მამუკა ბახტაძე კვიპროსის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოსა და კვიპროსს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა და ხალხთაშორისი კავშირები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისის შეხვედრის მთავარი თემა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ კვიპროსი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერია. აღინიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ათ წლისთავთან დაკავშირებით მაისში დაგეგმილ ღონისძიებებზე კვიპროსის მხარდამჭერი პოზიციების დაფიქსირების მნიშვნელობა.

მთავრობის მეთაურმა ისტორიულად შეაფასა კვიპროსის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად შედგა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, გაძლიერდეს ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკური მიმართულებით, რათა ეკონომიკური ურთიერთობის დონე შესაბამისობაში იყოს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობასთან. ყურადღება დაეთმო ცირკულარული მიგრაციის საკითებს. კვიპროსის პრეზიდენტმა ამ კუთხით შემდგომი ნაბიჯების გადადგმის მზადყოფნა გამოთქვა.

აღინიშნა კვიპროსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმებების მნიშვნელობა, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ინფორმაციის გაცვლის მიმართულებით.

„მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ კვიპროსის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი როგორც ორმხრივ ფორმატებში, ისე ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები შედეგებს მოიტანს.

გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მონაწილეობდნენ“, - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.