სოფიო ხორგუანი - არსებობს საფრთხე, რომ სერგო ქობულაძის სახელოსნოს ავთენტური სახე დაეკარგოს

მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატის, სოფიო ხორგუანის ინფორმაციით, ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, ილუსტრატორის, ფერმწერისა და თეატრის მხატვრის, სერგო ქობულაძის სახელოსნო, რომელიც თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მდებარეობს და დღეს მხატვრის შვილიშვილის, ელისაბედ ქობულაძის საკუთრებაშია, უახლოეს პერიოდში, შესაძლოა სხვა მესაკუთრის ხელში გადავიდეს.

ხორგუანი განმარტავს, რომ ელისაბედ ქობულაძე ხსენებულ სახელოსნოს ჰყიდის, რის გამოც, არსებობს საფრთხე, სახელოსნოს ავთენტური სახე დაეკარგოს და ცნობილი ქართველი მხატვრის ნივთები სხვადასხვა კერძო პირის ხელში აღმოჩნდეს ან განადგურდეს.

„თავად ელისაბედ ქობულაძე აღნიშნავს, რომ სახელოსნოში დღემდე უცვლელადაა შემორჩენილი მხატვრის მიერ მოწყობილი სივრცე: სხვადასხვა დანადგარი, მულაჟები, ფუნჯები, ის იარაღები, რომლითაც მუშაობდა, სერგოს ხელით გაკეთებული მაგიდა, თაროები... სახელოსნოშია დაცული მისი უკანასკნელი ნამუშევარიც, ოპერის ფარდის დაუმთავრებელი ესკიზი. აქვეა, ფოტოლენტების გასამჟღავნებელი აპარატი, კერამიკული ღუმელი, სათევზაო ინვენტარი. ქობულაძის სახელოსნოში ინახება სხვა ხელოვანთა ნამუშევრებიც, მაგალითად: ქეთევან მაღალაშვილის მიერ შესრულებული სერგოს პორტრეტი, ზაქარია მაისურაძის კერამიკული პანო, შებოევის დახატული სერგოს პორტრეტი.

როგორც აღმოჩნდა, სახელოსნოს დღევანდელი მესაკუთრე, ფართის გაყიდვის მიზნით, უძრავი ქონების სხადასხვა სააგენტოს უკვე დაუკავშირდა და ნასყიდობის ფასი (სახელოსნოს სრული ინვენტარით) 130 000 დოლარად განსაზღვრა.

ვიდრე სახელოსნო სხვა კერძო მესაკუთრის ხელში გადავა და იქ არსებული ნივთები დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, გვაქვს შესაძლებლობა, გამოვისყიდოთ, გადავარჩინოთ და სერგო ქობულაძის სახელობის მემორიალური სახელოსნო-მუზეუმი დავაარსოთ. შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მივმართავ თხოვნით, შეისყიდოს სერგო ქობულაძის სახელოსნო. სწორი მოვლისა და მართვის შემთხვევაში, ის ტურისტულად მიმზიდველი გახდება და ადგილს საერთაშორისო დონის მუზეუმთა შორის დაიკავებს. ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია, მერიამ და სამინისტრომ ერთობლივად იმუშაოს. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელოსნოდან თბილისზე არაჩვეულერბივი ხედი იშლება. რაც შეეხება განათლების სამინისტროს ჩართულობას, სახელოსნო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისათვის უნდა იქნას გამოყენებული“, - აცხადებს სოფიო ხორგუანი.

მისივე თქმით, სერგო ქობულაძის მემორიალური სახელოსნო-მუზეუმის გახსნის თხოვნით, საინიციატივო ჯგუფმა უკვე მიმართა საქველმოქმედო ფონდებს. თუმცა, ამ საკითხით ფონდების დაინტერესებამდე, შესაძლოა, ქვეყანამ შეუქცევადი ზიანი და აუნაზღაურებელი დანაკარგი მიიღოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა