დეპუტატობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი უსახლკაროდ დარჩენილი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საბინაო პოლიტიკის შემუშავებას ითხოვს

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სოფიო ხორგუანის ინფორმაციით, ქალაქ თბილისში, შემოსავლების სამსახურის ყოფილ შენობაში, პაოლო იაშვილის #4-ში, უკვე 7 წელია, ძალიან მძიმე საცხოვრებელ პირობებში სოციალურად დაუცველი სამოცდაორი ოჯახი ცხოვრობს. სოფიო ხორგუანის განცხადებით, მათ ბუნებრივი აირი არ აქვთ. რაც შეეხება ელექტროენერგიას, აქვთ ერთი, საერთო მრიცხველი და ვინაიდან, ყველა ოჯახი დროულად ვერ ახერხებს შესაბამისი კომუნალური გადასახადის გადახდას, თვის ბოლოს შუქი ყველას ეთიშება.

სოფიო ხორგუანის განცხადებითვე, რთული პირობების პარალელურად, აღნიშნულ სამოცდაორ ოჯახს გაურკვევლობაში ცხოვრება უწევს, რადგან არ იციან, მათთან დაკავშირებით, რა გეგმები არსებობს.

დეპუტატობის კანდიდატი დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართავს კითხვით, ხომ არ არის გათვალისწინებული ან დაგეგმილი ამ ოჯახების შესახლება რომელიმე კონკრეტულ საცხოვრებელ შენობაში. თუ ასეთი რამ არ იგეგმება, მოქალაქეების თხოვნაა, მერიამ დახმარება გაუწიოს და ინდივიდუალური გამრიცხველიანობის საკითხზე „თელასთან“იშუამდგომლოს, რათა მათ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებს, ყოველთვიურად უშუქობაც არ ემატებოდეს.

სოფიო ხორგუანს ასევე მიაჩნია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისა და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის, პირველ რიგში, საბინაო პოლიტიკაა საჭირო.

„უნდა გამოიყოს თანხები და აშენდეს კორპუსები. ასე მათი საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება. ისტორიულ შენობებსაც, რომლებსაც გაუსაძლისი პირობებით, სოციალურად დაუცველებს დროებით მფლობელობაში გადავცემთ, სწორად გამოვიყენებთ. მაგალითად, დასახელებულ მისამართზე არსებული შენობა მე-19 საუკუნის დასასრულს არის აგებული. გამორჩეული არქიტექტურის გამო, 2007 წლის 1-ელ ოქტომბერს მას ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შენობის საერთო ფართობი 2515 კვადრატული მეტრია და სახელმწიფოს საკუთრებაშია. მისი ღირებულება მინიმუმ 6 287 500 ამერიკულ დოლარს შეადგენს“, - აცხადებს სოფიო ხორგუანი.

მისი თქმით, აღნიშნული შენობა დღეს მოუვლელია და იქ მცხოვრები 62 ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულ პირობებში იმყოფება, ხოლო სამშენებლო ნორმების სტანდარტების დაცვით მათთვის კორპუსის აშენება, გაცილებით იაფი - დაახლოებით 500 000 ლარი დაჯდება.

„საჭიროა ნება და სათანადო გადაწყვეტილება, რომ დროულად დავიწყოთ ზრუნვა ამ ადამიანების ყოფის გასაუმჯობესებლად. საჯარო-კერძო თანამშრომლობის ფორმატში, სრულიად შესაძლებელია, ინვესტორები დავაინტერესოთ და ასეთი ღირებულების ძეგლი სწორად გამოვიყენოთ. დღეს ვერც ძეგლს ვუვლით, მოუვლელობა მხოლოდ აზიანებს მის მდგომარეობას და ვერც იქ მცხოვრებ ადამიანებს ვთავაზობთ მათი პატივისა და ღირსების შესაფერის საცხოვრებელ პირობებს. საჯარო მმართველობა საზოგადოების კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს, ამიტომ ამ ადამიანების ინტერესების, მათი უფლებების დაცვისა და პატივისცემის მიზნით, უნდა განისაზღვროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საბინაო პოლიტიკა და დროულად მიიღონ მათი ინტერესების დამცველი კონკრეტული გადაწყვეტილებები“, - აღნიშნავს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა