დისტრიბუტორთა საქმიანობასთან დაკავშირებით კანონში ახალი რეგულაციები შემოვა

დისტრიბუტორთა საქმიანობასთან დაკავშირებით კანონში ახალი რეგულაციები შემოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ივა ჭყონიამ განუცხადა, კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი თავად ასოციაციაა, თუმცა მუშაობის პროცესში პარლამენტშიც არის ჩართული.

მისივე განმარტებით, ახალი რეგულაციები სადიტრიბუციო ბიზნესს „არსებული პრობლემებისგან დაიცავს, რომელიც საკმაოდ მრავლადაა“.

„საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომელიც რეგულაციებს გულისხმობს. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი დისტრიბუტორთა ასოციაციაა, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ პარლამენტის იმ წევრის დასახელებისგან, რომელიც ასევე აქტიურადაა პროცესში ჩართული, საკითხზე პარლამენტის იურისტები მუშაობენ, ასევე ვგეგმავთ, შეთავაზება გავუგზავნოთ ბაზრის წარმომადგენლებს, რათა შემდეგ რეგულაციები მათთვის სიურპრიზი არ იყოს“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

მისივე თქმით, დისტრიბუციის სექტორში არსებულ პრობლემებს შორის ერთ-ერთია ის, რომ ბაზრიდან არაერთი მსხვილი თუ მცირე მოთამაშე გადის, რომლებიც ათობით მილიონ ლარს ითვისებენ.

„ჩვენთვის მთავარია სახელმწიფოს გვერდში დგომა და არსებული პრობლემების ერთობლივად გადაჭრა. სადისტრიბუციო სექტორი საკმაოდ დიდია, ასობით მილიონი ლარი შეგვაქვს ბიუჯეტში და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არსებული პრობლემები, მათ შორის, ფულადი დანაკარგი, შემცირდეს. დისტრიბუციის სექტორს დიდი პრობლემები შეუქმნა არაერთმა მსხვილმა თუ მცირე მოთამაშემ, რომლებიც ბაზრიდან გავიდნენ და ათობით მილიონი ლარი მიითვისეს“, -აცხადებს ჭყონია.

ამასთან, დისტიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელი აცხადებს, რომ კონკურენციის სააგენტო უახლოეს კვირებში დაიწყებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და „რითეილერების“ ურთიერთობის მოკვლევას და უფრო ცხადი გახდება, რა მდგომარეობაა სექტორში.

„პროცესში ჩართულია კონკურენციის სააგენტოც და უახლოეს კვირებში უკვე იგეგმება ბაზრის მოკვლევა, პარლამენტის მიმართვის საფუძველზე და კიდევ უფრო ცხადი გახდება, სადისტრიბუციო კომპანიებისა და „რითეილ“ ბაზრის მონაწილეების მხრიდან, თუ რა პრობლემებია ბაზარზე. მთავარია ხელშეკრულებებში არსებული კაბალური პირობები, გადახდის პირობები, დროული გადახდის პრობლემა, რაც სადისტრიბუციო კომპანიებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის, ამიტომ ბევრი რამაა გასათვალისწინებელი და კანონის დონეზე დასარეგულირებელი“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს