გიორგი კანაშვილი - არ მიკვირს, რომ პანკისში ხელისუფლებას არ ენდობიან, ალბათ, აჯობებს თბილისში პანკისთან მიმართებაში პოლიტიკის გადახედვა დაიწყონ

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი” კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, პანკისში განვითარებულ მოვლენებზე ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ სოციალურ ქსელში წავიკითხე კვალიფიციურობით გამორჩეული თქვენი სტატუსი და ამიტომაც გადავწყვიტე დაკავშირება.

აღარავინ დავობს, რომ ხელისუფლების მხრიდან პანკისის ხეობაში სპეცრაზმის შეყვანა შეცდომა იყო. ცალკე საუბრის თემაა, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგის რესურსი სრულად არ იყო გამოყენებული და ისიც, რომ ამ პროცესში სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფების აქტიურობა შეიმჩნეოდა. რადგან თქვენ უპირველესად ყურადღება გაამახვილეთ პანკისის ხეობის მიმართ ჩვენი ყველა ხელისუფლებების არათანმიმდევრულ და ზოგჯერ გაუგებარ დამოკიდებულებაზე, ჩვენი საუბრის დაწყება სწორედ ამ თემით მინდა გთხოვოთ.

- ჩემი აზრით, საკითხის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ყველა ხელისუფალი პანკისისა და პანკისელების გამოყენებას ცდილობდა სხვადასხვა პოლიტიკურ, დავაზუსტოთ - გეოპოლიტიკურ თამაშებში, რამაც საბოლოო ჯამში, როგორც ვხედავთ უკუშედეგი მოგვიტანა.

რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დროს და მის შემდეგ საქართველომ მრავალი ათასი ჩეჩენი დევნილი მიიღო. ეს იყო მორალურად სწორი და პრინციპული გადაწყვეტილება. სხვათა შორის, მაშინდელმა მთავრობამ, შევარდნაძის სახით, მაშინ ბევრი პრინციპული ნაბიჯი გადადგა, რომლის გამოც საქართველო დაისაჯა.

საქართველოს ყველა ხელისუფალი პანკისისა და პანკისელების გამოყენებას ცდილობდა სხვადასხვა პოლიტიკურ, დავაზუსტოთ - გეოპოლიტიკურ თამაშებში, რამაც საბოლოო ჯამში, როგორც ვხედავთ უკუშედეგი მოგვიტანა

მაგალითად, რუსეთის მოთხოვნაზე, ჩეჩნეთზე შესატევად საქართველოში განლაგებული ბაზების გამოყენებაზე უარი, ამ ამბის შემდეგ ხდება რუსეთის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება აფხაზეთში. მაგრამ ეს საუბარი შორს წაგვიყვანს...

ხეობაში დევნილებს ჩეჩენი მებრძოლებიც შემოყვნენ, ამ ამბიდან იწყება პანკისის მიბმა ჩრდილოეთკავკსიურ კონტექსტთან და საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა პანკისელების გამოყენებას რუსეთთან დაპირისპირებაში. ქართულ-რუსული ურთიერთობების ცვლილების ფონზე, იცვლებოდა პანკისის როლი და ფუნქციაც. მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს:

- გელაევის და მისი ჯგუფის გადასროლა აფხაზეთში, 2001 წლის აგვისტოში, ანუ ჩეჩნებისა და პანკისელების გამოყენება აფხაზეთის პრობლემის მოგვარების მიზნით;

- სააკაშვილის მიერ რამდენიმე ჩეჩენის გადაცემა რუსეთზე, რუსების გულის მოსაგებად - 2004 წელს;

- იგივე სააკაშვილის მიერ პანკისისა და პანკისელების გამოყენების მცდელობა რუსეთის წინააღმდეგ მას შემდეგ რაც რუსეთთან ფლირტი ჩაიშალა, დასრულდა ამ მიდგომის ყველაზე მტკივნეული, გვერდითი შედეგით - ლაფანყურის ამბებით.

სააკაშვილის მიერ პანკისისა და პანკისელების გამოყენების მცდელობა რუსეთის წინააღმდეგ მას შემდეგ რაც რუსეთთან ფლირტი ჩაიშალა, დასრულდა ამ მიდგომის ყველაზე მტკივნეული, გვერდითი შედეგით - ლაფანყურის ამბებით

ასე, ზიგზაგებით მოვდიოდით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე. სამართლიანობის გამო უნდა ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ პერიოდში პანკისმა თავისი ფუნქცია, ასე ვთქვათ დაკარგა. ანუ, რუსეთთან ნორმალიზაცია დაიწყო და შესაბამისად პანკისელებისგან აღარავის აღარაფერი აღარ უნდოდა.

მაგრამ დაიწყო სირიის ომი და ხელისუფლება პრინციპში თვალს ხუჭავდა პანკისელების სირიაში გადინებაზე. ეს ასე ხდებოდა, სანამ დემოკრატიისთვის მებრძოლები, ერთ დღესაც ტერორისტებად არ იქცეოდნენ და ჩვენც, როგორც ჩანს, პარტნიორებმა გვირჩიეს, ამ საკითხისთვის მიგვეხედა.

ყოველივე ამას, ემატება ის, რომ ხეობა ფაქტობრივად ორ ნაწილადაა გაყოფილი. უფროსი თაობა და ახალგაზრდობის რაღაც ნაწილი ე.წ. ტრადიციულ ისლამს მისდევს, ხოლო ახალგაზრდობის მეორე დიდი ნაწილი, რომელიც მზარდია, სუნიტური ისლამის ე.წ. სალაფიტურ განშტოებას. „ნაცმოძრაობა“ ამ უკანასკნელზე დებდა ფსონს, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგომ მდგომარეობა შეიცვალა.

თბილისი, პრინციპში უშედეგოდ ცდილობდა ტრაციული ისლამის მიმდევრების მოძლიერებას სხვადასხვა გზითა და ხერხებით. მათ, შორის სალაფიტური თემის იზოლირების გზით. ამჟამინდელმა მოვლენებმა, ვგონებ, კარგად აჩვენა, რომ ამ მიდგომამ არ გაამართლა

თბილისი, პრინციპში უშედეგოდ ცდილობდა ტრაციული ისლამის მიმდევრების ნაწილის მოძლიერებას სხვადასხვა გზითა და ხერხებით. მათ, შორის სალაფიტური თემის იზოლირების გზით. ამჟამინდელმა მოვლენებმა, ვგონებ კარგად აჩვენა, რომ ამ მიდგომამ არ გაამართლა.

სხვათა შორის ამ მხრივ, „ქართული ოცნება“ ორიგინალური არაა. რუსეთში ჩრდილოეთ კავკასიაში სალაფიზმი ტრადიციული ისლამის მოძლიერებით განდევნეს. უბრალოდ, იქ ტრადიციული ისლამის მოძლიერების პარალელურად სალაფიზმის მიმდევრები ფიზიკურად გაანადგურეს, დახოცეს. ჩვენ, ამგვარ სახელწიფოს არ ვაშენებთ, შესაბამისად, ალბათ აჯობებს თბილისში, პანკისთან მიმართებაში პოლიტიკის გადახედვა დაიწყონ.

აი, ასე მოვდიოდით დღემდე - ამიტომ, მე საერთოდაც არ მიკვირს, რომ პანკისში ხელისუფლებას არ ენდობიან. სამწუხაროდ, ბოლო ინციდენტმა ეს უნდობლობა კიდევ უფრო გააღრმავა და ის ძალისხმევა, რომელსაც წლების განმავლობაში იყო გაწეული (ხელისუფლების მიერ), ფაქტობრივად წყალში გადაიყარა. არადა, ისიც ფაქტია, რომ ხეობაში მრავალი კარგი პროექტი განხოციელდა.

- მიუხედავად იმისა, რომ პანკისის ხეობაში რთული სოციალური მდგომარეობაა, აზრთა სხვადასხვაობაა რელიგიურ და პოლიტიკურ საკითხებში, ყველა თანხმდება, რომ ხეობის მოსახლეობა საქართველოს ინტერესების ერთგულებით და საქართველოს მიმართ პატრიოტიზმით გამოირჩევა.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ თემაზე საუბრისას ხელისუფლება ბოლომდე ყველაფერს არ ამბობს. თუ დიალოგის რესურსი ბოლომდე ამოწურული არ იყო, მართლაც გაუგებარია რა გახდა მიზეზი ხეობაში სპეცრაზმის შეყვანის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მისაღებად.

თქვენი აზრით, სპეცრაზმის შეყვანით, რისი დემონსტრირება უნდოდა ხელისუფლებას და ფაქტობრივად რა მიიღო? დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლება ხეობაში კერძო ინტერესებს ლობირებდა, მაგრამ თუ ლობირებდა და წინააღმდეგობა იყო, რატომ გადაიდგა ისეთი ნაბიჯები, რაც ქართულ სახელმწიფო ინტერესებს აშკარად არ წადგომია?

- ხელისუფლებამ აშკარად იცოდა, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილი ჰესების წინააღმდეგ იყო განწყობილი. ამიტომაც მოხდა საწყის ეტაპზე პოლიციის შედარებით მცირე ჯგუფის შეყვანა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მოწინააღმდეგენი ბევრად უფრო მეტნი არიან ვიდრე მათ ეგონათ, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ხელისუფლებას ჯერ კიდევ ეგონა, რომ სიტუაციის შემოტრიალება შესაძლებელი იყო და დამატებითი ნაწილებიც, ამიტომ შეიყვანეს.

წლებია „ქართული ოცნება“ ხეობის სალაფიტურ თემს არ ესაუბრება, მის იგნორირებას და იზოლირებას ან დაშინებას ცდილობდა. საბოლოო ჯამში ძალის დემონსტრირება, თუ ხელისუფლებას მართლაც ამოძრავებდა ამგვარი განზრახვა, ვერ გამოვიდა

საბოლოოდ გაირკვა, რომ ხეობის დიდი ნაწილი, ახალგაზრდობა - ანუ ის ნაწილი, რომელიც ყველაზე აქტიურია, თითქმის სრულად გამოვიდა. პროცესი უმართავი გახდა და მხოლოდ ამის შემდეგ იქნა მიღებული უკან დახევის გადაწყვეტილება. ის, რომ არავინ არ ელოდა ამგვარ წინააღმდეგობას, კარგად გამოჩნდა სპეც.დანიშნულების რაზმების უკიდურესად დაბნეულ და უსუსურ მოქმედებაში.

სხვათა შორის, ასეთი წინააღმდეგობა გამოიწვია იმანაც, რაზეც უკვე ვისაუბრე - წლებია „ქართული ოცნება“ ხეობის სალაფიტურ თემს არ ესაუბრება, მის იგნორირებას და იზოლირებას ან დაშინებას ცდილობდა. საბოლოო ჯამში ძალის დემონსტრირება, თუ ხელისუფლებას მართლაც ამოძრავებდა ამგვარი განზრახვა, ვერ გამოვიდა.

- შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა - „დიდი კითხვის ნიშნებია ვის ინტერესში შედიოდა სიტუაციის ესკალაცია და რატომ.“ ხელისუფლება ხელს ოპოზიციისკენ იშვერს, მაგრამ თუ ასეა, ისიც ფაქტია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ხელისუფლებას მეტი გონიერება უნდა გამოეჩინა და გაუმართლებელი ნაბიჯები არ გადაედგა.

- სრულიად გეთანხმებით, თუმცა ეს უფრო საკუთარი შეცდომის სხვაზე გადაბრალებას წააგავს. ოპოზიცია, თუ მინისტრი მათ გულისხმობდა, იმის ოპოზიციაა, რომ ხელისუფლება აკრიტიკოს და დაუპირისპირდეს. თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი.

არა მგონია, რომ იმდენად უპასუხისმგებლო ოპოზიცია გვყავდეს, პანკისის ხეობაში მოსახლეობას ხელისუფლების წინააღმდეგ ამხედრებდეს

არა მგონია, რომ იმდენად უპასუხისმგებლო ოპოზიცია გვყავდეს, პანკისის ხეობაში მოსახლეობას ხელისუფლების წინააღმდეგ ამხედრებდეს. პანკისში სიტუაციის სტაბილურობა, სცდება ხელისუფლება-ოპოზიციის დაპირისპირების არეალს. ეს არის საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესი და დაწრმუნებული ვარ, ოპოზიციას ამას ათვითცნობიერებს.

- თქვენ თქვენსავე სტატუსში დასძენთ - „მდგომარეობა პანკისის ხეობაში რთულია, მაგრამ უსაშველო არაფერია.“ მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ხელისუფლება თვალს ვერ დახუჭავს ადგილობრივების მხრიდან პოლიციელების მიმართ ძალადობაზე.

ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარემ ხასო ხანგოშვილმა განაცხადა - „ვინც ხეობაში ჰესის მშენებლობის მომხრე იყო, ახლა ისიც დუმს, რადგან საკითხი ასე დადგა - ვინც ჰესების მშენებლობის მომხრეა, ის ხალხის მტერია“. მეტიც, სოფელ ბირკიანში შეკრებილებმა განაცხადეს - „მომხდარის გამო ვინმე რომ დააკავონ, იგივე, ან უარესი მოხდება.“ არადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ინციდენტში მონაწილეების იდენტიფიცირება მოხდება და ისინი დაისჯებიან. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები?

- შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ირიბად, შეცდომა მაშინ აღიარა, როდესაც ნაწილები ხეობიდან გამოიყვანა. ეს იყო, ერთადერთი სწორი და გონიერი ეპიზოდი იმ ოპერაციაში. ეხლა, ხელისუფლება ცდილობს სახე შეინარჩუნოს.

შეგვიძლია ამ პოზიციას შემრიგებლური დავარქვათ - ხელისუფლება სიმბოლური ჯარიმებით შემოიფარგლოს. რამდენიმე ადამიანი დააჯარიმოს და ამაზე შეწყვიტოს საქმე. ჩემი აზრით, სიტუაციის სირთულის და სპეციფიურობის გათვალისწინებით, ეს მეორე გზა უფრო აჯობებს და აჯობებს ყველასთვის - პანკისელებისთვისაც და ქვეყნისთვისაც

შეცდომების ის მთელი კასკადი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, რამით უნდა გადაიფაროს, თანაც სრული დაუსჯელობა ძალიან სახიფათო პრეცედენტი იქნება. ამის დაშვებას ისინი არ აპირებენ და ალბათ, მართლაც, მოლოტოვის კოქტეილების გამოყენება და მანქანების დაწვა, უნდა ვაღიაროთ გადამეტება იყო.

მაგრამ, მოდით ასე ვთქვათ - ჯერ ერთი, ვინ უნდა დაისაჯოს? თითქმის მთელი ხეობა იყო წინააღმდეგობაში ჩართული და მეორეც, - თუ ხეობიდან ისჯება ვინმე, მაშინ ხელისუფლებიდან ვინღა უნდა დაისაჯოს სრულიად უაზრო ოპერაციის გამო? ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისმგებლობა აპრიორი არ დგება?! მათ რაიმე სახის იმუნიტეტი იცავთ, რომლის შესახებაც ჩვენ არ ვიცით?!

ეს იმ ფონზე, როდესაც თემირლან მაჩალიკაშვილის მოკვდინების ფაქტი არ არის გამოძიებული, ყოველ შემთხვევაში, არავის აქვს იმის შეგრძნება, რომ დამნაშავეები დაისაჯნენ.

აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ ან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დასაჯოს როგორც პროტესტის მონაწილეები, ასევე საკუთარი თანამშრომლები. აქ იმ დონის შეცდომები იყო დაშვებული, რომ შეიძლება თავისუფლად დადგეს მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პასუხისმგებლობის საკითხი.

პანკისში უნდა იგრძნონ, რომ მათი ტკივილი და პრობლემები, ქართულ საზოგადოებას ისევე აწუხებს, როგორც საქართველოს სხვა კუთხეების პრობლემატიკა, დაყოფა - ისინი და ჩვენ, დაუშვებელია!

ან მეორე გზით წავიდეს, შეგვიძლია ამ პოზიციას შემრიგებლური დავარქვათ - ხელისუფლება სიმბოლური ჯარიმებით შემოიფარგლოს. რამდენიმე ადამიანი დააჯარიმოს და ამაზე შეწყვიტოს საქმე. ჩემი აზრით, სიტუაციის სირთულის და სპეციფიურობის გათვალისწინებით, ეს მეორე გზა უფრო აჯობებს და აჯობებს ყველასთვის - პანკისელებისთვისაც და ქვეყნისთვისაც.

თუმცა, არ გამოვრიცხავ ხელისუფლება მესამე გზით წავიდეს ანუ შეეცადოს დასაჯოს პანკისელები, მთელი პასუხისმგებლობა ძალადობაზე მათზე გადაიტანოს და შეეცადოს ამის შემდეგ კიდევ უფრო გაზარდოს მათზე წნეხი. არა მგონია, რომ ეს გზა ან სამართლიანი და ან შედეგის მომტანი იყოს.

- ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი არავინაა, თუმცა, ევროპის რიგ ქვეყნებში კარგა ხანია ჰესების მშენებლობაზე უარი აქვთ ნათქვამი. ისეთ არამზიან ქვეყანაში, როგორც ნორვეგიაა, მზის ენერგიას იყენებენ აქტიურად. ეკოლოგი არ ვარ, მაგრამ პატარა ხეობაში 4 ჰესის მშენებლობა შესაძლოა ნამეტანიც იყოს. მართალია, როგორც ამბობენ ეს ჰესები საკმაოდ პატარა ჰესებია, მაგრამ მაინც.

ალბათ, ბევრად უკეთესი იქნებოდა თუ ჰესების ნაცვლად ხელისუფლება პანკისის ხეობაში მეტად იზრუნებდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, თან ისე, რომ ამ რეგიონის ტურისტული პოტენციალი მნიშვნელოვნად გაზრდილიყო. ტურიზმმა რომ მაღალმთიან სვანეთში ბევრი რამ მოაწესრიგა, უკვე ვიცით. თქვენი დაკვირვებით, რატომ არ არჩია მთავრობამ მეტად ეზრუნა პანკისის ხეობაში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, თან ისე, რომ პანკისის ხეობა ტურისტული თვალსაზრისით უფრო მეტად მიმზიდველი გაეხადა?

- იცით, ეკონომიკური და სოციალური საკითხები მნიშვნელოვანია, თუმცა არა გადამწყვეტი. შეგიძლიათ ჩახვიდეთ პანკისში და შემდეგ საქართველოს სხვა რაიონებში, გვერდით მდებარე სოფლებში, ვერანაირ განსხვავებას ვერ ნახავთ. ამიტომ პასუხები არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ სიბრტყეში უნდა ვეძებოთ, არამედ სხვაგანაც.

რაც უფრო მალე მოხდება იმის გააზრება, რომ პანკისის ხეობაში არა მოწოდებით ტერორისტები, არამედ უგუნური პოლიტიკის მსხვერპლნი ცხოვრობენ, მით მალე დალაგდება მდგომარეობა

მთავარია აღდგეს ნდობა, ნდობა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოება ასე მყისიერად რეაგირებს პანკისში მიმდინარე პროცესებზე. პანკისში უნდა იგრძნონ, რომ მათი ტკივილი და პრობლემები, ქართულ საზოგადოებას ისევე აწუხებს, როგორც საქართველოს სხვა კუთხეების პრობლემატიკა. დაყოფა - ისინი და ჩვენ, დაუშვებელია!

- თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ პანკისის თემაც დახურულად ჩაითვალოს და ამ ხეობაში ადგილობრივების თანხმობით რამდენიმე ჰესიც აშენდეს?

- გასაგებია, რომ მდგომარეობა რთულია, მაგრამ უსაშველოც არაფერია. პანკისელები საქართველოს პატრიოტები არიან და ეს საქმით არაერთხელ დაუმტკიცებიათ. მთავარია, ჩვენი ხელისუფლება მოეშვას მათ მანიპულაციას და გამოყენებას, მოეშვას დაშინებას და სპეცსამსახურებით სიტუაციის მართვას და გამოიძიოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე.

მაქსიმალურად და ეს უკვე მართლა სპეცსამსახურების საქმეა, უნდა გაკონტროლდეს უცხო ქვეყნების აქტიურობა ხეობაში. მაგრამ ისიც ფაქტია, ვერანაირი უცხო ძალა, სიტუაციას ადგილზე ვერ არევს, თუ ადგილზე ნოყიერი ნიადაგი არ დახვდება.

დანარჩენი დალაგდება ყველაფერი ნელა-ნელა და მშვიდად. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ცალკე აღებულ პანკისის ხეობაში ვერ იქნება უკეთესი, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. ეს უნდა ესმოდეთ და ესმით კიდევაც პანკისში.

ამიტომ, როგორც აღვნიშნე, მთავარია პანკისის ხეობაში გაჩნდეს ნდობა ხელისუფლებისადმი, ეს ხალხი, მათდამი ადამიანურ დამოკიდებულებას ითხოვს, მეტს არაფერს. რაც უფრო მალე მოხდება ამის გააზრება, რომ პანკისში არა მოწოდებით ტერორისტები, არამედ უგუნური პოლიტიკის მსხვერპლნი ცხოვრობენ, მით მალე დალაგდება მდგომარეობა. მთავარია ეს სხვადასხვა კაბინეტების ბინადარებმა მალე გაიგონ.

და ბოლოს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია ცალსახად გვიჩვენებს, რომ ქართული საზოგადოება ხელისუფლებას შეცდომებს პატიობს, აი, ძალადობას კი არა. იმედია, ხელისუფალნი გაითვალისწინებენ ამ გამოცდილებას.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით