ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2019

ივანიშვილის ე.წ. შავი სია ამოქმედდა - ქობულია გადააყენეს, ვინ იქნება შემდეგი?

"ეს არის განაჩენი, რომელიც მმართველ გუნდს საკუთარი თავისთვის გამოაქვს... დიდი დღე არ უწერია“

***

ივანიშვილის ე.წ. შავი სია ამოქმედდა - ქობულია გადააყენეს, ვინ იქნება შემდეგი?

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შავი სია გააქტიურდა. ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია გადადგა. მედიაში ვრცელდება ცნობები, თითქოს მას გადადგომა აიძულეს. ყველა სვამს კითხვას - ვინ იქნება შემდეგი?! შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი აქტიურად მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში ღიად გამოხატა უკმაყოფილება სამი მინისტრის მუშაობაზე, რომელთა შორის ერთ-ერთი ქალია. ქობულიას შემდეგ, ვარაუდობენ, რომ თანამდებობას შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაემშვიდობონ. ციხელაშვილის ადგილი ერთი ვერსიით დიპლომატმა ზურაბ აბაშიძემაც შეიძლება დაიკავოს. ხოლო დავით ზალკალიანი კი აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ ჩაანაცვლოს. მოგვიანებით ამ საკითხზე კონსულტაციები პრემიერ-მინისტრმაც დაადასტურა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ივანიშვილის ე.წ. შავი სია ამოქმედდა - ქობულია გადააყენეს, ვინ იქნება შემდეგი?

"რაც შეეხება ქობულიას, არსებული ინფორმაციით, მას პრემიერმა ერთი თვის განმავლობაში გადადგომა არა ერთხელ მოსთხოვა. ამასთანავე მედიაში შიდა წყაროებით ცნობილი ხდება, რომ მის მიმართ განსაკუთრებული უკმაყოფილებით ივანიშვილი გამოირჩეოდა. ქობულიამ კი პრემიერს შეუთვალა, რომ ის საკუთარი ნებით წასვლას არ აპირებდა და არგუმენტირებულად დაესაბუთებინათ მისი გადადგომა, რატომ სურდათ. გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა განიხილება. ქობულიამ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა 2018 წლის ივლისში დაიკავა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ პრემიერს მოუწევს ახსნას, რატომ გაუშვა გიორგი ქობულია. პრემიერ-მინისტრს მოუწევს ძალიან კარგად ახსნას, ჩვენთვის, დეპუტატებისთვის, საზოგადოებისთვის, რატომ გაუშვა გიორგი ქობულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ იმ უცნაური გამონათქვამების გამო არ შეცვლიდნენ დიდი თანამდებობის პირს, ეკონომიკის მინისტრს, იმიტომ, რომ მაგაზე უარეს სისულელეებს საუბრობს ძალიან ბევრი თანამდებობის პირი, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი და უფრო მეტ შეცდომებს უშვებს პოლიტიკური თვალსაზრისით,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის თქმით, მისთვის ქობულიას გადაყენება მოსალოდნელი იყო, რადგან "ბევრი არასერიოზული განცხადება გააკეთა". ამბობს, რომ ქობულიამ თავდაპირველად უარი თქვა თანამდებობის დატოვებაზე, თუმცა ბოლოს ზეწოლას ვეღარ გაუძლო. დაახლოებით, ერთი თვის წინ უკვე ცნობილი იყო, რომ ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის ენით შეუთვალა ქობულიას წასვლა. მან უარი განაცხადა და მისი პასუხი თურმე ყოფილა ასეთი, რომ საკუთარი ნებით არ წავა, დაასაბუთონ, რატომ უნდა დატოვოს თანამდებობა და თუ უნდათ ჩემი გაშვება, გამათავისუფლონო. როგორც ჩანს, ძალიან დიდი ზეწოლა განხორციელდა მასზე და იძულებული გახადეს, რომ წასულიყო და ვნახოთ, ახლა როგორ ახსნის ამ მოვლენას,“ - აცხადებს რომან გოცირიძე. მისივე თქმით, ქობულია ივანიშვილის დავალებებს სრულად არ ასრულებდა და მისი გადაყენების მიზეზი შესაძლოა სწორედ ეს ფაქტი გახდა“ , - განაგრძობს გამოცემა.

"საპარლამენტო უმრავლესობა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პრემიერმა ქობულიას გადადგომა აიძულა. უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, მოსთხოვა თუ არა მამუკა ბახტაძემ მინისტრს გადადგომა. „რაც შეეხება მინისტრების და კაბინეტში ცვლილებებს, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა გადაწყვეტილებების კუთხით კითხვებს პასუხებს ის უნდა სცემდეს ,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ანალიტიკოსი, ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ქობულიას გადაყენება კი არა მთელი მინისტრთა კაბინეტის სახლში გაშვება ამ ქვეყანაში არაფერს შეცვლის. „მმართველობითი სისტემა ისეთი არეულია, მთელი მინისტრთა კაბინეტი სახლში რომ წავიდეს, ქვეყანას მაინც არაფერი შეეტყობა. კარგი მინისტრი იქნება თუ ცუდი, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. გადაწყვეტილების მიღების სისტემაა საერთოდ მორღვეული. აქედან გამომდინარე, ეს სრულიად ტექნიკური საკითხებია. ორი პრემიერი ისე მოვინელეთ, მათი სახელებიც კი აღარავის ახსოვდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მმართველობითი სისტემა ერთი ადამიანის მხრებზეა და მისი პასუხისმგებლობის ზონაა. მთელი „ოცნება“ რომ პოლიტიკიდან წავიდეს, მაინც არაფერი შეიცვლება, რადგანაც ყველაფერზე პასუხისმგებლობა ერთ კაცზეა დაკისრებული. თუ კაბინეტის ცვლილებით მოსამართლების თემის გადაფარვა უნდა, ამას ვერ შეძლებს. ეს შეიძლება ერთი ან ორი დღით გადაფაროს. ეს არის საკითხი, რომელიც როგორც ჩანს ამ ხელისუფლებისთვის ფატალურად დასრულდება“, - აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.

"ეს არის განაჩენი, რომელიც მმართველ გუნდს საკუთარი თავისთვის გამოაქვს... დიდი დღე არ უწერია“

"დღეს მმართველმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვენეციის კომისიის დასკვნებიდან რაღაც ორი პუნქტი გაითვალისწინონ, რაც არ არის საკმარისი. მმართველი გუნდი საკუთარ მოსამართლეებს ნიშნავს და ის გადაწყვეტილება მოჰყავს სისრულეში, რომელიც ამ ქვეყანაში ყველას წინააღმდეგაა მიმართული," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას „ქართული ოცნების" კოალიციის ყოფილი წევრი და ყოფილი პარლამენტარი ანი მიროტაძე უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა საკითხს და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, „ეს არის განაჩენი, რომელიც მმართველ გუნდს საკუთარი თავისთვის გამოაქვს... დიდი დღე არ უწერია“

"ანი მიროტაძის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ჯალათი მოსამართლეების გვერდით დარჩნენ. უარი უთხრა სამართლიანობას, განვითარებას, პროგრესს, ჩვენ ქვეყანაში კანონის უზენაესობას და განგვიცხადეს, რომ „ჩვენ გვჭირდება ისეთი მოსამართლეები, ვინც კარგი შემსრულებლები არიან" - ვინც განაჩენს გამოიტანს ისე, როგორც დასჭირდება იმ კონკრეტულ მოცემულობაში ამა თუ იმ ხელისუფლებას და უსიტყოდ შეასრულებენ მათ ბრძანებას. ხელისუფლებას მთლიანად გაკონტროლებული სასამართლო სჭირდება, მათ შორის პოლიტიკური ნიშნითაც. პოლიტიკური განაჩენი გამოყენებული იქნება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება. რაც დრო გადის, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ „ქართული ოცნება" ძალიან დაემსგავსა „ნაციონალურ მოძრაობას" ყველა მიმართულებით. მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობა გირგვლიანის საქმემ გადაიყოლა. აუცილებლად გადაიყოლებს გირგვლიანის საქმე ამ ხელისუფლებასაც და ეს ზღვარი ძალიან ახლოსაა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"არ შეიძლება ადამიანებს უთხრა, რომ „ქვეყანას როგორც მინდა ისე ვმართავ და სამართლას როგორც მე გთავაზობ, ისეთი უნდა მიიღო." გამორიცხულია, ამ ქვეყანაში არ შეეგუებიან მურუსიძეების ხელით დაწერილ კანონებსა და სამართალს, რაც ვერ გაიგო და ვერ გაიაზრა ბიძინა ივანიშვილმა. მეტსაც გეტყვით, რომ იგი შეეცადა, რომ ჩვენგან დაეცვა მურუსიძე. ქართული საზოგადოების წინაშე იგი კოლექტიურ მურუსიძეებს იცავს. ეს არის დანაშაული და განაჩენი, რომელსაც ეს გუნდი თავის ხელით წერს. ადამიანები, რომლებიც გადაეფარებიან უსამართლობას და რეჟიმის შემქნელ მოსამართლეებს, უნდა იყვნენ იმისთვის მზად, რომ მათ საზოგადოება ეტყვის უარს მკაფიოდ და მკაცრად. ეს დღეს მოხდება თუ ხვალ, დიდი დღე არ უწერია. დაამტკიცებენ მურუსიძის, ჩინჩალაძის, ზარდიაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების მიერ წარდგენილ მოსამართლეებს. ეს ადამიანები როგორი რეპუტაციით სარგებლობენ, ყველამ კარგად ვიცით“, - დასძენს გამოცემა.

"ეს ნამდვილად ბოლო ამბავია „ქართული ოცნების", რითაც საკუთარ მოსახლეობას უგზავნის შემდეგ მესიჯს, რომ მათ არ აინტერესებთ, რას ფიქრობს ხალხი. ვნახოთ, 2020 წელი მოდის, ვის რა უნდა, გამოჩნდება არჩევნებში. არა მგონია, ხალხს უნდოდეს და მიიღოს მკვლელების მფარველები. ძალიან მძიმე განაჩენი არის ეს მათი მხრიდან საკუთარი თავის წინაშე გამოტანილი. უმძიმესი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ამ პოლიტიკურ გუნდს. მოსამართლეების ამ ფორმით დამტკიცებაზე ზნეობრივი ზღვარი უკვე დარღვეულია. თუ ვინმეს რაიმე გადაწყვეტილება მისაღები ჰქონდა. ამაზე მეტი მიზეზი რა უნდა გქონდეს - როდესაც ვერ ეგუები უსამართლობას და ზუსტად ამ ნიშნით მოდიხარ ხელისუფლებაში, დღეს კი ეს გავიწყდება და იმ ადამიანების გვერდით დგომა არ გეუხერხულება?! არ ვიცი, როდისღა უნდა გამოვიდნენ. ალბათ მაშინ, როდესაც საკუთარ ადგილს ვეღარ დაინახავენ 2020 წლის სიაში. მაშინ კი ძალიან დაგვიანებული იქნება. ქართულ პოლიტიკაში, სამწუხაროდ, ადამიანები ხშირ შემთხვევაში იდეალებისთვის კი არა, საკუთარი კეთილდღეობის მოწყობისთვის მოდიან. ეს არჩევნებიდან არჩევნებამდე არის განსაზღვრული“, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო