24 აპრილს, თბილისის საკრებულოს, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ-საქართველოსა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდ-საქართველოს (MCA-Georgia) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმს ხელს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ-საქართველოს დეკანი, პროფესორი ჰალილ გუვენი მოაწერენ.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და განათლებისა და კულტურის კომისია საქართველოში მოქმედ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან შეხვედრას გამართავს, რომელზეც დედაქალაქის განათლებისა და კულტურის პოლიტიკაზე იმსჯელებენ. ღონისძიებას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიის შტატში. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საინჟინრო, სამშენებლო და საბუნებისმეტყველო დარგების განვითარებასა და მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მისიაა საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა. ფონდი პროექტებს ახორციელებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC-ის) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის (კომპაქტის) მეშვეობით.