ეკა ბესელია - პრინციპულად მოვითხოვთ, რომ მომავალ კვირას პარლამენტმა მოსამართლეების შესახებ ჩვენი კანონპროექტის განხილვა დაიწყოს

პრინციპულად ვაყენებთ საკითხს, რომ შემდეგი კვირის პირველივე სასესიო დღეს პარლამენტმა დაიწყოს ჩვენი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იმ საჯარო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხთან დაკავშირებით სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" მიმდინარეობს.

ეკა ბესელიას თქმით, ჯერ კიდევ არის შანსი, შეიცვალოს ის ძალიან ცუდი ვითარება, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით შეიქმნა.

„ჩვენ ვართ მმართველი პარტიის მხრიდან საოცრად უპასუხისმგებლო დამოკიდებულების მომსწრე იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მოვამზადეთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით.

წინა კვირას პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროც არ ჩაატარა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ შესულიყო. პრინციპულად ვაყენებთ საკითხს, რომ შემდეგი კვირის პირველივე სასესიო დღეს პარლამენტმა დაიწყოს ჩვენი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა. ეს ის კანონპროექტია, რომელშიც ყველა რეკომენდაცია ასახულია, რომელიც აქვს ევროკავშირს, აშშ-ს საელჩოს, ევროკავშირს, ევროსაბჭოს, ეუთო-ს, ოდირს, ვენეციის კომისიას. ის წუხილი, რომელიც გამოხატეს აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებმა, რომ არ იყო მათი რეკომენდაციები გაზიარებული, აღმოფხვრილი იქნება თუ ის კანონპროექტი პირველი მოსმენით მხარდაჭერილი იქნება და კობახიძის ძალიან ცუდი კანონპროექტი, რომელიც მესამე მოსმენით გამოდის დაბრუნდება უკან მეორე მოსმენაზე. ეს რეგლამენტით შესაძლებელია. ჯერ კიდევ არის შანსი გამოსწორდეს ის ძალიან ცუდი ვითარება, რომელიც შეიქმნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ და დასძინა, რომ თუ გვინდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ დაიმსახუროს საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკული დასკვნები, ამის გამოსწორების დრო არის.

ეკა ბესელიას თქმით, საჯარო შეხვედრა აშშ-ს დემოკრატიული ინსტიტუტის და ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია საერთო ძალების კონსოლიდირება, რათა ხელისუფლებას მიაწოდონ მკაფიო მესიჯები, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს მოქალაქეებისთვის და ქვეყნის საგარეო იმიჯისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

"გვაქვს სხვადასხვა სამართლებრივი გზები, პერიოდულად და ეტაპობრივად ამ გზებს და საშუალებებს გამოვიყენებთ. ამ ეტაპზე ვართ კონცენტრირებული ამ კანონპროექტის მხარდაჭერით. შემდეგ ეტაპზე გვაქვს სხვა ინიციატივები, რომელსაც გავხდით საჯაროს",-აცხადებს ბესელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა