დიმიტრი გვრიტიშვილი - განსაკუთრებით უცნაურია რეკომენდაცია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მხოლოდ ნაწილი აირჩიოს მოქმედმა პარლამენტმა, განა ეს პოლიტიკურ სარჩულს არ ატარებს?

განსაკუთრებით უცნაურია რეკომენდაცია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მხოლოდ ნაწილი აირჩიოს მოქმედმა პარლამენტმა, განა ეს პოლიტიკურ სარჩულს არ ატარებს? - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელიც საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს ეხება. გრიტიშვილი მიიჩნევს, რომ დასკვნაში ასახული რეკომენდაციების ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

„16 აპრილს ცნობილი გახდა ვენეციის კომისიის დასკვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის წესის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. დასკვნაში ასახული რეკომენდაციების ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის შემცირება; მოსამართლეთა ეტაპობრივი დანიშვნა), ამიტომ ისინი ორგანულ კანონში ვერ აისახება; რეკომენდაციების ნაწილი გვთავაზობს იმავე ვენეციის კომისიის მიერ რამდენიმე წლის წინ გაცემული რეკომენდაციისაგან განსხვავებულ მოწესრიგებას (2013 წელს კომისიამ ჩათვალა, რომ ღია კენჭისყრის შეცვლა ფარული კენჭისყრით პროგრესული და მისასალმებელი ცვლილება იყო; დღეს კი, რატომღაც, კომისია ფიქრობს, რომ ფარული კენჭისყრა ცუდია). განსაკუთრებით უცნაურია რეკომენდაცია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მხოლოდ ნაწილი აირჩიოს მოქმედმა პარლამენტმა, დანარჩენი კი აირჩიოს 2020-2024 წლების მოწვევის პარლამენტმა. განა ეს პოლიტიკურ სარჩულს არ ატარებს? აქამდე ვიცოდი, რომ ვენეციის კომისია მხოლოდ სამართლებრივი ექსპერტიზისათვის შექმნილი ინსტიტუტი იყო და დროის ცვლილება არ აისახებოდა მისი დასკვნების შინაარსზე“, - წერს გრიტიშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ამბობს, რომ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა კატეგორიული მოთხოვნაა კანდიდატს ჩაბარებული ჰქონდეს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

„თუ ფარული კენჭისყრა უნდა შენარჩუნდეს, მაშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებათა დასაბუთება შეუძლებელია: რანაირად უნდა აიძულო საბჭოს წევრი - ღიად გამოთქვას აზრი, თუ რატომ დაუჭირა ან არ დაუჭირა მხარი კანდიდატს, ეს ხომ ფარულობას დაარღვევს? ასევე ალოგიკურია, გასაჩივრდეს საბჭოს გადაწყვეტილება კანდიდატის ნომინირების შესახებ, ის ხომ შუალედურია; მაშინ პარლამენტის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება რატომ არ საჩივრდება? და ბოლოს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა კატეგორიული მოთხოვნაა - კანდიდატს ჩაბარებული ჰქონდეს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 1-ლი და მე-2 ინსტანციების მოსამართლეობისათვის კანონით ეს აუცილებელი მოთხოვნაა, მითუფრო ის აუცილებელი უნდა იყოს უმაღლესი ინსტანციის მოსამართლისათვის, როგორც კვალიფიციურობის დამადასტურებელი ობიექტური განმსაზღვრელი!“, - აღნიშნავს დიმიტრი გვრიტიშვილი.