ვიტალი ბალა - არა მგონია, რომ პრეზიდენტ ზელენსკის აქციების 100%-იანი მფლობელი კოლომოისკი იყოს, ზელენსკის გუნდში როგორც მინიმუმ 4 დაჯგუფებაა, რომლებიც ერთმანეთში არკვევენ ურთიერთობას და ერთმანეთს ებრძვიან

უკრაინაში გამართული საპრეზიდენტო არჩევების შედეგებზე, პოროშენკოს დამარცხების მიზეზებსა და იმაზე, სავარაუდოდ როგორ საგარეო პოლიტიკას გაატარებს უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტი ზელენსკი "ინტერპრესნიუსი" უკრაინელ პოლიტოლოგს, სიტუაციათა მოდელირების სააგენტოს დირექტორს, ვიტალი ბალას ესაუბრა.

- ბატონო ვიტალი, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ტურის წინ ოპონენტთან მისი უპირატესობა აშკარა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ პოროშენკომ შეძლო რუსეთთან ომის მდგომარეობის მიუხედავად უკრაინის სახელმწიფოს შენარჩუნება, არა მარტო გაძარცვულ-განადგურებული უკრაინული არმიის, არამედ უკრაინული სამხედრო მრეწველობის ფეხზე დაყენება, რომელიც პრეზიდენტ იანუკოვიჩის დროს ფაქტობრივად რუსულ სამხედრო დაზვერვას იყო დაქვემდებარებული, უკრაინული ენისა და კულტურის დაცვა, რის გამოც მას ღიად უჭერდნენ მხარს უკრაინელი ნაციონალისტები, მწერლები, სახელოვნებო და სამეცნიერო და თეატრალური საზოგადოებები, მან არჩევნები დიდი ანგარიშით წააგო.

თქვენი აზრით, რა გახდა საპრეზიდენტო არჩევნებში პოროშენკოს დამარცხების მთავარი მიზეზი?

- ჩემი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებში პოროშენკოს დამარცხების მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ პოროშენკოს და მასთან დაახლოებული უკრაინის პოლიტიკური კლასის რიტორიკა არ შეესაბამებოდა მათ რეალურ ქმედებებს.

საპრეზიდენტო არჩევნებში პოროშენკოს დამარცხების მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ პოროშენკოს და მასთან დაახლოებული უკრაინის პოლიტიკური კლასის რიტორიკა არ შეესაბამებოდა მათ რეალურ ქმედებებს

ამის არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთმა აგრესია განახორციელა, უკრაინის უბრალო მოქალაქეები წავიდნენ ფრონტზე მოხალისეებად. შეიძლება ითქვას, რომ მაშინ უკრაინაში საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად ვოლონტიერების მოძრაობა უპრეცედენტოდ ძლიერი იყო და ეს უკრაინულ ფენომენადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. ამგვარი რამ არც 21-ე და არც მე-20 საუკუნეებში ბევრ ქვეყანაში არ მომხდარა - ვგულისხმობ ამ მოძრაობის მასშტაბს.

მასში, მოძრაობაში ჩართული იყო ათასობით ასაკოვანი ადამიანი, რომლებმაც თავისი დაგროვილი “დასამარხი ფული” არმიის გაძლიერებისთვის შეიტანეს. პრეზიდენტ პოროშენკოს ეს ადამიანები მანამდე არ გახსენებია, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები არ დადგა.

ბოლო ხუთი წელი ხალხი ბევრს საუბრობდა ლუსტრაციის კანონის მიღების აუცილებლობაზე, მაგრამ ეს ხელისუფლებას არ გაუკეთებია. არადა, ომმა უკრაინის მოქალაქეების ლუსტრაცია თავად მოახდინა.

პოროშენკოს და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ კლასს ერთი მხრივ ომში მონაწილე ხალხი დაავიწყდა, ხოლო მეორე მხრივ არც ის განუსაზღვრავს თუ როგორი პოლიტიკა უნდა გაეტარებინა იმათ მიმართ, ვინც საჭიროების დროს ქვეყნის ინტერესების დაცვას განერიდა

პოროშენკოს და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ კლასს ერთი მხრივ ომში მონაწილე ხალხი დაავიწყდა, ხოლო მეორე მხრივ არც ის განუსაზღვრავს თუ როგორო პოლიტიკა უნდა გაეტარებინა იმათ მიმართ, ვინც საჭიროების დროს ქვეყნის ინტერესების დაცვას განერიდა.

ხალხმა ვერ დაინახა ხელისუფლებიდან ის, რასაც თავად აკეთებდა. მხედველობაში მაქვს ის, რომ ომის მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენლებს დემონსტრაციულად არ გადაუდგამთ არც თავგანწირვის ნაბიჯები და არც ჟესტები არ გაუკეთებიათ. მათ არ ჩაუთვლიათ საჭიროდ იმის დემონსტრირება, რომ ისინი ხალხთან ერთად არიან.

უნდა ითქვას, რომ ზელენსკის მიერ მიღებული ხმების 2/3 გახლავთ ის ხმები, ვინც ზელენსკის კი არ მისცა ხმა, არამედ ხმა მისცა პოროშენკოს წინააღმდეგ

როცა რუსეთთან ომი დაიწყო, პრეზიდენტი პოროშენკო საკმაოდ მდიდარი იყო, მაგრამ თავდაცვის ფონდში არ შეუტანია მილიონები. არადა, მას 100 მილიონი დოლარიც რომ შეეტანა თავდაცვის ფონდში და სხვა შეძლებული ხალხისთვის მოეწოდებინა იგივეს გაკეთება, არც ის და არც სხვები ამით ძალიან არ გაღარიბდებოდნენ.

გარდა ამისა, პოროშენკოს მარცხის მიზეზად მივიჩნევდი მის მიერ არასწორად წარმოებულ საარჩევნო კამპანიას. ამ კამპანიის მთავარი შეცდომა იმაშია, რომ იგი პრაქტიკულად ამბობდა ასე - ან მე უნდა გავხდე პრეზიდენტი ან ქვეყანა დაიღუპება. მთელი კომპანია აგებული იყო ემოციასა და შიშზე.

პოროშენკოსა და მთავრობას პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია ხალხის ყოფის შესამსუბუქებლად. სტრატეგიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები კი იქნა მიღებული, მაგრამ ისინი მოსახლეობას არც შეხებია და მისი ყოფა არ შეუმსუბუქებია

გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ზელენსკის მიერ მიღებული ხმების 2/3 გახლავთ ის ხმები, ვინც ზელენსკის კი არ მისცა ხმა, არამედ ხმა მისცა პოროშენკოს წინააღმდეგ. სოციოლოგიური კვლევებითაც კარგად ჩანდა, რომ ხალხი უკმაყოფილო იყო პრეზიდენტისა და მთავრობის მუშაობით. ასე აღმოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ პოროშენკოს მთავრობამ მართლაც ბევრი რამ გააკეთა უკრაინული არმიის გასაძლიერებლად, უკრაინული ენის სახელმწიფო ენად გადაქცევაში და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებისათვის.

პოროშენკოსა და მთავრობას პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია ხალხის ყოფის შესამსუბუქებლად. სტრატეგიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები კი იქნა მიღებული, მაგრამ ისინი მოსახლეობას არც შეხებია და მისი ყოფა არ შეუმსუბუქებია.

- პოროშენკოს დამარცხების მიზეზები მეტ-ნაკლებად გასაგებია, მაგრამ ახლა როცა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავს ვლადიმერ ზელენსკის სახით, ყველაზე აქტუალური საკითხი გახლავთ თუ როგორი იქნება ოფიციალური კიევის საგარეო პოლიტიკა.

არჩევნების დღეს ხმის მიცემისას პოროშენკომ კი გამოთქვა იმედი, რომ უკრაინის საგარეო პოლიტიკა კვლავ ევროპასა და ნატოზე იქნება ორიენტირებული, მაგრამ თქვენც გაქვთ იმის იმედი რომ ზელენსკის პრეზიდენტობისას უკრაინის საგარეო კურსი კვლავაც ევროპულ-ატლანტიკური იქნება?

- არა მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ ზელენსკის პრეზიდენტობისას ოფიციალური კიევის საგარეო პოლიტიკა ევროპასა და ნატოზე იქნება ორიენტირებული. ამაში 100%-ით იმის გამო არ ვარ დარწმუნებული, რომ ზელენსკის საარჩევნო გუნდში ძალიან ბევრი ხალხი იყო, ვინც იანუკოვიჩის მმართველობისას საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებდა.

მეტიც, კიევში იანუკოვიჩის თანამოაზრეები ზელენსკის გამარჯვებას საკუთარ გამარჯვებად არა მარტო საჯაროდ აცხადებენ, არამედ საჯაროდაც ზეიმობენ. მათი მტკიცებით უკრაინაში „მაიდნის ეპოქა დასრულდა“.

არა მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ ზელენსკის პრეზიდენტობისას ოფიციალური კიევის საგარეო პოლიტიკა ევროპასა და ნატოზე იქნება ორიენტირებული... ზელენსკის საარჩევნო გუნდში ძალიან ბევრი ხალხი იყო, ვინც იანუკოვიჩის მმართველობისას საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებდა

არადა მაიდანი სწორედ იმის გამო დაიწყო, რომ იანუკოვიჩმა და მისმა მთავრობამ ზურგი შეაქცია ევროპას და უკრაინის რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნება უნდოდა. ის, რომ იანუკოვიჩის ყოფილი თანამოზრეები ზელენსკის გამარჯვებას აღნიშნავენ, ნამდვილად არის საფრთხის შემცველი.

მე იმედი მაქვს, რომ ოფიციალური კიევის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული ცვლილება არ მოხდება. ამის მიზეზი კი შეიძლება იყოს რამდენიმე გარემოება. მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკიმ ხმების 73% მიიღო, უკრაინის თანამედროვე ისტორიაში მისი ლეგიტიმაცია არც ისე მაღალია.

კიევში იანუკოვიჩის თანამოაზრეები ზელენსკის გამარჯვებას საკუთარ გამარჯვებად არა მარტო საჯაროდ აცხადებენ, არამედ საჯაროდაც ზეიმობენ. მათი მტკიცებით უკრაინაში „მაიდნის ეპოქა დასრულდა“

ვიმეორებ, სოციოლოგიით, ზელენსკის მიერ მიღებული ხმებიდან 40% მხარს უჭერს უკრაინის ევროპულ და ატლანტიკურ არჩევანს. შეუძლებელია ზელენსკის საარჩევნო შტაბს ეს არ ესმოდეს. ზელენსკის მიერ მიღებული ხმებიდან მხოლოდ 6 თუ 9% სურს რუსეთთან სამხედრო კავშირი.

თუ ზელენსკი გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც უკრაინის საგარეო კურსის ცვლილებისკენ იქნება მიმართული, ეს გამოიწვევს მისი მხარდამჭერების 40%-ის გააქტიურებას.

ჩემი აზრით, თუ ზელენსკიმ ამგვარი ნაბიჯების გადადგმა მაინც გადაწყვიტა, მას ამის საშუალებას უკრაინის პარლამენტი არ მისცემს. ვიცი ამ არჩევნების შემდეგ დეპუტატთა ნაწილი დაიწყებს ახალ პრეზიდენტთან მისასვლელი გზების ძიებას, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, ასეთ შემთხვევაში, უკრაინის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებაც არ მოხდება.

ზელენსკის საკადრო პოლიტიკა ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს, მათ შორის სავარაუდოდ, თუ როგორი საგარეო პოლიტიკის გატარებას აპირებს როგორც უკრაინის ახალი პრეზიდენტი

უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინის პარლამენტში დღეისათვის ევროპული და ატლანტიკური ლობი საკმაოდ ძლიერია. ასე რომ, ამ თვალსაზრისით შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე არა მგონია რაიმე შეიცვალოს. უკრაინის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანა არც ისე მარტივია.

საინტერესოა თუ როგორ საკადრო პოლიტიკას გაატარებს ახლად არჩეული პრეზიდენტი ზელენსკი. მისი საკადრო პოლიტიკა ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს, მათ შორის სავარაუდოდ თუ როგორი საგარეო პოლიტიკის გატარებას აპირებს იგი როგორც უკრაინის ახალი პრეზიდენტი.

- რადგან ზელენსკის საკადრო პოლიტიკა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა, თქვენი აზრით, სავარაუდოდ როგორი იქნება იგი? წარმოუდგენელია, რომ ეს თემა თქვენთან საჯარო სივრცეში სერიოზულად არ განიხილებოდეს?

- უკრაინის კონსტიტუციით მთავრობას პარლამენტი ამტკიცებს. ახლა მოქმედი მთავრობა თავისი შემადგენლობით კოიალიციურია. მთავრობის ახალი შემადგენლობის დასამტკიცებლად პარლამენტში ახალი კოალიცია უნდა შეიქმნას. ჩვენი კონსტიტუციით, საპრეზიდენტო არჩევნები არ შეიძლება იყოს მთავრობის დათხოვნის საფუძველი. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ახლა საპრეზიდენტო და საპარლამენტო მმართველობაა.

- კარგით, მაშინ კითხვას ასე დავსვამ - სავარაუდოდ, ვინ იქნებიან პრეზიდენტ ზელენსკის გუნდის წევრები?

- დიახ, ეს მართლაც ყველაზე აქტუალური თემაა და ეს ყველას აინტერესებს. აღსანიშნავია, რომ დღემდე პრეზიდენტ ზელენსკის გუნდის არც ერთი წევრის გვარი არ ყოფილა დასახელებული.

უცნაური და გასაკვირი იყო ამ თემაზე ზელენსკის გუნდის წევრების განმარტება. მხედველობაში მაქვს ის, რომ თურმე ეს ამ პიროვნებების უსაფრთხოების უკეთ უზრუნველყოფისთვის კეთდება.

ჩემი აზრით, ეს ასე არაა. ვფიქრობ, რომ მათ ამ ეტაპზე არც იციან თუ ვინ იქნება პრეზიდენტ ზელენსკის გარემოცვა, ანუ ის ხალხი, ვისი საშუალებითაც უნდა განახორციელოს პრეზიდენტმა თავისი პოლიტიკა.

ზელენსკის საარჩევნო შტაბში წამყვან პოზიციებზე იყვნენ ალექსანდრე დანილიუკი, რომელიც იანუკოვიჩის მრჩეველი იყო და ყოფილი ჟურნალისტი სერგეი ლეჩშენკო, რომელიც მაიდნის შემდეგ ერთხანს პოროშენკოსთან იყო, შემდეგ კი ვითომ ებრძოდა კორუფციას და ოლიგარქებს

ამის კარგი ნიშანი იყო ის, თუ რა პასუხი გასცა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ზელენსკიმ კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა იგი პოროშენკოსთან და ხომ არ დანიშნავს რომელიმეს მინისტრად, თქვა - მოდით, ეს ხალხს შევეკითხოთ და ამ თემაზე სოციალურ ქსელებში ვიმსჯელოთ.

ვფიქრობ, რომ ზელენსკის ახლა მართლაც არ ჰყავს სერიოზული გუნდი, 100%-ით ვარ დარწმუნებული რომ ახლა ბევრი შეეცდება მასთან დაახლოებას და თავისი თავის შეთავაზებას.

ვნახოთ, ძალაში აღმოჩნდება თუ არა მისი განცხადებები იმის შესახებ, რომ პოლიტიკაში აბსოლუტურად ახალი ხალხი უნდა მოვიდეს.

მაგრამ, ეს რომ ასე არ იქნება ამაზე ისიც მიანიშნებს, რომ ზელენსკის საარჩევნო შტაბში როგორც მინიმუმ არის ორი ადამიანი, ვინც ასეთი ნამდვილად არაა. ალექსანდრე დალენიუკი, რომელიც იანუკოვიჩის მთავრობაში ფინანსთა მინისტრი იყო და სწორედ მისი მინისტრობისას ჩამოერთვა კოლომოისკის „პრივატბანკი“. მეორე გახლავთ ყოფილი ჟურნალისტი სერგეი ლეჩშენკო, რომელიც მაიდნის შემდეგ ერთხანს პოროშენკოსთან იყო, შემდეგ ვითომ ებრძოდა კორუფციას და ოლიგარქებს ახლა კი ზელინსკის შტაბის აქტიური წევრია.

- რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ არჩევნების მეორე ტურამდე სასამართლომ ყადაღა მოხსნა იანუკოვიჩის ანგარიშზე, ასევე სასამართლომ ნაციონალიზებული „პრივატბანკი“ კოლომოისკის დაუბრუნა?

- დიახ, იყო ასეთი შემთხვევა. პროკურატურამ სასამართლოს ეს უცნაური გადაწყვეტილება გააპროტესტა. უნდა ითქვას, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით იანუკოვიჩის არა მთელ ანგარიშს აღარ ადევს ყადაღა, არამედ მხოლოდ ნაწილს.

ახლა სხვადასხვა დონეებზე უკრაინაში მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარები განიხილება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს გადაწყვეტილება მოსამართლეებმა თავისი ინიციატივით მიიღეს

როგორც ჩანს, ამგვარი გადაწყვეტილებების მიმღებ მოსამართლეებს აქვთ იმის იმედი, რომ თუ ვითარება ქვეყანაში შეიცვალა ისინი თავის თანამდებობებს შეინარჩუნებენ.

იგივე ეხება კიევის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას კოლომოისკისათვის „პრივატბანკის“ დაბრუნების შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლე 12 წელია კიევის საოლქო სასამართლოს ხელმძღვანელობს და ეტყობა ამავე თანამდებობაზე ყოფნის ვადის გახანგრძლივება უნდათ.

ახლა სხვადასხვა დონეებზე უკრაინაში მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარები განიხილება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს გადაწყვეტილება მოსამართლეებმა თავისი ინიციატივით მიიღეს.

- თუ ზელენსკისთან ყველაზე დაახლოებული პირი იანუკოვიჩის მრჩეველია, გაუგებარია ასე რატომ უხარია უკრაინის არჩევნებში გამარჯვება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში ჩავა უკრაინაში?

- ეს ძალიან კარგი კითხვაა. როგორც ადამიანთა უმრავლესობას აქ შეიძლება ადგილი ჰქონდეს პირად მოტივებს. უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტ პოროშენკოს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა უკრაინის თითქმის ყველა ოლიგარქთან.

თუ მანამდე უკრაინის პრეზიდენტები ახერხებდნენ ოლიგარქებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას, პოროშენკომ მოასწრო ყველასთან ურთიერთობების გაფუჭება. სხვათა შორის, ესეც გახლდათ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ იგი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა.

თუ სააკაშვილი მისი უკრაინის მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებში სიცხადის შეუტანლობის მიუხედავად ჩამოვიდა კიევში, ამ თემას ზელენსკის ოპონენტები მის წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენებენ

პოროშენკოზე ნაწყენი იყო სააკაშვილიც. ასე რომ, სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ მას ზელენსკის გამარჯვება გაუხარდა.

რაც შეეხება უკრაინაში მის ჩამოსვლას, რამდენადაც ვიცი სასამართლოს არ დაუსრულებია პოროშენკოს მიერ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის კანონიერების საკითხი. არც ის ვიცი, გაუქმებულია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სააკაშვილს არ აქვს უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება.

თუ ამ საკითხებში სიცხადის შეუტანლობის მიუხედავად ჩამოვიდა სააკაშვილი კიევში, ამ თემას ზელენსკის ოპონენტები მის წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენებენ.

- ყველა ამბობდა, რომ ზელენსკი ოლიგარქ კოლომოისკის კრეატურაა. შეიძლება ასე ითქვას - თუ ადრე უკრაინას ოლიგარქების ერთი ჯგუფი მართავდა, ახლა ზელენსკის გაპრეზიდენტების შემთხვევაში უკრაინის მართვის სადავეები ოლიგარქების მეორე ჯგუფის ხელში გადავა, რომელთა უკან კოლომოისკია?

- მესმის რასაც ამბობთ, მაგრამ სინამდვილეში, თუ ვინ დგას ზელინსკის უკან, უფრო რთული თემაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

არა მგონია, რომ პრეზიდენტ ზელენსკის აქციების 100%-იანი მფლობელი იგორ კოლომოისკი იყოს. ვინც უკრაინის პოლიტიკას უფრო სიღრმისეულად იცნობს, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ ზელენსკის გუნდში როგორც მინიმუმ 4 დაჯგუფებაა, რომლებიც ერთმანეთში არკვევენ ურთიერთობას და ერთმანეთს ებრძვიან.

სინამდვილეში თუ ვინ დგას ზელენსკის უკან უფრო რთული თემაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს

ერთნი არიან ვინც მართლა წარმოადგენს კოლომოისკის და ხალხში მათ „ბიძის ბიჭებს“ ან კოლომოისკის თვალებს ეძახიან, მეორე გახლავთ სერგეი ლევოჩკინი, რომელიც ფირტაშის პარტნიორია. ასევე საუბარია ანდრეი პორნოვზე, იმაზე, ვინც მოსკოვში გაიქცა და იანუკოვიჩის მრჩეველი იყი.

ამ ჯგუფის წევრად ითვლება ხოროშკოვსკი, რომელიც ტელეარხ „ინტერის“ ყოფილი მფლობელი და იანუკოვიჩის დროს უკრაინის უშიშროების უფროსი იყო, მაიდნის შემდეგ იგი სასწრაფოდ გაიქცა საზღვარგარეთ, რამდენადაც ვიცი ახლა მონაკოშია. ამბობენ, რომ მასაც აქვს უკრაიანში დაბრუნების სურვილი.

რაზეც მე ვსაუბრობ, ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ არსებობს. თქვენ იკითხეთ თუ როგორ საკადრო პოლიტიკას გაატარებს ზელინსკი. მას შემდეგ, რაც საკადრო პოლიტიკაში პრეზიდენტი ზელენსკი პირველ ნაბიჯებს გადადგამს, ამის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება იმაზე საუბარი თუ ვინ დგას რეალურად უკრაინის ახალი პრეზიდენტის უკან.

- გასაგებია, რომ უკრაინა საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბლიკაა. თქვენი კონსტიტუციით პრეზიდენტს რომელ საკვანძო პოზიციებზე შეუძლია თავისი კადრების დანიშვნა?

- ჩვენი კონსტიტუციით პრეზიდენტის პრეროგატივაა პარლამენტს წარუდგინოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თავდაცვის მინისტრის, უშიშროების უფროსის, გენპროკურორისა და ნაციონალური ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურები. ზელენსკი ნაციონალური ბანკის პრეზიდენტს ვერ შეარჩევს, ვინაიდან ამ თანამდებობაზე 7 წლით ინიშნება და მოქმედი პრეზიდენტი მხოლოდ შარშან შეუდგა თავის საქმიანობას.

- თქვენი აზრით, სავარაუდოდ როდის გახდება ცნობილი თუ როდის შედგება ინაუგურაცია? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ თქვენს მიერ დასახელებულ თანამდებობაზე წარსადგენთა ვინაობა პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაასახელოს?

- პრეზიდენტ ზელენსკის ამ თანამდებობებზე მისი კანდიდატურების დასახელება უკვე შეუძლია. მაგრამ მანამდე პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს საგარეო საქმეთა მინისტრის, თავდაცვის მინისტრის, უშიშროების მინისტრისა და გენპროკურორის გათავისუფლებას. ამგვარ გადაწყვეტილებას ხმა 226 დეპუტატმა უნდა მისცეს.

მას შემდეგ, რაც საკადრო პოლიტიკაში პრეზიდენტი ზელენსკი პირველ ნაბიჯებს გადადგამს, ჩვენ შეგვეძლება იმაზე საუბარი თუ ვინ დგას რეალურად უკრაინის ახალი პრეზიდენტის უკან

მხოლოდ მათი გათავისუფლების შემდეგ შეეძლება ახლად არჩეულ პრეზიდენტს მის მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენა. სხვათა შორის, ასევე 226 დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი პრეზიდენტის მიერ დასახელებული კანდიდატების დანიშვნას.

რაც შეეხება ინაუგურაციას. ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ ინაუგურაცია არა უმეტეს 30 დღისა უნდა გაიმართოს. ჩემი ვარაუდოთ, ამჯერად ინაუგურაცია უფრო ადრეც შეიძლება ჩატარდეს.

- რამდენადაც ვხდები, საკმაოდ გაუგებარია სავარაუდოდ როგორ საგარეო პოლიტიკას გაატარებს უკრაინის ახალი პრეზიდენტი?

- სინამდვილეში, რაც მე უკრაინულ პოლიტიკას ვაკვირდები, პირველად ხდება, როცა არავინ არ იცის სავარაუდოდ ვის დაასახელებს საკვანძო პოზიციებზე პრეზიდენტი ზელენსკი და რა ნაბიჯებს გადადგამს იგი უპირველესად საგარეო პოლიტიკაში.

- თქვენთან დაკავშირებამდე რუსული წყაროები გახარებული ავრცელებდენ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზადაა დონბასის სტატუსთან დაკავშირებით განაახლოს მოსკოვთან მოლაპარაკებები როგორც ნორმანდიულ ფორმატში, ისე მინსკის ფორმატში.

რამდენადაც ცნობილია, კიევი აქამდე უარს ამბობდა ქვეყნის ფედერალიზაციაზე, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილებისათვის სტატუსის განსაზღვრაზე. ამ თემაზე ზელინსკის განცხადებები რას შეიძლება ნიშნავდეს?

- კი, ვნახე ზელენსკის ეს განცხადება. ამ თემაზე არჩევნებამდე ის ამბობდა, რომ მისთვის მიუღებელი იყო, ამ რეგიონების სტატუსის განსაზღვრა როგორც ნორმანდიული, ისე მინსკის ფორმატებით.

არადა, ამ ფორმატებში მოსკოვი კიევისაგან სწორედ უკრაინის ფედერალიზაციას, ამ რეგიონებისთვის სტატუსის განსაზღვრას და უკრაინის საგარეო პოლიტიკაზე დონბასისა და ლუგანსკის რესპუბლიკების ვეტოს უფლებას მოითხოვდა.

უკრაინის კონსტიტუციით პრეზიდენტის პრეროგატივაა პარლამენტს წარუდგინოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თავდაცვის მინისტრის, უშიშროების უფროსის, გენპროკურორისა და ნაციონალური ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურები

მე მაინც ნაადრევი მგონია რუსი ოპონენტების სიხარული. ვინაიდან ზელენსკიმ ჯერ მხოლოდ უშედეგო მოლაპარაკებების განახლებაზე გააკეთა განცხადება. რაც შეეხება რუსების მოთხოვნებს. მათ მოთხოვნები ზელინსკიმ კიდეც რომ მიიღოს, ამას უკრაინის პარლამენტი არ დათანხმდება.

ჩვენ გვახსოვს ამ თემებზე უკრაინის პარლამენტში უმწვავესი კამათები და პარლამენტის საკმაოდ პრინციპული გადაწყვეტილებები.

არჩევნებამდე ზელენსკი აცხადებდა, რომ უკრაინის საგარეო კურსი არ შეიცვლება, რომ პუტინი მისი პირადი მტერია. ვნახოთ თუ როგორი იქნება პრეზიდენტ ზელინსკის პირველი ნაბიჯები უკრაინის საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით