თორნიკე შარაშენიძე - პრეზიდენტის პოზიცია უნდა ყოფილიყო მმართველ გუნდთან დაპირისპირებული, თუმცა სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებასთან“ ვალშია

პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით პრინციპული და მმართველ გუნდთან დაპირისპირებული უნდა ყოფილიყო.

როგორც შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებასთან“ ვალშია, ამიტომ მუდმივად მმართველი პარტიის ინტერესების გამტარებელი იქნება.

„ბევრი ფილოსოფია არ უნდა იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი მმართველი გუნდის ინტერესების გამტარებელია. აბა, ვისი ინტერესების გამტარებელი იქნება? მათ გაათრიეს არჩევნებზე კბილებით, ვის ინტერესებს გაატარებს? ეს ხომ ელემენტარულია?! მას აქვს ძალიან მძიმე მაგალითი გიორგი მარგველაშვილის, რომელიც რაღაცაში არ დაეთანხმა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ და ვნახეთ, როგორ დღეში ჩააგდეს. კომიკურია, როცა პრეზიდენტი ხვდება მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და მისგან იღებს გარანტიებს. ამაზე სერიოზული კომენტარი არ შეიძლება გაკეთდეს. წარმოგიდგენიათ, რომელიმე ქვეყანაში პრეზიდენტი შეხვდეს მმართველი პარტიის ლიდერს და თქვას, რომ მისგან მივიღე ხელშეუხებლობის და დამოუკიდებლობის გარანტიაო? ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ სიტუაცია აბსოლუტურად არანორმალური და არაჯანსაღია“, - განაცხადა შარაშენიძემ.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტს საზოგადოებრივი პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა.

„პრეზიდენტის პოზიცია, ჩემი აზრით, უნდა ყოფილიყო მმართველ გუნდთან დაპირისპირებული. ვენეციის კომისიას რომ არ დაედო ეს დასკვნა, ჩვენ არ ვიცით, რა ხდება და როგორი მოსამართლეები გაიყვანეს? ჩვენ ხომ ვენეციის კომისიაზე უკეთ ვიცით, რა ხდება ქვეყანაში და პრეზიდენტმაც უნდა იცოდეს ეს. მას რომ ჰქონოდა პრინციპულად მოქალაქეობრივი პოზიცია, ეს უნდა დაეფიქსირებინა და ეთქვა, რომ წინააღმდეგი იყო ამ სიის, რომლის წინააღმდეგიც პრაქტიკულად, მთელი საზოგადოებაა. მოლოდინი მაქვს, რომ პრეზიდენტის შემდეგი განცხადებებიც მმართველი გუნდის ინტერესების გამტარებელი იქნება. ის ვალშია თავიდან ბოლომდე პირადად ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ეს ქალი პრეზიდენტი ვერასოდეს გახდებოდა. შესაბამისად, მათთან ვალშია“, - განაცხადა შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 22 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსა და მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა უმრავლესობის პოზიცია გაიზიარა იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის 5 რეკომენდაციიდან 4 გაითვალისწინა, რაც შეეხება მოსამართლეთა არჩევის ფარულ კენჭისყრასთან დაკავშირებულ რეკომენდაციას, ზურაბიშვილის შეფასებით, ის უხერხულობას ქმნის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა