კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო წარმოუდგენელი ნაბიჯებით მიიწევს წინ და იმსახურებს, რომ მისი ეს მცდელობები ევროკავშირის მიერ იყოს აღიარებული

ჩვენ ვხედავთ როგორი დიდი მცდელობა და სამუშაო მიდის საქართველოში, რომ ევროპული მომავალი იყოს გარანტირებული, - ამის შესახებ კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს ხრისტოდულიდისიმ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა არის პირველი მნიშვნელოვანი საეტაპო ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში.

„ვიწყებთ მუშაობას, რომ სხვადასხვა სახელშეკრულებო მიმართულებით კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობა და ველოდები ჩემი მეგობარი მინისტრის ვიზიტს კვიპროსზე. დღეს რამდენიმე საათის წინ მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებებს. ეს იყო ხელშეკრულებები ჩვენი თანამშრომლობის შესახებ ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროში და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ საკითხებზე გვექნება საერთო მემორანდუმი და ხელშეკრულებები. ეს ახალი ეტაპია ჩვენს ურთიერთობაში", - განაცხადა ნიკოს ხრისტოდულიდისიმ.

იგი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სწრაფვას ევროინტეგრაციისკენ. „ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც კვიპროსის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს. მქონდა საშუალება მიმეღო ინფორმაცია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში არსებულ ვითარებაზე. გამოვხატე ჩემი მხარდაჭერა ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს მიმართ. კვიპროსის მხრიდან ეს მხარდაჭერა არის ურყევი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები დადებითად დასრულდება და შედეგიანი იქნება საქართველოსთვის. მინდა, საჯაროდ განვაცხადო, რომ კვიპროსი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ურთერთობა ევროკავშირთან. მე გამოვხატე ჩვენი სრული და ურყევი მხარდაჭერა მომავალში მისი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩვენ ვხედავთ როგორი დიდი მცდელობები და სამუშაო მიდის საქართველოში, რომ ევროპული მომავალი იყოს გარანტირებული. ვხედავთ, რომ როგორც მთავრობა, ისე ხალხი მუშაობს ამ მიმართულებით და ძალიან სასიამოვნოა. ვიტყოდი, რომ ორმხრივი იქნება ამ მცდელობების სარგებელი“, - განაცხადა ნიკოს ხრისტოდულიდისიმ.

მისივე თქმით, 13 მაისს ბრიუსელში ჩატარდება მინისტრთაშორისი შეხვედრა.

„10 წელი სრულდება ამ შეხვედრების დაწყებიდან და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვნახოთ, როგორ ვუჭერთ მხარს და როგორ ვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვხედავთ საქართველო მართლაც წარმოუდგენელი ნაბიჯებით მიიწევს წინ და ნამდვილად იმსახურებს, რომ მისი ეს მცდელობები ევროკავშირის მიერ აღიარებულ იქნას",-განაცხადა კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა და კიდევ ერთხელ გადაუხადა ქართველ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა.

კვიპროსის დელეგაცია საქართველოს გუშინ ეწვია და დღეს დილიდან მაღალი დონის შეხვედრები მიმდინარეობს. კვიპროსის დელეგაცია ქვეყანას ხვალ დატოვებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა