ვახტანგ ძაბირაძე - სალომე ზურაბიშვილი უმრავლესობის მხარესაა - ტექსტი დაუწერეს და წაიკითხა, თუ თვითონაა მისი ავტორი, ამას მნიშვნელობა არ აქვს

პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თაობაზე გააკეთა ის განცხადება, რომელიც თანხვედრაშია უმრავლესობის განცხადებასთან. დაუწერეს ტექსტი, წაიკითხა, თუ თვითონ არის ამ ტექსტის ავტორი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, - ასე აფასებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან მმართველმა გუნდა მხოლოდ ერთი არ გაითვალისწინა, ის ერთი კი „უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი“.

ექსპერტის შეფასებით, ამ შემთხვევაში აშკარაა, რომ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა და განცხადება უმრავლესობის მხარესაა. ვახტანგ ძაბირაძის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, რომ პრეზიდენტი ნეიტრალური ყოფილიყო და გაეზიარებინა ვენეციის კომისიის შეხედულებები, თუმცა სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

„პრეზიდენტი, თითქმის, ერთი-ერთში იმეორებს იმ აზრს, რაც პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ითქვა, თუმცა პრობლემა მხოლოდ ამაში არ არის. ზოგადად, საკითხი დგას ასე - ჩვენ გვჭირდება სასამართლო, რომელსაც აქვს ნდობა. სწორედ, აქედან უნდა ამოვიდეთ, როდესაც რაღაც გადაწყვეტილებას ვიღებთ სასამართლოსა და მოსამართლეებთან მიმართებაში, ეს იქნება პოლიტიკური, თუ სამართლებრივი.

თუ ჩვენი მიზანი არის მარტო ის, რომ ყველაფერი იყოს სამართლებრივი, მაგრამ მას არ ჰქონდეს ნდობა და ამას მნიშვნელობა არ მივანიჭოთ, მაშინ კი ბატონო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური ნაწილი. ეს გვერდზე გავწიოთ და მივიღოთ ის დანარჩენი, რაც არის ვენეციის კომისიის სხვა რეკომენდაციები. ამ შემთხვევაში, საქმეს თითქოს, სწორად გავაკეთებთ, მაგრამ შედეგს მივიღებთ ცუდს.

ჩვენ, თუ შედეგზე ვართ ორიენტირებულები, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები - ფარულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, თუ მოსამართლეთა ნაწილის არჩევასთან მიმართებაში, (ანუ ნაწილი რომ 2020 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იქნას არჩეული) რომლებიც, შესაძლოა, მთლად არ ჯდებოდეს სამართლებრივად სწორ ჩარჩოებში, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვენეციის კომისია ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და იმას, რომ სასამართლო მაშინ არის სამართლიანი, თუ მას ექნება ნდობა. ეს არის უპირველესი და აქედან იძლევა ამ რეკომენდაციებს. ვის აწყობს ეს და ვის არ აწყობს, ეს სხვა თემაა. თუ არ გვაწყობს, რომ სასამართლოს მიმართ უნდა გაჩნდეს ნდობა, კი ბატონო, შეიძლება უარი ვთქვათ, ვენეციის კომისიის ამ რეკომენდაციებზე და მივიღოთ ის როგორც გვინდა, თუმცა ასეთ შემთხვევაში მივიღებთ სასამართლოს, რომელსაც არანაირი ნდობა არ ექნება“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 22 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსა და მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა უმრავლესობის პოზიცია გაიზიარა იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის 5 რეკომენდაციიდან 4 გაითვალისწინა, რაც შეეხება მოსამართლეთა არჩევის ფარულ კენჭისყრასთან დაკავშირებულ რეკომენდაციას, ზურაბიშვილის შეფასებით, ის უხერხულობას ქმნის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა