პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციები მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია“ შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. “ინტერპრესნიუსი“ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სწრაფად განვითარების ტოლფასია. ჩვენს ქვეყანას ეკონომიკის განვითარებისთვის გაცილებით სწრაფი ტემპი სჭირდება, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში, კავკასიის რეგიონში ყველაზე დინამიურად განვითარებადი ქვეყანა გახდეს. ეს შესაძლებელია - ამას მსოფლიო ბანკის კვლევებიც ადასტურებს.

დღეს, მზარდი ენერგომოხმარების პირობებში, არ უნდა ვსაუბრობდეთ ენერგოობიექტების აშენება-არაშენებაზე, რადგან არაშენება და არგაკეთება მხოლოდ საქართველოს მიმართ არაკეთილგანწყობილი ძალების (ქვეყნების) ინტერესშია და პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი ქვეყნის ღალატის ტოლფასია. დღეს ჩვენ უკეთ შენებაზე, უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებსა და გარემოზე ზიანის მაქსიმალურად შემცირებაზე უნდა ვსაუბრობდეთ და ამაში ვხარჯავდეთ ჩვენს ენერგიასა და რესურსებს. არავინ არის მომხრე, რომ ენერგორესურსების ათვისება ეკოლოგიური წესებისა და ნორმების დარღვევით მოხდეს. მიგვაჩნია, რომ ყველა ნორმა მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. ჰესები სწორედ ასე უნდა ვაშენოთ და ამას ალტერნატივა არ აქვს.

იმ გზას, რაც წინა საუკუნეში გაიარა ევროპამ, იაპონიამ, შეერთებულმა შტატებმა, ჩვენ ახლა გავდივართ. მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ მცირე ჰესების მშენებლობა, ყველაზე უსაფრთხო და გარემოსთვის მინიმალური ზიანის მომტანია, საყოველთაოდ აპრობირებული და აღიარებულია, როგორც ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა, განახლებადი და მწვანე წყარო.

მიგვაჩნია, რომ მოსახლეობის ყველა ფენას უნდა დავეხმაროთ გააცნობიერონ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები, კერძოდ ის, რომ მცირე ჰესების მშენებლობაზე უარის თქმა, პროგრესზე, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაზე, ქვეყნის სტაბილურობასა და ინვესტიციების მოზიდვაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე უარის თქმის ტოლფასია.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ქონების გადასახადთან დაკავშირებული თანხების უდიდესი ნაწილი, სხვადასხვა რეგიონში, იმ ადგილობრივ მოსახლეობას, თემებსა და სოფლებს დარჩეს, სადაც ენერგოობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს და ეს თანხა სწორედ მათ განვითარებას მოხმარდეს. ამით ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოფლის მეურნეობისა და სხვადასხვა სოციალური პრობლემების მოგვარებას გაეწევა სუბსიდირება. სოციალურ პასუხისმგებლობასა და ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრაზე ინვესტორიც არ დაიხევს უკან. მიგვაჩნია, რომ ამ მიზნით მოსახლეობასთან, თითოეულ ოჯახთან კონსტრუქციული დიალოგი და მჭიდრო კომუნიკაციაა საჭირო - ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ვფიქრობთ, არც მოსახლეობა იტყვის უარს მსგავსი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ უკეთ შენებაზე, მაღალი სტანდარტების დაწესებასა და გარემოზე ზემოქმედების მაქსიმალურად შემცირებაზე აქტიურად ვმუშაობთ და მივესალმებით ყველა კონსტრუქციულ წინადადებას. ამ პროცესში მოსახლეობის, მთელი საზოგადოების თანადგომისა და მედიის მიუკერძოებლობის იმედი გვაქვს“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს 20-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი აწერს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა