ნათია თურნავა - მივესალმებით ინიციატივას, რომ პანკისში ხადორი - 3 - ის ჰესთან დაკავშირებით სამმხრივი შეთანხმება გაფორმდეს

მივესალმებით ინიციატივას, რომ პანკისში ხადორი - 3 - ის ჰესთან დაკავშირებით სამმხრივი შეთანხმება გაფორმდეს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

როგორც თურნავამ აღნიშნა, მან მოსახლეობასთან საქართველოში ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენ შევხვდით ძალიან პატრიოტ და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს, რომლებთანაც ვისაუბრეთ საქართველოში ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის აღინიშნა, რომ ჰესების მშენებლობის დაგვიანებით ჩვენ უფრო მეტად ვხდებით დამოკიდებული გარე წყაროებზე, ხოლო ჩვენი ქვეყანა, შესაბამისად, უფრო მოწყვლადი ხდება. ასევე განვიხილეთ ხადორი 3 - ის მცირე ჰესის პროექტი და ვისაუბრეთ იმ სიკეთეზე, რომელსაც აღნიშნული ობიექტის განხორციელება ხეობას მოუტანს“, - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა დუისში ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინიციატივით გაიმართა.

მათივე ცნობით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი.

მთავრობის წარმომადგენლებმა ხეობის ახალგაზრდების, ქალთა საბჭოსა და უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს პანკისის ხეობაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, სოფლის მეურნეობის და მეწარმეობის სახელმწიფო პროგრამებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

მინისტრის მოადგილემ მოიწონა ინიციატივა, გაფორმდეს სამმხრივი შეთანხმება ხელისუფლების, ადგილობრივ უხუცესთა საბჭოსა და ინვესტორს შორის. „ჩვენ ვიქნებით იმის გარანტორი, რომ ყველა ვალდებულება, რომლსაც ინვესტორი აიღებს, ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, დასაქმება, თუ ადგილობრივი ფონდის შექმნა, აუცილებლად შესრულდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრამ დუისში კონსტრუქციულად ჩაიარა. მთავრობის წარმომადგენლებმა უპასუხეს ხეობის მცხოვრებთა შეკითხვებს, რომლებიც არა მხოლოდ ჰესებს, არამედ ხეობის მცხოვრებთათვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, პროფესიული გადამზადების და მიკრო და მცირე ბიზნესის სტიმულირების პროგრამებს, აგრეთვე საგზაო და სხვა საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის მშენებლობას შეეხებოდა.

შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ხეობის ენერგეტიკულ შესაძლებლობებს გაეცნო.

პანკისის ხეობაში კომპანია „ფერი“ „ხადორი 3“ - ისა და „სამყურისწყალი 2“ - ის ჰიდროელექტროსადგურებს ააშენებს, რომელიც ჯამურად 40 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. შედეგად, ორივე ჰესი ჯამურად 160 მლნ კვტსთ - ი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს. ინვესტორი ორივე ჰესის ასაშენებლად 40 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.