავრობო, არასამთავრობო, სამოქალაქო სექტორის, დონორი ორგანიზაციების და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს