მამუკა ბახტაძე - უკვე 20 სკოლაა გახსნილი, სადაც 800-ზე მეტი ბავშვი ქართულ პოლიფონიას და საგალობლებს ეუფლება, ვაპირებთ გავხსნათ კიდევ 6

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბატაძის განცხადებით, საქართველოში ფოლკლორისა და კულტურის ექვსი ცენტრი გაიხსნება.

როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, უკვე 20 სკოლაა გახსნილი, სადაც 800-ზე მეტი ბავშვი ქართულ პოლიფონიას და საგალობლებს ეუფლება.

“ეს საკითხი ჩემთვის ეხება ძალიან მნიშვნელოვან და არ დაგიმალავთ ემოციურ საკითხსაც. პირველი შემთხვევა არ არის, სამწუხაროდ, რომ ჩემი ან ჩემი მთავრობის რომელიმე წარმომადგენლის ინიციატივის ან სიტყვების ასეთი არასწორი ინტერპრეტაცია ხდება და ეძლევა მას სრულიად არაჯანსაღი ფორმა. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს გამოსვლაზე სტრასბურგში. მე ამ საკითხს ვუდგები სახელმწიფოებრივად და, რა თქმა უნდა, ამავე დროს ემოციური დატვირთვითაც. ვფიქრობ, ეს არის სწორი და გამართლებული ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. მე გავიზარდე ტრადიციულ ქართულ, ქრისტიანულ ოჯახში და მაქვს ჩემი ფასეულობები და ფასეულობათა სისტემა. მე ყოველთვის ვხელმძღვანელობდი მთავარი პრინციპით და ეს პრინციპი თქვა ყველა დროის ყველაზე დიდმა ქართველმა ილია ჭავჭავაძემ “აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა", რაც ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა, ერი, რომელიც დაივიწყებს თავის ტრადიციებს, თავის ღირებულებებს, თავის ეროვნულ საგანძურს, ვერ ექნება მომავალი ისევე, როგორც მომავალი ვერ ექნება ერს, რომელიც არ იქნება ფოკუსირებული განვითარებაზე და მომავალზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რითაც მე და ჩემი თანაგუნდელები ვხელმძღვანელობთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ფოლკლორის განვითარებაზე, პოპულარიზაციაზე, პოლიფონია და საგალობლები ამის ნაწილია, რა თქმა უნდა, აქ ჩემი აზრით, შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი - ეს არის ქართული სახელმწიფოს ინტერესში და ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში. მინდა გითხრათ, რომ უკვე 20 სკოლაა გახსნილი, სადაც 800-ზე მეტი ბავშვი ეუფლება ქართულ პოლიფონიას და საგალობლებს. კიდევ ექვსის გახსნას ვაპირებთ. დიახ, ეს იყო ჩვენი ეკლესიის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ გავითვალისწინებთ! უფრო მეტიც, მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო, ყველგან, სადაც იქნება ჩვენი საზოგადოების თხოვნა, საქართველოში ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსნით ქართული ფოლკლორისა და კულტურის ცენტრებს იმიტომ, რომ ეს არის ქართული სახელმწიფოს ინტერესში, ქართველი ხალხის ინტერესებში”, - განაცხადა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა