ნაზი ჯანეზაშვილი - სერგო მეთოფიშვილი არავის აცდის ნორმალურად და კონსტუქციულად მუშაობას - თუ რამე კითხვები აქვს, პირველ რიგში თავის კოლეგებს დაუსვას

სასამართლოს რეფორმირების საკითხზე არსებულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არაწევრი მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, გიორგი ტყავაძე, მერაბ გაბინაშვილი, თამარ ალანია, ამიტომ, სერგო მეთოფიშვილს, თუ რამე კითხვები აქვს, პირველ რიგში თავის კოლეგებს დაუსვას, მათი გვარები დაასახელოს, ჩვენსას რომ ასახელებს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ნაზი ჯანეზაშვილი გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის განცხადებას, რომ ის სასამართლოს რეფორმირების საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში შეხვედრაზე არ მიიწვიეს. ნაზი ჯანეზაშვილის აზრით, სერგო მეთოფიშვილს ზოგადად, კონსტუქციული მუშაობა უჭირს და ადამიანებს საუბარს არ აცდის, თუმცა მისივე მოსაზრებით, ეს არ ნიშნავს, რომ მეთოფიშვილმა არაკონსტრუქციულობის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა სამუშაო ჯგუფში.

გარდა ამისა, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, აღნიშნულ სამუშაო ჯგუფში არ მონაწილეობენ იუსტიციის საბჭოს სხვა მოსამართლე წევრებიც: ირაკლი ბონდარენკო, რეზო ნადარაია, ირაკლი შენგელია. მისივე მოსაზრებით, შესაძლოა, აღნიშნული მოსამართლეებიც აპროტესტებდნენ იმას, თუ რატომ არ მონაწილეობენ სამუშაო ჯგუფში, თუმცა, ნაზი ჯანეზაშვილი არ გამორიცხავს, რომ ასეთ თემებზე მოლაპარაკედ სერგო მეთოფიშვილი ჰყავთ, იმ მიზეზით, რომ სავარაუდოდ, თვითონ არ უნდათ საჯაროდ გამოსვლა და „ოდიოზურად წარმოჩენა, ამ დროს ალაპარაკებენ სერგოს“.

„სამუშაო ჯგუფი შექმნილია ხელისუფლების სხვადასხვა შტოებისგან. პირველ რიგში, ეს არის პარლამენტი, საიდანაც წარმოდგენილია პარლამენტის სპიკერი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. შემადგენლობას მნიშვნელობა აქვს, თუ საიდან რამდენი ადამიანია წარმოდგენილი. ამ შეხვედრაში ასევე მონაწილეობს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ასევე არიან სასამართლოს მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის მოადგილე და მესამე სექტორის წარმომადგენელი. რაც შეეხება სასამართლოს, ამ ჯგუფში სასამართლო ყველაზე მასშტაბურადაა წარმოდგენილი და ეს აბსოლუტურად ლოგიკურიც არის, რადგან სამუშაო ჯგუფი სასამართლოს თემაზეა შექმნილი. სამუშაო ჯგუფში კი იუსტიციის საბჭოდან წარმოდგენილები ვართ, მე, ირმა გელაშვილი, ანა დოლიძე, გიორგი მიქაუტაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი. სამუშაო ჯგუფში არიან მოსამართლეები: თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე, ლევან მურუსიძე, მერაბ გაბინაშვილი. თუ სერგო მეთოფიშვილს კითხვების დასმა უნდა, პირველ რიგში, თავის წევრებს დაუსვას, რომლებიც იუსტიციის საბჭოს წევრები არ არიან, თუმცა არიან სამუშაო ჯგუფში. თუ ის აწუხებს მეთოფიშვილს, რატომ შეგვარჩიეს ამ სამუშაო ჯგუფში მე, დოლიძე და გელაშვილი, მაშინ ვისაუბრებ იმაზე, რაც ირაკლი კობახიძემ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განმარტა - ჩვენ წარვადგინეთ წინადადებები და პროექტები უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით.

ამ ჯგუფის ყველა შეხვედრას ესწრებოდა სერგო მეთოფიშვილი. ჩემს აზრს ვაფიქსირებ - ეს ადამიანი არავის აცდის ნორმალურად და კონსტუქციულად მუშაობას. თვითონ არის ასეთი კატეგორიის ადამიანი და უჭირს ადამიანებთან თანამშრომლობა. თუ უნდა მოვიდეს, დაჯდეს და ისაუბროს, მე პირადად, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ კონსტრუქციული თანამშრომლობა ამ ადამიანს ყოველთვის უჭირს, თუმცა არ ვამბობ, რომ სამუშაო ჯგუფში ამიტომ არ ჩასვეს“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვიოლმა.

ამასთან, ნაზი ჯანეზაშვილმა ისაუბრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 22 აპრილის ხდომაზე, გიორგი მიქაუტაძესა და სერგო მეთოფიშვილს შორის მომხდარ შეკამათებაზე, რა დროსაც მეთოფიშვილმა იუსტიციის საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს უთხრა, რომ მისი „ლექციების წაკითხვა არაფერში სჭირდება“. ნაზი ჯანეზაშვილი არ გამორიცხავს, რომ მათ შორის დაპირისპირებას ჰქონდეს ადგილი.

„შეიძლება ერთმანეთთან მიმართებაში რაღაც შიდა დაპირისპირებას ჰქონდეს ადგილი. არც ის არის გამორიცხული, რომ თანამდებობეს ვერ იყოფდნენ, რადგან ახლა არის გადამწყვეტი პერიოდი - უზენაეს სასამართლოში ვინ წავა და ვინ სად დარჩება. როგორც ჩანს, ეს ერთმანეთში გარკვეულ წინააღმდეგობას იწვევს. თან სერგო მეთოფიშვილი ის ფიგურაა, რომელზეც ვერ ვიტყვი, რომ სასამართლოს სიკეთე მოუტანა, პირიქით, გამოდის და მოსამართლეების სახელით ძალიან ცუდ რამეს ლაპარაკობს, სხვა კი მის ადგილას თავს შეიკავებს“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა