გიგი წერეთელი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას უხელმძღვანელებს

საქართველოს პარალამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების სპეციალურ კოორდინატორად დაინიშნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სადამკვირვებლო მისია ეუთოს, ევროსაბჭოს, ნატოს და ევროპარლამენტის დელეგაციებს აერთიანებს. მისიის ხელმძღვანელად გიგი წერეთლის დანიშვნის გადაწყვეტილება ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, მიროსლავ ლაიჩეკმა მიიღო.

გიგი წერეთლის თქმით, არჩევნები მაღალი სტანდარტით უნდა ჩატარდეს, რადგან უკრაინის არჩევნები არაორდინარულ ვითარებაში იმართება, რაც განპირობებულია რუსეთისა და უკრაინის ცხელი კონფლიქტით.

„უკრაინის არჩევნების მეორე ტურის მაღალი სტანდარტით ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს უპირველეს ყოვლისა უკრაინელი ხალხისათვის, ნდობის ასამაღლებლად ახალი არჩეული პრეზიდენტისადმი და ზოგადად ხელისუფლებისადმი. ასევე ქვეყნის თავდაცვისა და რეფორმების განსახორციელებლად საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებისათვის. ეს არჩევნები არაორდინარულ ვითარებაში იმართება, რაც განპირობებულია რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიითა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ცხელი კონფლიქტით. ამიტომ არსებული გამოწვევების დასაძლევად, არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარება, უკეთეს პირობებს შექმნის“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ეუთოს 500-ზე მეტი დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს. ისინი სხვა აკრედიტებულ ორგანიზაციებთან ერთად, ქვეყნის უმეტეს რეგიონებში საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან.

სადამკვირვებლო მისია საზოგადოებას არჩევნების შეფასების დასკვნას, 22 აპრილს სპეციალურ ბრიფინგზე გააცნობს, რომელსაც გიგი წერეთელი, როგორც სპეციალური კოორდინატორი, გაუძღვება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო