ჯაბა ჯიშკარიანი პროკურატურაში მის დაბარებაზე - ვიღებ ხელისუფლების ამ გამოწვევას და შემდეგ განცხადებებში უფრო ადეკვატური ვიქნები

საკრებულოს უმრავლესობის ყოფილი წევრი, ჯაბა ჯიშკარიანი, თბილისის პროკურატურაში, ე.წ. კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაიკითხა.

როგორც ჯიშკარიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაკითხვაზე, პროკურატურის გამომძიებლების მხრიდან დასმული ძირითადი კითხვები მისი და ზურაბ ვაზაგაშვილის ურთიერთობას ეხებოდა.

ჯიშკარიანი, ე.წ. კორტების საქმეზე, მომხდარიდან 13 წლის შემდეგ დაბარებას, ხელისუფლების მხრიდან გამოწვევად აფასებს.

„რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაინტერესდნენ ეს ადამიანები 13 წლის შემდეგ ჩემი დაკითხვით, 13 წლის განმავლობაში, ჩვენ აქტიურად ვაჟღერებდით ამა თუ იმ დარღვევების შესახებ არა მარტო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში, არამედ სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც და 13 წლის განმავლობაში, ყურს არ იბერტყავდა პროკურატურა. დღეს კი დადგა ჩემი გამოკითხვის აუცილებლობა. მათ ჩემი დაბარების მიზეზად განმიმარტეს, რომ ეს იყო დამნაშავე გიორგი ცააძის წერილი. გიორგი ცააძეს ბრალად ედება ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა. სწორედ პატიმარმა გიორგი ცააძემ გააგზავნა წერილი და თქვა, რომ ეს ახალი გარემოება არისო. როდის ერთხელ გახდა გიორგი ცააძის წერილი ახალი გარემოება, არ მესმის და სწორედ ამასთან დაკავშირებით გამომკითხეს. უშუალოდ კითხვებს რაც შეეხება, ეს იყო: საიდან ვიცნობდი ზურა ვაზაგაშვილს, როდის გავიცანი ეს ადამიანი, როგორი ურთიერთობა მქონდა ბატონ იური ვაზაგაშვილთან და ბოლოს, საიდან მქონდა ეს ინფორმაცია. მე არ მითქვამს, რომ ყურმოკრული ინფორმაცია მქონდა. ვუთხარი, რომ ყველა ამ კამპანიის, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ რეალური გამოძიება დამდგარიყო ვაზაგაშვილის საქმეზე, ლიდერი და სულისჩამდგმელი ვიყავი იმ ადამიანებთან ერთად, ვინც აწარმოებდა ამ ბრძოლას 2006-დან 2012 წლამდე და შემდეგაც. სწორდ ამასთან დაკავშირებით იყო ჩემი პროტესტი, როდესაც დალაქიშვილი დანიშნეს ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსად“, - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

ჯაბა ჯიშკარიანი ხელისუფლებას და პროკურატურას ურჩევს, იმ საქმეებით დაინტერესდნენ, რომლებიც დღემდე გამოუძიებელია.

„პროკურატურას და იმ გუნდს, ვინც ხელისუფლებაშია, ვურჩევ, რომ იმით კი არ დაინტერესდნენ ვინმე ჯალათი რით ახირდება და რას მოითხოვს, იმით დაინტერესდნენ ათი ათასობით საქმე რომ აქვთ შემოდებული თაროზე. მე არ მომწონს, რომ ვსაუბრობ ხელისუფლების ამ გამოწვევაზე. მე პირადად, გამოწვევას დავარქმევდი ამას ხელისუფლების მხრიდან. მე აუცილებლად მივიღებ ამ გამოწვევას და შემდეგვ განცხადებებში ვიქნები უფრო ადეკვატური მათ ქმედებებთან. როგორი კითხვაც იქნება მათი მხრიდან, ისეთი პასუხი იქნება ჩემი მხრიდანაც“, - განაცხადა ჯიშკარიანმა „ინტერპრესნიუსთან“.

ცნობისთვის, ჯაბა ჯიშკარიანი დაკითხვაზე სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაიბარეს, რომლის მიხედვით, „ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელი გიგი დალაქიშვილი 2013 წელს შს ყოფილმა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნა და იმავე წელს გაათავისუფლა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო