ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2019

კატასტროფის ზღვარზე

რას მოუტანს უკრაინას კომიკოსის პრეზიდენტობა - “ზელენსკის სერიოზული ფიგურების მიყვანა დასჭირდება, ვისაც არ შეეშინდება რადიკალური ნაბიჯების გადადგმა”

***

კატასტროფის ზღვარზე

“პანკისის ხეობაში საპოლიციო ძალები რჩებიან. ალაზანზე ჰესის მშენებლობა შეჩერდა. მოსახლეობა კი ისევ დიდ გაურკვევლობაშია და ელოდება, დააკავებენ თუ არა იმ პანკისელებს, ვინც ინციდენტში მონაწილეობდნენ. მათი თქმით, თუკი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ერთგვარი მუქარა შესრულდება და ადამიანების დაპატიმრება დაიწყება, ეს ადგილობრივებს უფრო გააღიზიანებს და ვითარება უფრო გამწვავდება. პანკისელების განცხადებით, ისინი აქ არც ჰესის მშენებლობას დაუშვებენ და არც - თანასოფლელების დაკავებას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, კატასტროფის ზღვარზე / “შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ხელისუფლებაში არსებობს ჯგუფი, რომელმაც პროვოკაციული რეჟიმი შექმნა” - არეშიძე პანკისზე

"კვირას, 21 აპრილს, ხელისუფლების მიერ ალაზანზე ჰესის მშენებლობის გამო სპეცრაზმელების პანკისის ხეობაში შეყვანამ გამოიწვია ისიც, რომ ჰესის მშენებლობის მომხრე მცირე ნაწილის მხარდაჭერაც დაკარგა ამ საქმეში ხელისუფლებამ. მათი თქმით, სპეცრაზმის შეყვანა და რეზინის ტყვიების გამოყენება, ეს დიდი შეცდომა იყო და დღეს ჰესის მშენებლობაზე დადებით აზრს აღარავინ დააფიქსირებს. ახლა მთავარი კითხვაა, რა იქნება ხელისუფლების შედეგი ნაბიჯი - ჰესის მშენებლობა დროებით შეჩერდა თუ სამუდამოდ და იქნება თუ არა დაპატიმრებები. "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძის შეფასებით, კვირას ჩვენ ვიხილეთ სერიოზული შეცდომების მთელი წყება და ახლა საჭიროა პრობლემების ლიკვიდაცია. ხელისუფლებების პანკისის ხეობის მიმართ სულ ერთი და იგივე შეცდომებს უშვებენ, არ ითვალისწინებენ ადგილობრივ სპეციფიკას. ეს არის რეგიონი, სადაც დაძაბულობის შექმნით დაინტერესებულია არა ერთი ძალა საქართველოს გარეთ და ამისთვის წლებია მუშაობენ. ხეობაში ჰყავთ გავლენის ფიგურები, რომლებსაც პატარა უთანხმოების შემთხვევაში შეუძლიათ სიტუაცია არიონ,"- ამბობს არეშიძე“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მისი თქმით, ვიღაცამ ეს პროვოკაცია მოაწყო. „უფრო სწორად, სიტუაციას ასდის პროვოკაციის სუნი, ვიღაცამ მოინდომა, რომ ხელისუფლება და სახელმწიფო ყოფილიყო დისკრედიტირებული, ვინ, არ ვიცი. ამიტომ პრობლემის ლიკვიდაციაა საჭირო. ახლა ჰესის აშენებაზე ლაპარაკი ზედმეტია, საჭიროა პრობლემის ძირისძირეულად შესწავლა. ხალხის დაპატიმრებით არაფერი გამოსწორდება. ის, რაც მოხდა პოლიციის წინააღმდეგ, ეს იყო ძალიან ცუდი, მაგრამ ამას უნდა შევხედოთ სახელმწიფოებრივი პოზიციიდან და პრობლემის ლიკვიდაცია უნდა დავიწყოთ,"- დასძენს არეშიძე. კვირას, სოფელ ძიბახევთან პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დიდი შეტაკება მოხდა. სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივებმა - ხელკეტები და ქვები. დაშავდა 55 ადამიანი, 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე. თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია ამჟამად მოთავსებული შსს-ს 15 თანამშრომელი. გამოძიება დაწყებულია სს ორი მუხლით - პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების გამო. ხეობაში ჩასულმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თუკი მოსახლეობის 90% არ იქნება ჰესის მშენებლობაზე თანახმა, ჰესი არ აშენდება. ასევე გახარიამ განაცხადა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც შს სამინისტროს თანამშრომლებზე იძალადა, კანონის სრული პასუხისმგებლობით აგებს პასუხს. მისი თქმით, თითოეულ ვიდეოკადრს გაანალიზებენ და ნახავენ, ვინ ვის რა ესროლა. სწორედ გახარიას ამ განცხადების გამოა პანკისში დაჭერების ახალი მოლოდინი და გაღიზიანება“, - განაგრძობს გამოცემა.

"მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას კონფლიქტში მონაწილე ადგილობრივების დაკავებაზე, რადგან მოსახლეობის აგრესია და პროვოცირება სპეცრაზმის შემოსვლამ გამოიწვია. ადგილობრივების თქმით, თუ პოლიციამ დაკავებების სერია დაიწყო, პანკისელები კიდევ ერთხელ გამოვლენ ქუჩაში, ამჯერად საკუთარი თანასოფლელების დასაცავად. „მოსახლეობა არის ძალიან უკმაყოფილო, დაკავებების შემთხვევაში უფრო გაიზრდება ადამიანების გაღიზიანება და შესაძლოა, ისევ ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი შენგელი ტოხოსაშვილი. მისივე თქმით, პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები მიზანმიმართული პროვოკაცია იყო მოსახლეობის მიმართ. „ანალოგიურად ველოდებით კიდევ მიზანმიმართულ პროვოკაციებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ცივილურ ფორმებში, სამოქალაქო პროტესტს გავაგრძელებთ," - ამბობს ტოხოსაშვილი. ხეობის მკვიდრი, ლეილა აჭიშვილის თქმით, ხელისუფლება თავის ხალხს არ უნდა ელაპარაკებოდეს ტყვიების და გაზის ენით. „რა დავაშავეთ ჩვენ, რატომ გახდა საჭირო სპეცრაზმის შემოყვანა. ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ძალიან ნაკლებად აქვს კომუნიკაცია ხელისუფლებას ხალხთან",- ამბობს აჭიშვილი. სპეცრაზმის შეყვანას დიდ შეცდომად მიიჩნევენ ხეობის უხუცესებიც, რომლებიც ჰესის მშენებლობას მხარს უჭერდნენ. ხელისუფლებას ისინიც მოუწოდებენ, რომ ხალხთან დიალოგი დაიწყოს“, - დასძენს გამოცემა.

"უხუცესთა საბჭოს წევრი ხასო ხანგოშვილი ამბობს, რომ პანკისის ხეობაში მცხოვრებლებზე სპეცრაზმი ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს და კვირიას განვითარებული მოვლენების გამო, ვინც პანკისში ჰესის მშენებლობის მომხრე იყო, ახლა ისიც დუმს, რადგან საკითხი ასე დადგა: ვინც ჰესების მშენებლობის მომხრეა, ის ხალხის მტერია. ხანგოშვილი დარწმუნებულია, რომ პანკისის ხეობაში, გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ, ჰესები აღარ აშენდება და ამიტომ პროტესტის გაგრძელების საჭიროება აღარ დადგება. „თავისთავად ცხადია, ბატონმა მინისტრმა, ამით დახურა ეს საკითხი, იმიტომ რომ 90% ხეობაში ჰესის მშენებლობის მომხრე არ იქნება და მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უკვე დახურულია. განვითარებული პროცესების შემდეგ, ჰესების მშენებლობის მომხრეთა რიცხვიც მნიშვნელოვნად შემცირდება", - განაცხადა ხანგოშვილმა. მამუკა არეშიძე ამბობს, რომ სპეცრაზმის შეყვანის საკითხი მოუმზადებელი იყო და ამ შეყვანით ქვეყანამ წააგო. „რატომ ხდება ეს, რომ მუდმივად წაგებულის მდგომარეობაშია, განსაკუთრებით შს სამინისტრო ჩანს ასე, ეს ძალიან მაწუხებს. ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი სიმბოლო სწორედ შს სამინისტროა. მუდმივად ხდება შს სამინისტროს და მისი მინისტრის დისკრედიტაცია. "ვიღაცამ არაკეთილსინდისიერი ინფორმაცია მიაწოდა. შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ხელისუფლებაში არსებობს ჯგუფი, რომელმაც პროვოკაციული რეჟიმი შექმნა და ხეობაშიც არსებობს ჯგუფი, რომელიც პროვოკაციული რეჟიმის შექმნას სიხარულით შეხვდა და აჰყვა სიტუაციას. "ხელისუფლებამ წააგო ისიც, რომ ახლა ჰესის მომხრე პანკისელებიც აღარ არიან ჰესის მომხრეები. სახელმწიფომ ამ მოქმედებით უფრო მეტი დაკარგა. ხალხზე არ ვლაპარაკობ, ეკრანზე ვნახე, რომ მოსახლეობასთან ერთად იყვნენ სხვა ძალებიც, ვინც სხვა დავალებებს ასრულებდნენ და ეს პროვოკაცია აწყობთ. დღეს გამარჯვებულები მხოლოდ ეს ჯგუფი დარჩა. ამის დაშვება არ შეიძლებოდა,"- აღნიშნავს არეშიძე“, - წერს სტატიის ავტორი.

რას მოუტანს უკრაინას კომიკოსის პრეზიდენტობა - “ზელენსკის სერიოზული ფიგურების მიყვანა დასჭირდება, ვისაც არ შეეშინდება რადიკალური ნაბიჯების გადადგმა”

„41 წლის კომიკოსი და სერიალის გმირი ვლადიმირ ზელენსკი 42-მილიონიანი უკრაინის ახალი პრეზიდენტია. მან არჩევნების მეორე ტურში ხმათა 73% მიიღო და დაამარცხა „შოკოლადის მეფე" პეტრო პოროშენკო, რომელმაც 24% მიიღო. აღნიშნული შედეგი უკრაინაში უპრეცედენტოა, რადგან მსგავსი მასშტაბის მხარდაჭერა ამ დრომდე არცერთ კანდიდატს არ მოუპოვებია. რას მოიტანს ზელენსკის გაპრეზიდენტება? ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვებაა და უკრაინისთვის შესაძლოა საბოლოო შანსიც იყოს. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ზელენსკი რუსული პროექტია, რომლის უკანაც არა უბრალოდ უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი იდგეს, არამედ, შესაძლოა, თვით ვლადიმირ პუტინის მთავარი პოლიტტექნოლოგი სურკოვი, რადგან მთელი არჩევნების პროცესში რუსული პროპაგანდა აშკარად ზელენსკის მხარეს იჭერდა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რას მოუტანს უკრაინას კომიკოსის პრეზიდენტობა - “ზელენსკის სერიოზული ფიგურების მიყვანა დასჭირდება, ვისაც არ შეეშინდება რადიკალური ნაბიჯების გადადგმა”

„ჯერჯერობით, ზელენსკის უკრაინაში ბევრი რამის შეცვლა, ალბათ, არ შეუძლია, უკრაინის რადაში ის არ ფლობს საპარლამენტო უმრავლესობას. მისი პარტია „სლუგა ნაროდა", რაც იმ სერიალის სათაურია, სადაც ის ისტორიის მასწავლებლობიდან პრეზიდენტი ხდება, სულ ახლახანს შეიქმნა, საპრეზიდენტო არჩევნების წინ. თუმცა, ოქტომბერში უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს და მთავარია, ზელენსკის ახალმა პარტიამ მოაგროვოს საპარლამენტო უმრავლესობისთვის საკმარისი ხმები. ამდენად, მთავარი ბრძოლა 6 თვის შემდეგ შედგება. „ჯიპას" პროფესორის, პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძის თქმით, რა შეიძლება შეიცვალოს ზელენსკის გაპრეზიდენტებით, ამაზე საუბარი რთულია - უკრაინის დალაგება მარტივი არ იქნება. „უკრაინის დალაგება მარტივი არ იქნება ზელენსკისთვის. რამდენად დამოუკიდებელია ის, ამაზე სერიოზული კითხვები არსებობს, ამიტომ, არ იქნება იოლი. დამოუკიდებელიც რომ იყოს, ბუნებრივია, მაინც ძალიან გაუჭირდება. ამისთვის მას გარედან სერიოზული ფიგურების მიყვანა დასჭირდება, ვინც ადგილობრივ კორუფციაში გასვრილები არ არიან და არ შეეშინდება რადიკალური ნაბიჯების გადადგმის. ამას თუ გააკეთებს, არ ვიცით, ვნახოთ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"უკრაინელებმა ყველაფერი სცადეს. სცადეს მაიდანი და პროდასავლური იუშჩენკო. სცადეს პრორუსული იანუკოვიჩი. სცადეს კიდევ ერთი მაიდანი და პროდასავლური პოროშენკო. ახლა აირჩიეს არაპოლიტიკოსი, რომელმაც იქამდე კოლომოისკის კუთვნილ ტელეარხზე გასულ კომედიურ სერიალში მოიგო არჩევნები და ამით მოიგო უკრაინელთა გულები. ამიტომ უფრო იოლი სათქმელია, რა მოხდება, თუკი იგი ვერაფერს იზამს. რა უნდა ქნას უკრაინამ თუკი ზელენსკიც ისევე ჩაფლავდება, როგორც ჩაფლავდა აქამდე ყველა? ასეთ შემთხვევაში უკრაინას, ალბათ, კიდევ ერთი სერიოზული კრიზისი ელის,"- ამბობს შარაშენიძე. შესაძლოა თუ არა, რომ უკრაინა-საქართველოს შორის ურთიერთობა შეიცვალოს, თუკი უკრაინაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაბრუნების უფლებას მისცემენ და უფრო მეტიც, თუკი ზელენსკი სააკაშვილთან თანამშრომლობაზეც წავა? „საქართველოს ხელისუფლება ვერ გასცდა სააკაშვილის ფაქტორს და კვლავაც ამის გარჩევა მიდის. თუ ზელენსკი დაუძახებს სააკაშვილს, მაშინ, დიდი ალბათობით, „ქართულ ოცნებას" მოუვა ის, რაც მოუვიდა რამდენიმე წლის წინ, როცა პეტრო პოროშენკომ დააბრუნა სააკაშვილი პოლიტიკაში - ორმხრივი ურთიერთობა გაფუჭდება. "თუ არ დააბრუნებს სააკაშვილს, არც არაფერი შეიცვლება. ჩემი აზრით, თუ ზელენსკის უნდა რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, მას გარედან მიყვანილი სააკაშვილისნაირი ადამიანი სჭირდება. რამდენად დააბრუნებს, ამას ვნახავთ, "- დასძენს შარაშენიძე“, - განაგრძობს გამოცემა.

„საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სასაზღვრო და უშიშროების სამსახურებს უკვე მიმართა, მოუხსნან უკრაინაში ჩასვლის აკრძალვა. პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მისცა და ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, ორი წლის შემდეგ კი მოქალაქეობა ჩამოართვა. სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა 2021 წლამდე აკრძალული აქვს. სააკაშვილი აცხადებს, რომ ვლადიმირ ზელენსკის უკრაინა უყვარს და „აქვს რეალური შანსი იქცეს უკრაინის ახალი სახელმწიფოს დამფუძნებელ მამად". მანამდე, პირველ ტურში ხმის მიცემისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ სააკაშვილის მიმართ კარგადაა განწყობილი, რადგან მან საქართველოში რეფორმები განახორციელა და კორუფცია დაამარცხა. მისი ამ განცხადების შემდეგ გაჩნდა მოსაზრებები, რომ შესაძლებელია ზელენსკიმ სააკაშვილი მრჩევლადაც კი მიიწვიოს. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვლადიმირ ზელენსკიმ დიდი სხვაობით მოუგო მოქმედ პრეზიდენტს. ბიულეტენების 95% უკვე დათვლილია და ზელენსკის 73% აქვს. ზელენსკის უკვე მიულოცეს ევროპის ლიდერებმა და აშშ-ს პრეზიდენტმა. ახლად არჩეული ზელენსკი ბერლინში უკვე მიიწვია გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა - მერკელი უკრაინას მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდა. ზელენსკიმ საქართველოდან მილოცვები მიიღო პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის სახელით. მის გამარჯვებას გამოხმაურებები მოჰყვა რუსეთშიც. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევი განაცხადა, რომ ამ არჩევნების შემდეგ, ურთიერთობის გაუმჯობესების შანსი არსებობს. ზელენსკის გამარჯვება მიულოცა ნარინჯისფერი რევოლუციის დროს გადაყენებულმა და რუსეთში გაქცეულმა ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა. საქართველოში, უკრაინის საელჩოში გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმათა უმრავლესობა ზელენსკიმ მიიღო - 51%. თუმცა საზღვარგარეთის უბნებზე უმეტესად პოროშენკომ გაიმარჯვა“, - წერს სტატიის ავტორი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით