თანაინვესტირების ფონდი - „პანორამა თბილისის“ მშენებლობისას 3 მუშის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი იყო ბაგირის და კალათის გამოდება წინაღობაზე, რამაც სამაგრის მოწყვეტა გამოიწვია

თანაინვესტირების ფონდი „პანორამა თბილისის“ მშენებლობისას დაშავებული სამი მუშის საკითხზე მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სიუჟეტში გაჟღერებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ 2019 წლის 17 აპრილს, „რუსთავი 2“-ის ეთერში, კერძოდ, გადაცემაში „კურიერი“ გასულ სიუჟეტს „პანორამა თბილისისა“ და სამი დაშავებული მუშის თაობაზე, რომელშიც გაჟღერდა არაერთი მცდარი ინფორმაცია.

„რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა ობიექტზე შესვლა მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტების დახმარებით შეძლეს, რაც ტყუილია. შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების ადგილზე შესვლა მოხდა შეუფერხებლად, ასევე შეუფერხებლად მიმდინარეობდა საპატრულო პოლიციის, სასწრაფოს დახმარების, ეკონომიკის სამინისტროს და საექსპერტო სამსახურის წარმომადგენლების ადგილზე შესვლა.

სიუჟეტში ნახსენებია რომ სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს კომპანია „ჯითიდიეფ სოლუშენს“, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. უკანა ფასადის ლესვით სამუშაოებს, სადაც მოხდა ინციდენტი, ახორციელებდა „შპს ენერჯი პლიუსი“, შპს „თბილისი სითის“ დაკვეთით. „შპს ენერჯი პლიუსი“ კონტრაქტით ვალდებული იყო დაეცვა სამშენებლო ნორმები და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად შესაბამისი პერსონლი ჰყავდა გამოყოფილი. აღნიშნული კომპანია არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი და მას არანაირი კავშირი არ აქვს შპს „ჯითიდიეფ სოლუშენს“-თან ან საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდთან.

მოგახსენებთ, რომ 16 აპრილს თავისუფლების მოედანთან, კერძოდ კი ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილზე განთავსებული სასტუმროს მშენებლობაზე დაშავდა სამი მუშა, უკანა ფასადის ლესვითი სამუშაოების შესრულებისას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამივე მუშის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი იყო ბაგირის და კალათის გამოდება წინაღობაზე, რამაც გამოიწვია ბაგირის დაჭიმვა და სამაგრის მოწყვეტა. აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებდა კომპანია შპს „ენერჯი პლიუსი“, რომელსაც ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით სრული პასუხისმგებლობა აკისრია შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.

ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ორი დაშავებული - გიორგი ლიპარტელიანი და ნოდარ ჩახალიანი „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანა, ხოლო დავით ოჩხიკიძე გადაყვანილია „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში“, - ნათქვამია თანაინვესტირების ფონდის განცხადებაში.

მათივე ცნობით, „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რაც ასევე მცდარი ინფორმაციაა.

„ამტელ ჰოსპიტალის” ნეიროქირურგიული დეპატამენტის ხელმძღვანელის ბესიკ წივწივაძის განცხადებით, დაშავებულებს აღენიშნებათ მსუბუქი ხარისხის თავის ტვინის შერყევა და სხეულის დაბეჟილობა, შინაგანი ორგანოების დაზიანება არ იკვეთება და ამჟამად უტარდებათ კონსერვატიული მკურნალობა. პაციენტები დღეს გაეწერებიან ბინაზე, ამბულატორიული მკურნალობის გასაგრძელებლად. ხოლო დავით ოჩხიკიძეს აღენიშნება ქალა ტვინის ტრამვა, გულ-მკერდის დახურული ტრამვა, ნეკნების მოტეხილობა, ფილტვების დაბეჟილობა და მუცლის დახურული ტრამვა. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლები არ დაკავშირებიან საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს, არ გამოუთხოვიათ ინფორმაცია, რაც ამყარებს ეჭვს, რომ „რუსთავი 2“-ის ინტერესი არა საზოგადოების ინფორმირება, არამედ მისი შეგნებულად შეცდომაში შეყვანაა“, - ნათქვამია თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს