პრეზიდენტის შეფასებით, მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის 5-დან 4 რეკომენდაცია გაითვალისწინა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხზე, მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის ხუთი ძირითადი რეკომენდაციიდან მხოლოდ ერთი არ გაითვალისწინა.

როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით გამართული კონსულტაციების ფარგლებში შედეგი მიღწეულია.

„პარლამენტში წარმოთქმულ საპრეზიდენტო სიტყვაში გამოვხატე პოზიცია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა ემყარებოდეს ისეთ კრიტერიუმებს, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე და ამავე დროს უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ერთ მიზანს - არჩეულ იქნას საზოგადოების მხრიდან ძლიერი ნდობით აღჭურვილი მაღალი რეპუტაციის მოსამართლეები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ შეიმუშავა ხუთი ძირითადი რეკომენდაცია. პირველ ეტაპზე, მხოლოდ ერთი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული, რომელიც მოსამართლეების გამოცდის გაუქმებას ეხებოდა. ამ ცვლილებამ ჩვენი აზრით, ვერ მოახერხა ვერც დაძაბული სიტუაციის განმუხტვა, ვერც სასამართლოს ნდობის გაძლიერება შექმნილ გარემოში და ვერც ვენეციის კომისიის ძირითად ევროპულ პრინციპებს აკმაყოფილებდა.

ამ შეფასებიდან გამომდინარე, ჩავერთეთ მეორე მოსმენის პროცესში და ჩავატარეთ კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამ კონსულტაციების შედეგი მიღწეულია. დამატებით გათვალისწინებულ იქნა სამი რეკომენდაცია - მოსამართლეების კანდიდატებზე მიღებულ იქნა სრული პერსონალური ინფორმაციის გაცემის საშუალება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც ამავე დროს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ვეღარ ისარგებლებს სხვა კანდიდატის შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით, პროცედურის ვერც ერთ ეტაპზე და მესამე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესი, მისი კანდიდატის წარდგენა ერთის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ წევრს შეუძლია. ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც არ იქნა ამ ხუთი რეკომენდაციიდან გათვალისწინებული, ეხება მოსამართლეთა არჩევის ფარული კენჭისყრის წესს. უნდა აღვნიშნო, რომ ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია ქმნის ერთგვარ უხერხულობას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, სჯერა, რომ განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფრო ღია, გამჭირვალე, ობიექტურ, მიუკერძოებელ შერჩევასა და იგი დადებითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლებაზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა