მამუკა ბახტაძე - დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ

დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდ USS Ross-ზე სტუმრობისას განაცხადა, რომელიც ბათუმის ნავსადგურში იმყოფება.

მთავრობის მეთაურს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა და საზღვაო ხომალდის მეთაურმა, კაპიტანმა დევიდ კოულსმა უმასპინძლეს. პრემიერმა ხომალდი დაათვალიერა და მისი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, USS Ross-ის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოსადმი, რასაც ქართველი ხალხი აფასებს.

“საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აშშ-ი ყოველთვის იდგა ჩვენს გვერდით ყველაზე მძიმე წუთებში და ქართველი ხალხი ამას არასოდეს დაივიწყებს. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება. ჩვენი გზავნილი ჩვენი მეგობრებისთვის ყოველთვის იყო ძალიან მკაფიო - შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე ტრანსატლანტიკური სახელმწიფოების მდგრადი უსაფრთხოება წარმოუდგენელია. თქვენი სტუმრობა არის კიდევ ერთი ძლიერი და მეგობრული გზავნილი და ამ მხარდაჭერისთვის მადლობას გიხდით", - მიმართა პრემიერმა საზღვაო ხომალდის მეთაურსა და ეკიპაჟის წევრებს.

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Ross-ი ბათუმის ნავსადგურში 21 აპრილს შემოვიდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს