იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები - ლევან გზირიშვილი,ზაზა ხარებავა და შოთა ქადაგიძე „ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები: ლევან გზირიშვილი,ზაზა ხარებავა და შოთა ქადაგიძე „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას ეხმაურებიან, რომლის მიხედვით ოპოზიციური პარტია იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან აღიშნული სამი არამოსამართლე წევრის გაწვევას ითხოვს.

არამოსამართლე წევრები ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში ოპოზიციური პარტიის ინიციატივას უსაფუძვლოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. აღნიშნულ განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„როგორც გაირკვა, ამ ინციატივის წარდგენის ძირითადი მიზეზია ჩვენ მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის მხარდაჭერა პარლამენტის წინაშე ნომინირებისათვის, ხოლო სამართლებრივი საფუძველია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის ნორმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას სამსახურებრივი მოვალეობის სისტემატურად არაჯეროვანი შესრულებისათვის.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება განპირობებული იყო ჩვენი შინაგანი რწმენით, რაც დაეფუძნა მხარდაჭერილ კანდიდატთა კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციას. ამასთან, ჩვენი ოპონენტები ვერ უთითებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ვერც ერთ ნორმას, რომლის დარღვევის გამოც ნომინირების პროცესი უკანონოდ შეიძლებოდა მიჩნეულიყო.

გარდა ამისა, თავად სამართლებრივი საფუძველი, რასაც ეფუძნება აღნიშნული ინიციატივა, ბუნდოვანია და არ არსებობს მისი გამოყენების ჩამოყალიბებული პრაქტიკა საქართველოში. საყურადღებოა, რომ ეს საფუძველი გაკრიტიკებულია ვენეციის კომისიის მიერ 2014 წლის 14 ოქტომბრის #773/2014 დასკვნაში, კერძოდ: კომისიის მოსაზრებით, საბჭოს წევრის მიერ ჩადენილი შესაძლო კანონდარღვევის საკითხი უნდა შეისწავლოს დამოუკიდებელმა ორგანომ ან სასამართლომ და არა პოლიტიკურმა დაწესებულებამ, როგორიცაა მაგალითად პარლამენტი, ვინაიდან სასამართლო ხელისუფლების მოხელისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა უნდა გაიმიჯნოს უნდობლობის გამოცხადების პროცედურისაგან, რაც ხორციელდება მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობის და ანგარიშვალდებულების მქონე თანამდებობის პირის (მაგ: მინისტრის) მიმართ; მართლმსაჯულების საბჭოს წევრს კი ამგვარი პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება.

ზოგადად, ამგვარი ინიციატივები საფრთხის შემცველია შემდეგი თვალსაზრისითაც: თუ დავუშვებთ, რომ პარლამენტი უფლებამოსილია - გარკვეული პოლიტიკური მიზნებისათვის გადააყენოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მის მიერ არჩეული წევრი, გამოვა, რომ პოლიტიკური ჩარევისაგან დაცული არ იქნება პარლამენტის მიერ განწესებული არც ერთი სხვა თანამდებობის პირიც (მაგ: სახალხო დამცველი, გენერალური აუდიტორი, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრი და სხვა), რაც ძირს გამოუთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობას.

ამდენად, პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა აბსოლუტურად უსაფუძვლო და უპერსპექტივოა. რეალურად, მას საერთო არაფერი აქვს სამართლებრივ პროცედურასთან და მიზნად ისახავს სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევას, ჩვენზე უკანონო ზეგავლენის მოხდენას და პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას; ამ ინიციატივას უკვე მოჰყვა რიგი პოლიტიკოსებისგან ჩვენი მიმართ სრულიად არაეთიკური შეფასებები (მაგ: „მდუმარე წევრები“, „მუქთახორები“, „კლანის მონები“ და სხვა), რაც დაუშვებელია.

მოვუწოდებთ ყველა სუბიექტს - შეწყვიტონ მსგავსი ქმედებები, რადგან ისინი უგულებელყოფენ ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტურ პრინციპს და აზიანებენ დემოკრატიულ გარემოს საქართველოში“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, “ევროპულმა საქართველომ“ დადგენილების პროექტი მოამზადა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის: ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გამოწვევას ითვალისწინებს. აღნიშნულ საკითხზე შემუშავებულია სამი დადგენილების პროექტი, რომელიც პარლამენტის ბიუროს 22 აპრილს წარედგინა დოკუმენტებში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არაჯეროვნად ასრულებენ მოვალეობას, რისი კარგი ილუსტრაციაც მოახდინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა