პატრიარქი კვიპროსის პრეზიდენტს - თქვენი ვიზიტი გაგრძელებაა იმ უძველესი კულტურული და სულიერი თანამოღვაწეობისა, რომელიც ჩვენ შორის იყო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და მღვდელმთავრებმა კვიპროსის პრეზიდენტს, ნიკოს ანასტასიადისს, მის მეუღლეს, ანდრი მუსტაკუდისს და მათ თანმხლებ პირებს უმასპინძლეს. მიღებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსში რევაზ ლომინაძე.

საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კვიპროსსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც საუკუნეებს ითვლის და რომლის ნათელი დადასტურებაცაა თამარ მეფის მიერ კვიპროსში აგებული ღალიის მონასტერი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტს ისტორიული დღე უწოდა.

„თქვენი ვიზიტი ისტორიული ვიზიტია, პირველი ვიზიტი კვიპროსის მეთაურის საქართველოში.

ურთიერთობა, რომელიც პირველი საუკუნეებიდან ჩამოყალიბდა, მთელი ისტორიის განმავლობაში გრძელდებოდა. თქვენი ვიზიტი არის გაგრძელება იმ უძველესი კულტურული და სულიერი თანამოღვაწეობისა, რომელიც ჩვენ შორის იყო,“ - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.

მისმა უწმინდესობამ კვიპროსის პრეზიდენტსა და მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოს II-ს ღალიის მონასტერთან დამატებით მიწის ნაკვეთის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ იქ ქართული მონასტერი მალე აშენდება.

„ბოლო პერიოდში გაძლიერდა ქართველების კვიპროსზე ჩამოსვლა და ამან გამოიწვია ის ფაქტი, რომ ხელისუფლების ბრძანებით, საქართველოს ეკლესიას გადაეცა მიწის ნაკვეთი, სადაც ახალი მონასტერი აშენდება.

ჩვენ დღეს ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, მაგრამ არის საშუალება იმისა, რომ საქართველომ ააშენოს მონასტერი. ეს იქნება კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი ჩვენი დაახლოებისა. მადლობელი ვართ თქვენი გადაწყვეტილებისათვის და ვეცდებით, რომ ეს მონასტერი მალე აშენდეს,“ - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.

კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია და კვიპროსის მსგავსად, დარღვეულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაც. მისმა უწმინდესობამ პრეზიდენტს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ქვეყნები მშვიდობიანი გზით აღიდგენენ მთლიანობას.

რაც შეეხება კვიპროსის პრეზიდენტს, ნიკოს ანასტასიადისმა ილია II-ს კვიპროსის მთავარეპისკოპოსის მოკითხვა გადმოსცა და განაცხადა, რომ კვიპროსი მომავალშიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ ლომინაძემ ისაუბრა კვიპროსში მცხოვრები ქართველების შესახებ და მადლიერებით აღნიშნა პრეზიდენტისა და კვიპროსის მთავრობის მეგობრული დამოკიდებულება ქართველი ემიგრანტების მიმართ.

შეხვედრის დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კვიპროსის პრეზიდენტს და მის მეუღლეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, დალოცა და წარმატებები უსურვა.

შეგახსენებთ, ნიკოს ანსტასიადისი კვიპროსის პირველი პრეზიდენტია, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს