„თავისუფალი საქართველო“ - თუ ხელისუფლება დასკვნებს არ გააკეთებს მოსალოდნელია პანკისის ინციდენტის გამეორება დედაქალაქში

თუ ხელისუფლება დასკვნებს არ გააკეთებს მოსალოდნელია პანკისის ინციდენტის გამეორება დედაქალაქში, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ პანკისის ინციდენტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, პანკისის ინციდენტი სამწუხაროდ წარმოადგენს არა ერთეულ შემთხვევას, არამედ მმართველი პარტიის მიერ არჩეულ სტრატეგიას განსხვავებულ აზრთან მიმართებაში - ყველა სადავო საკითხი, კონტექსტის, მასშტაბის და დაინტერესებული მხარის მიუხედავად გადაწყვიტოს მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების საშუალებით.

„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ,“ სრულად გაითავისა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წესი და ფილოსოფია: „სანამ ჩვენ ვართ, რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ“. სწორედ ამის გამო იქმნება ლოკალური საკითხებისაგან ეროვნული მნიშვნელობის კრიზისები: ხან ღამის კლუბის შემოწმების და ხან რეგიონული მნიშვნელობის ჰესის მშენებლობის გამო. რომ არა ხელისუფლების სიჯიუტე და არაპროფესიონალიზმი, ნამდვილად შესაძლებელია მსგავსი მასშტაბის საკითხები წყდებოდეს რაიონის გამგებლის დონეზე სრულიად უკონფლიქტოდ და უხმაუროდ.

ცალკე უნდა გაიხსნას ღია დისკუსია ჰესების მშენებლობის მიზანშეწონილობის საკითხზე, მუდმივად საუბარია არაოფიციალურ ციფრებზე, დაგეგმილ მრავალმილიონიან ინვესტიციებზე, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა აჭარაშიც, სვანეთშიც, რაჭაშიც და კახეთშიც გამოთქვამს ერთი და იგივე პრეტენზიას, რომ ამ მილიონებიდან ადგილზე არაფერი არ რჩება. მოვუწოდებთ ეკონომიკის სამინისტროს - გამოაქვეყნოს ოფიციალური ინფორმაცია: ყოველი კონკრეტული ჰესის შემთხვევაში, რომელიც უკვე შევიდა ექსპლუატაციაში 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ - რა თანხას იხდიან ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტში, საქართველოს რამდენი მოქალაქე (მათ შორის რამდენი ადგილობრივი) ჰყავთ დასაქმებული, რამდენია მათი ანაზღაურება და რა თანხაა გადახდილი კომპენსაციის სახით მოსახლეობისთვის. წინააღმდეგ შემხვევაში, რჩება შთაბეჭდილება, რომ ჰესებში ჩადებული მრავალმილიონიანი ინვესტიცია არის მრავალმილიონიანი მოგება რამდენიმე ჩინოვნიკისთვის და მრავალმილიონიანი ზარალი მოსახლეობისთვის“,-ნათქვამია გავრცლებულ ინფორმაციაში.

„თავისუფალი საქართველო“ ხელისუფლებას ხალხთან დიალოგისკენ მოუწოდებს.

„მივმართავთ ხელისუფლებას, უარი თქვას სიჯიუტეზე და დაიწყოს დიალოგი საკუთარ ხალხთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი რამდენიმე მეგავატიანი ჰესის მშენებლობას მოყვა სამოქალაქო დაპირისპირება, ადვილი წარმოსადგენია რა შეიძლება მოყვეს უზენაესი სასამართლოს ახალი შემადგენლობის დამტკიცებას 2019 წელს ან საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას 2020 წელს“, - ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა