რამაზ საყვარელიძე - პანკისთან ურთიერთობებს პრევენციულად მოვლა უნდა და არა მარტო მწვავე მომენტებში ჩარევა, ამ მხრივ ხელისუფლებამ დაუდევრობა გამოიჩინა

პანკისთან ურთიერთობებს პრევენციულად მოვლა უნდა და არა მარტო მწვავე მომენტებში ჩარევა. ამ მხრივ მემგონი, ხელისუფლებამ გარკვეული დაუდევრობა გამოიჩინა, - ასე აფასებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე პანკისის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებს.

რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ხელისუფლებას ადრევე უნდა გადაედგა ის ნაბიჯები, რომლებიც პანკისელებთან გაუგებრობას მინიმუმზე დაიყვანდა.

„საერთოდ, პანკისელებთან ურთიერთობა საქართველოსთვის გარკვეული პერიოდია სენსიტიური თემაა და ალბათ, ხელისუფლებას ადრევე უნდა გადაედგა ის ნაბიჯები, რომლებიც პანკისელებთან გაუგებრობას მინიმუმზე დაიყვანდა. მემგონი, ეს დაგვიანებაა ხელისუფლების შეცდომა. ბუნებრივია, არ ვიცი, როგორი იყო ამ პროცესის შიდა მექანიზმი, მაგრამ გარკვეულ ეჭვს აჩენს ის, რომ მაინცდამაინც ახლა აფეთქდა ეს პრობლემა მაშინ, როდესაც ჰესის თემა დიდი ხანია არსებობს. პანკისელების პროტესტიც ასეთი ფორმის გარეშეც ვიცით რომ არსებობს და მაინდაცამინც ამ მომენტში გამოიღვიძა ამ თემამ ამ სახით. არ გამოვრიცხავ, რომ აქ სხვა ძალებიც იყვნენ ამოქმედებული, თუნდაც საქართველოს ფარგლებს გარედან. პანკისში ყოველთვის იყო გარკვეულ გავლენებზე საუბარი, რადგან ხშირია მათთან ჩეჩნური დაჯგუფებების კავშირი. ყველაფერ ამას მოვლა უნდა პრევენციულად და არა მარტო მწვავე მომენტებში ჩარევით. ამ მხრივ მგონი, ხელისუფლებამ გარკვეული დაუდევრობა გამოიჩინა“,- განაცხადა საყვარელიძემ.

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ პროცესებში მოსკოვი რამენაირად იყოს ჩართული.

„ჩეჩნურ-პანკისურ პროცესებში მოსკოვი ძალიან ხშირად ერევა და ცდილობს გამოიყენოს სათავისოდ. ამ ფონზე ნუ გამოვრიცხავთ იმას, რომ პანკისელების ნდობით აღჭურვილ პირებს, რომლებიც ჩრდილოეთიდან შევლენ პანკისში, შეიძლება კრემლის დავალება ჰქონდეთ მიღებული“,- აღნიშნა საყვარელიძემ.

ექსპერტის შეფასებით, ხელისუფლებას შესწევს ძალა მოძებნოს კომუნიკაციის ფორმა პანკისელებთან და მათთან წარმატებული დიალოგი აწარმოოს.

„ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლამ გარკვეულ განმუხტვის როლი შეასრულა, მიუთითებს იმაზე, რომ დიალოგის რესურსი დაკარგული არ არის და პერსპექტივაში, შეიძლება მოიძებნო ის ინტონაცია, სიტყვა, ფორმა, რომელიც პანკისელებისთვის და საქართველოსთვისაც მისაღები იქნება. ისინი ძალიან ცდილობენ ამაყად ატარონ საქართველოს მოქალაქეობა და ამის დაკარგვა და გაწირვა რაიმე მიზეზით, ალბათ, დაუშვებელია“,- განაცხადა საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ პანკისელები დღეს დილიდან ჰესის მშენებლობის განახლებას აპტოტესტებდნე. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმი და მათსა და პანკისელებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულები არიან როგორც მოქალაქეები, ასევე პოლიციელები.

ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა