ფინანსთა მინისტრი ოპოზიციას - მე რომ თქვენნაირი პოპულისტი ვიყო, ვიტყოდი, რომ თქვენ დროს საგადასახადო ტვირთი 12-დან 24 პროცენტზე ავიდა, მაგრამ არ ვარ პოპულისტი

ნამუსი აღარ არის ხალხო? გავიგეთ ბატონო გიგა, რომ ციფრებთან ვერ ხართ კარგად, - ასე მიმართა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

სხდომაზე კამათი გადასახადების ზრდის საკითხს მოჰყვა.

ბოკერია დაინტერესდა, რატომ დახარჯავს მთავრობა ხალხის ფულს მათზე უკეთესად.

„რატომ არის ამ მთავრობის ლოზუნგი, ამ ფინანსთა მინისტრის, წინა ეკონომიკის მინისტრის, გნებავთ, საპენსიო შენატანზე, გნებავთ დედოლარიზაციაზე, რომ ხალხს ელაპარაკებიან და ეუბნებიან, რომ მოიქეცით როგორც ჩვენ გეუბნებით და არა ისე, როგორც ჩვენ ვიქცევით. რატომ არის ასეთი ცინიკური და ფარისევლური მორალი, რომ გვეუბნებით, ჩვენზე უკეთ დახარჯავთ ჩვენს ფულს და ზრდა რომ არ არის საკმარისი, ეს არის გარემოების ბრალი? რომ თქვენ ჩვენზე უფრო ჭკვიანები ხართ და თქვენ ხართ ბავშვები, რომლებზეც ჩვენ ვიზრუნებთ. თან გვატყუებთ, რომ თქვენთვის რაც გინდათ, იმას სხვებს არ სთვაზობთ“, - განაცხადა ბოკერიამ.

აღნიშნულზე ივანე მაჭავარიანმა ბოკერიას უთხრა, რომ ბოლო წლების განმავლობაში გადასახადების ზრდა არ მომხდარა და ის, რომ 0.1, 0.2-ით იზრდება, ეს არ არის ცუდი ნიშანი.

„თქვენ თუ ნახავთ, ბოლო წლების განმავლობაში საგადასახადო შემოსავლები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 25 პროცენტის მიდამოშია ისე, რომ გადასახადების გაზრდა, განაკვეთების გაზრდა არ მომხდარა. ის, რომ 0.1, 0.2-ით იზრდება, ეს არ არის ცუდი ნიშანი. ეს ნიშნავს, რომ ადმინისტრირების ხარჯზე ჩვენი ეკონომიკის ჩრდილოვანი ნაწილიც, რომელიც ვიცით, რომ არსებობს, ის მცირდება. ეს არის ზუსტად პროდუქტიულობა, გადასახადების მობილიზების უნარი ისე, რომ ერთი მხრივ განაკვეთებს არ შეეხო, არ გაზარდო და მეორე მხრივ არ გაურთულო გადამხდელს პროცედურები და ამის ხარჯზე არ გააკეთო. ამ მიმართულებით, არა მარტო პროცედურები არ გავართულეთ, ავტომატურ რეჟიმში დღგ-ს ვუბრუნებთ და შარშან 520 მილიონი დავუბრუნეთ. რაც შეეხება როდის მოხდა ტვირთის ზრდა - გაგიკვირდებათ და მე რომ თქვენნაირი პოპულისტი ვიყო, ვიტყოდი, რომ თქვენ დროს 12 პროცენტიდან 24 პროცენტზე გაიზარდა საგადასახადო ტვირთი-თქო, მაგრამ არ ვიტყვი, არ ვარ პოპულისტი. მაგ პერიოდში მოხდა გადასახადების განაკვეთების შემცირება, ზოგიერთი გადასახადის გაუქმება, მაგრამ ზუსტად პროდუქტიულობის ხარჯზე 12-დან 24-ზე ავიდა და იყო დადებითი მოვლენა. რაღა 25.5-დან 25.6-მდე რომ ავიდა, ეს არის ტვირთის გაზრდა? ბატონო გიგა, ციფრებთან ახლოს ხართ? 12-დან 24-მდე რომ ავიდა, მაგას არ გსაყვედურობთ და 25.5-დან 25.6-მდე რომ მაგას გვსაყვედურობთ? ნამუსი აღარ არის ხალხო? 12-ზე ჩამოვალ თუ გინდათ? გავიგეთ ბატონო გიგა, რომ ციფრებთან ვერ ხართ კარგად. კონცეპტუალურად უფრო გამართული უნდა იყოთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

თავის მხრივ, აღნიშნულზე გიგა ბოკერიამ უპასუხა: „მაშინ, 91-92 წელს სამოქალაქო ომის პროცესში ვიყავით, სახელმწიფო რომ არ არსებობდა. ჩვენ მოქალაქერები ვერ ვართ ციფრებთან კარგად? მეტ ფულს ართმევთ თუ არა ხალხს საპენსიო რეფორმის შედეგად? გვიპასუხეთ!“ - მიმართა გიგა ბოკერიამ ფინანსთა მინისტრს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო