ფინანსთა მინისტრი - კობა გვენეტაძესა და ჩემს მიდგომებს შორის სხვაობა ის არის, რომ ის ამბობს - 10 საათზე მოვიდეს ბავშვი სახლში, მე ვამბობ, 12-მდე დატოვეთ

ფინანსთა მინისტრმა „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, იმ განსხვავებებზე ისაუბრა, რაც მისი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიდგომებშია, რისი ილუსტრირებისთვისაც თინეიჯერი შვილის მაგალითი მოიყვანა.

„პოპულარულ და მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, დაახლოებით რასთან გვაქვს საქმე, ვისაც თინეიჯერი შვილი გყავთ, ყველანი ვნერვიულობთ, რომ გვიან არ მოვიდეს, რამე არ დაუშავდეს. სხვაობა ბატონ კობასა და ჩემს მიდგომებს შორის ისაა, რომ ის ამბობს 10 საათზე მოვიდეს ბავშვი სახლში, მე ვამბობ 12-მდე დატოვეთ ,“- განაცხადა მინისტრმა.

ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რომ მის მიერ საბანკო რეგულაციებზე გაკეთებული განცხადებები წინააღმდეგობრივი არ არის და აღნიშნა, რომ საბანკო რეგულაციების დრამატულ შედეგებს ვერ ხედავს, თუმცა იმ ფონზე, რომ სამშენებლო სექტორში საბანკო რეგულაციებამდეც შეინიშნებოდა შენელება სამშენებლო რეგულაციებისა და ლარიზაციის გამო, ამიტომ ის ამ ეტაპზე არ იყო რეგულაციების მომხრე.

„ძირითადად ამ რეგულაციების სულისკვეთებას და პრინციპებს ვეთანხმებოდი მაშინ, ახლა და ალბათ მომავალშიც დავეთანხმები. უბრალოდ, მე მომხრე არ ვიყავი ამ ეტაპზე კიდევ მეტი იპოთეკასთან დაკავშირებული რეგულაციების. ჩემი მოსაზრება იყო შეგვეხედა ბაზრისთვის, სექტორისთვის და მერე მიგვეღო. მეორე - შეიძლება უმნიშვნელო უთანხოება იყოს შემოსავლების დადასტურების მექანიზმსა და ოდენობაზე. ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი, ის არის გაცილებით უფრო ფრთხილი, ვიდრე ზოგადად ხელისუფლება, ყველა ქვეყანაში ასეა“, -განაცხადა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის მხრიდან ეროვნულ ბანკთან უთანხმოების შესახებ განცხადებას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის რეპლიკა მოჰყვა.

ირაკლი კოვზანაძემ მინისტრს შეახსენა, რომ სხდომას ჟურნალისტებიც ესწრებიან, რომლებიც ამ ტერმინებს განსხვავებულად გაიგებენ, რის შემდეგაც მაჭავარიანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ძირითადად ეროვნულ ბანკთან თანხმობა აქვს მთავარ პრინციპებსა და ხედვაზე, მცირე განსხვავებების არსებობა კი ნორმალურია.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ფინანსთა მინისტრს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კითხვა გაუმეორა - რამ შეგაშინათ ბატონო ვანო?- მიმართა მან მაჭავარიანს საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით და ასევე აღნიშნა, რომ მის მიერ თებერვალსა და აპრილში გაკეთებულ განცხადებებს შორის რადიკალურ ცვლილებებს ხედავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს