ძალიან სამწუხაროა ქობულიას გაშვება, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავრობის პოლიტიკა არ არის ის, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის - სოციალ-დემოკრატების“ წევრმა გია ჟორჟოლიანმა ეკონომიკის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მთავრობა ადგას სხვა პოლიტიკას, გიორგი ქობულიას ჰქონდა სხვა პოლიტიკა. ჩემი აზრით, მისი გეგმები ისეთია, რომელიც ჩვენს ქვეყანას დღეს სჭირდება, ეს არის განვითარებაზე, პრიორიტეტებზე ორიენტირებული და სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობის პოლიტიკა ასეთი არ არის. ამიტომ, ქობულიას ამ მთავრობაში ყოფნა შეუსაბამობაში იყო ამ პოლიტიკასთან. ამის შედეგად არის ქობულია გაშვებული. ძალიან სამწუხაროა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავრობის პოლიტიკა არ არის ის, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ამიტომაც დავტოვეთ ჩვენ უმრავლესობა“,- აღნიშნა ჟორჟოლიანმა.
იგი ვარაუდობს, რომ აღნიშნულ პროცესში ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა.
„მთავრობა ერთიანად იღებს გადაწყვეტილებებს და ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის ხელმძღვანელი, ცხადია, ბიძინა ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებაში, ალბათ, მონაწილეობდა“,- აღნიშნა ჟორჟოლიანმა.