დავით ბაქრაძე - სახელმწიფო ორ რეზიდენციას ინახავს, ერთს, როგორც პრეზიდენტის საცხოვრებელს და მეორეს - როგორც პრეზიდენტის საბანკეტო ადგილს

ყოფილი პრეზიდენტის მიწვევაში მე პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით, პრობლემა არის მაშინ, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს დევნი და აპატიმრებ, - ასე შეაფასა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ გიორგი მარგველაშვილის მიწვევა კვიპროსის პრეზიდენტთან საზეიმო ვახშამზე.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ პრეზიდენტი დღეს ორ სასახლეს იყენებს.

„როდესაც ინსტიტუციურ მეხსიერებას ინარჩუნებ და ყოფილ პრეზიდენტს პატიჟებ მაღალი რანგის მიღებაზე, ამაში მე პრობლემას ვერ ხედავ. პრობლემა არის ის, რომ რეზიდენციის ხარჯებზე ამდენწლიანი საუბრის შემდეგ მივიღეთ სიტუაცია, როდესაც სახელმწიფო ისევ ინახავს ორ რეზიდენციას და ამასთან ერთ რეზიდენციას ინახავს, როგორც პრეზიდენტის საცხოვრებელს და მეორეს - როგორც პრეზიდენტის საბანკეტო ადგილს. აი ეს არის ტიპური მაგალითი „ქართული ოცნების“ იმ მმართველობის, როდესაც აკეთებენ ერთს და ამბობენ - მეორეს, ამაშია პრობლემა, თორემ მარგველაშვილის მიწვევას მივესალმები, რადგან ამაშია სახელმწიფოს ინსტიტუციონალური მეხსიერების გაგრძელება და კარგია, ყოფილი პრეზიდენტები, ყოფილი ლიდერები, ყოფილი პრემიერები და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები ამ ქვეყანაში იყვნენ ისევე, როგორც ეს ხდება ევროპის დემოკრატიებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.