დავით ზალკალიანი პორტუგალიაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პორტუგალიაში ვიზიტით იმყოფება, სადაც დღეს შეხვედრას გამართავს პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან აუგუშტუ სანტუშ სილვასთან, პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობის პრეზიდენტთან ფრანსისკო რიბიეროსთან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პორტუგალიელ კოლეგასთან შეხვედრისას განხილული იქნება საქართველოსა და პორტუგალიას შორის მიმდინარე თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება შეთანხმებას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანმა უკვე გამართა შეხვედრა პორტუგალიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, სადაც ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, როგორც საგარეო პოლიტიკის წარმატებებზე, ასევე არსებულ გამოწვევებსა და ქვეყნის განვითარების სამთავრობო ხედვაზე.

უწყების ინფორმაციით, მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო სახელმწიფოს მიერ ინიცირებული ცალკეული პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გაძლიერებას, მათ შორის საკვირაო სკოლების გამართულ ფუნქციონირებას, დიასპორული პროექტების დაფინანსებასა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ეფექტური კომუნიკაციის ქსელის დამკვიდრებას.

შეხვედრაზე მინისტრმა მიმოიხილა ევროკავშირთან ინტეგრაციის წარმატებული პროცესი და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილების როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ მნიშვნელობაზე, რომლითაც საქართველოს 600 ათასამდე მოქალაქემ ისარგებლა. დავით ზალკალიანის განცხადებით, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ევროკავშირის/შენგენის ზონასთან უვიზო რეჟიმი არამართლზომიერად გამოიყენება, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მის შემდგომ შენარჩუნებაზე. როგორც შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეების ნაწილის მხრიდან ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის მცდელობა ფუჭია, რადგან პარტნიორების მხრიდან საქართველო განიხილება უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად და განაცხადები ფაქტობრივად არ კმაყოფილდება. მან ასევე შეშფოთება გამოთქვა ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის საზღვარგარეთ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი თანამემამულეების საკითხის გამოყენების გამო.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მთელი ერის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია და ყველას ვალია, მას გაუფრთხილდეს. მან ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მოუწოდა ამ საკითხზე სწორი კომუნიკაცია ჰქონდეთ საქართველოში დარჩენილ ახლობლებთან. მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ევროპელ პარტნიორებთან ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმებების გაფორმებისთვის, რაც თავის მხრივ, შეამცირებს უკანონო მიგრაციას.

სამინისტროს ინფორმაციითვე, შეხვედრაზე ხაზი გაესვა პორტუგალიასთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში დიასპორის დიდ როლს და აღინიშნა საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა დიასპორულ ცხოვრებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა