ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისათვის სკოლისშემდგომი მომზადების პროგრამა ამოქმედდა

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისათვის სკოლისშემდგომი მომზადების პროგრამა ამოქმედდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ გახსნით ღონისძიებაზე აბიტურიენტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი შეხვდა.

პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის უმაღლესი განათლების შეთავაზებას გულისხმობს. აბიტურიენტები მომზადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაივლიან. პროგრამის საპილოტე ვერსია, რომელიც დღეიდან ამოქმედდა, სამთვიანია. აბიტურიენტები მომზადებას ინტენსიურ რეჟიმში გაივლიან, რის შემდეგაც ორ გამოცდას ჩააბარებენ და ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე სწავლას მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში არჩეულ ფაკულტეტებზე გააგრძელებენ. ამავე წლის სექტემბრიდან კი მომზადების სრული, ერთწლიანი კურსი შევა ძალაში.

მიმდინარე წელს პროგრამაზე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან 142 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. 70 მათგანი კურსს თსუ-სში გაივლის, 72 კი - შოთა მესხიას უნივერსიტეტში.

„თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ვდგამთ კიდევ ერთ ძალიან კონკრეტულ და რეალურ ნაბიჯს უკეთესი მომავლისკენ იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. თქვენ იცით, რომ სამშვიდობო გეგმით მთავრობის არაერთი ინიციატივაა გათვალისწინებული. დღეს უკვე ფუნქციონირებას იწყებს სკოლის შემდგომი მოსამზადებელი ცენტრი, რომელიც სპეციალურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისათვისაა შექმნილი, რათა მათ გაუმარტივოს, ერთი მხრივ, იმ განათლების მიღება, რის მიღებასაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ ახერხებენ და მეორე მხრივ, უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება.

„ დღეს ჩვენ ვხვდებით ადამიანებს, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თუნდაც ეროვნული გამოცდები გაევლოთ, რადგან ხშირად, გაუსაძლისი პირობების გამო, მათ უბრალოდ არ აქვთ მომზადების შესაძლებლობა. განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში, სადაც მშობლიურ ენაზე სწავლა შეზღუდულია. ზოგ შემთხვევაში ეს რთულ ფინანსურ მდგომარეობას უკავშირდება და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ესეც არაა იშვიათი. დღეიდან კი ჩვენ ამ ნაბიჯით მათ ძალიან ბევრ შეღავათს მივცემთ და მიმაჩნია, რომ ეს მართლაც ქმედითი, რეალური დახმარებაა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებელთათვის“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

საგანმანათლებლო პროგრამა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შემადგენელი ნაწილია და იგი სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, საქართველოს, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ამოქმედდა. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდების განათლება მთლიანად დაფინანსდება, მათი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაც გათვალისწინებულია. მოსამზადებელ ცენტრში სწავლისას ისინი სტიპენდიასაც მიიღებენ 150 ლარის ოდენობით.

ღონისძიებაზე აბიტურიენტებს აგრეთვე მიესალმნენ თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო