პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სუს-ის 2018 წლის ანგარიშს მოუსმენენ

დღეს, 22 აპრილს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმენენ.

ლილუაშვილი კომიტეტის წევრებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს. ანგარიში 27-გვერდიანია და მასში სუს-ის 2018 წლის საქმიანობა არის ასახული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის მიდგომები არ შეცვლილა, რაც კვლავ ანექსიის პოლიტიკის გატარებაში გამოიხატება. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს კვლავ ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ძალები წარმოადგენს.

პარლამენტში გაგზავნილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოსთვის ძირითად გამოწვევად ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა და რუსეთის მიერ წარმოებული არაფორმალური ანექსიის პროცესი რჩება.

სუს-ი მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების, ისე ევროპის უსაფრთხოებას.

საანგარიშში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წერს, რომ აქტიურად ატარებდა ღონისძიებებს საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საფრთხეების გამოვლენის მიმართულებით. მიმდინარეობდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მხრიდან საფრთხის შემცველი ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშში ნათქვამია, რომ სუს-ის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად საქართველოში მცხოვრებ “დაეშის“ შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენა კიდევ უფრო შემცირდა.

ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულის მიუხედავად, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოში მცხოვრებმა ცალკეულმა პირებმა, რომლებიც მხარს “ისლამური სახელმწიფოს“ იდეებს უჭერდნენ, შესაძლოა ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერების დავალებით იმოქმედონ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნები და მათი სპეცსამსახურები, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სულ უფრო აქტიურად იყენებენ კიბერსაშუალებებს.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2018 წელს საქართველოში გავლენის გაძლიერებით დაინტერესებული ქვეყნები საკუთარი მიზნების მისაღწევად აქტიურად იყენებდნენ “ჰიბრიდული ომის“ მეთოდებს.

სუს-ის ყოველწლიური ანგარიში მაისში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა