სასამართლომ „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ სარჩელი თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელის, გიორგი ბახტურიძის მიმართ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თამბაქოს კონტროლის ალიანსიდან აცნობეს, სარჩელის თანახმად, მომჩივანი გიორგი ბახტურიძისგან მედიის საშუალებით გაკეთებული განცხადებების პრესკონფერენციის საშუალებით უარყოფას მოითხოვდა. თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა სათამაშო ბიზნესს ზოგადად კრიმინალური ხასიათის მქონე უწოდა.

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია აცხადებდა, რომ ბახტურიძის გამონათქვამებით ასოციაციაში შემავალ სუბიექტებს ზიანი მიადგა, თუმცა, სასამართლო პროცესზე ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.

ბახტურიძის განმარტებით, სათამაშო ბიზნესის შესახებ მან გამოთქვა აზრი, რომელიც დღემდე სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ, ან გარკვეული კვლევების საფუძველზე გავრცელებულ ინფორმაციებს ეყრდნობა და არავის აქვს უფლება აზრის გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდოს, მით უფრო მაშინ, როდესაც ამ უფლებას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი, მკაფიოდ განმარტავს და იცავს.

მოსამართლე მაია გიგაურის განცხადებით, ვერ დადასტურდა, რომ მოპასუხის მიერ გამოთქმული ფრაზები მოსარჩელის, სათამაშო ბიზნესის ასოციაციის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას ლახავს. ამასთან, მოპასუხეს სიტყვის და აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება გარანტირებული აქვს როგორც კონსტიტუციით, ისე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონით. მოსარჩელეს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონით მინიჭებულ ვადებში გაასაჩივროს.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ამჯერად სააპელაციო სასამართლოს მიმართოს და ამ ინსტანციიდან მოითხოვოს გიორგი ბახტურიძის და შემდგომ ნებისმიერი პირის სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იმ მოტივით, რომ მასში შემავალ სუბიექტებს ზიანი ადგება. ალიანსის განცხადებით, ალოგიკურია, რომ საკუთარი იმიჯის შელახვის ბრალდებებს აყენებს სათამაშო ბიზნესი, როდესაც ის თვითონ არის უამრავი ადამიანისთვის გამოუსწორებელი, ტრაგიკული ზიანის გამომწვევი. ალიანსის განცხადებით, შესაბამისი რეგულაციების არარსებობის შემთხვევაში, სათამაშო ბიზნესი ლუდომანიით დაავადებულ, კიდევ უამრავ ადამიანს გააუბედურებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა