საქართველოსა და პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტურიზმის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

პორტუგალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და დაინტერესებულია სხვადასხვა სფეროში საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებით, - განაცხადა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აუგუშტუ სანტუშ სილვამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან ლისაბონში შეხვედრისას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ორი ქვეყნის თანამშრომლობას, რომელიც ყოველწლიურად ახალ განზომილებებს იძენს, რომლის მაგალითია ვიზიტის ფარგლებში, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პორტუგალია მზადყოფნას გამოთქვამს ტურიზმის სფეროში საკუთარი წარმატებული გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს, რომელიც თავის მხრივ, ტურიზმის სფეროში შთამბეჭდავ წარმატებებს აღწევს და გააჩნია ბუნებრივი პოტენციალი მის განსავითარებლად.

„მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და პორტუგალიას მტკიცე მეგობრობა აკავშირებთ და ორივე ქვეყანა დაინტერესებულია, განავითაროს ხალხთაშორისი კონტაქტები, ურთიერთობები კულტურისა და განათლების სფეროებში. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის დიდ პოტენციალზე. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობებზე, ქვეყნის აქტიურ ჩართულობაზე საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ მარშრუტებში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის უმძიმეს ფაქტებზე და მადლობა გადაუხადა პორტუგალიას სხვადახვა საერთაშორისო ფორმატში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, რაც გამოიხატა, მათ შორის, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დამგმობ არაერთ განცხადებაში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ სვლას ევროპული და ევრო-ატლანტიკური მიზნისკენ, ქვეყნის წამყვან პოზიციებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში და საქართველოს საბოლოო მიზანს, გახდეს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი. შეხვედრაზე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესა და ამ ფორმატში თანამშრომლობის სამომავალო მიზნების დასახვაზე წევრი ქვეყნების მისწრაფებებისა და მათ მიერ მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით. დავით ზალკალიანმა პორტუგალიელი კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

მინისტრი დავით ზალკალიანი პორტუგალიის რესპუბლიკას ვიზიტით მიმდინარე წლის 21-22 აპრილს ეწვია“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა